‘ქუჯი-2023’-ის მეორე პრემია დაიმსახურა ნინო მოდრეკილაძემ. ვულოცავთ!
ნინო მოდრეკილაძე — პოეტი. ცხოვრობს ქ. თბილისში. ის გახლავთ 3 პოეტური კრებულის ავტორი. ლიტ კონკურსების “ლექსების გამოფენა-2017” და “ხვარამზე-2019″ გამარჯვებული, ,ემიგრანტის წერილი” 2016წ – მესამე ადგილი;
ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი 2016 წ. – 1 – ლი ადგილი;
,,ოდეონი” – 2015 წ – მე – 3 ადგ; ,,მოდინახე” – 2016 წ – მე – 3 ადგ.
კუტმერია
კუტმერია გიჟი იყო,
ამბობდნენ, გააგიჟესო…
ჩავივლიდი მის სახლთან და გული მიკანკალებდა.
იჯდა ქვის კიბეზე, მართლა დაკუტებული –
ხელებწშიმოჭმუჭნული,
მრგვალი, წაუკითხავი წერილივით საინტერესო.
იჯდა და გაჰკიოდა…
ბავშვები და ქალები არ უყვარსო, – ამბობდნენ.
და ჩვენ… უცოდველი ბავშვები, გზა – გზა წამოვკრეფდით კენჭებს და უცოდველივე მზერით ვესროდით –
ბავშვებისა და ქალების არსიყვარულისთვის.
არ ინძრეოდა კუტმერია…
მხოლოდ ყვიროდა.
წელს… ნააღდგომევს, სოფელი
მოვინატრე.
ორსულს, მუცელში ვარდის კოკორი მიყვაოდა,
თითქოს გაზაფხული ვიყავი და
თითქოს მზე სულს მიქარგავდა…
თითქოს ელეუსას ღვთისმშობელი ფრესკიდან თვალებით გადმომეყვანა და
იესო ლოყით მომხუტებოდა. მივდიოდი და წითელგვირგვინიანი ჩიტბატონების ჟივჟივს ვუსმენდი.
გზად კუტმერიას გადავეყარე…
ლანდივით ასვეტილიყო სახლის წინ ამოღმართებულ გზაზე…
დაბერებული, გალეული,
დამწვარ – ჩანაცრული… ისევ წაუკითხავი წერილივით, ისევ საინტერესო.
იდგა და ავად მიცინოდა.
უნებურად ძირს დავიხედე,
გზაზე კენჭის ნასახი არ ჩანდა.
გამახსენდა, ქვებს რომ ვესროდი ხოლმე და ხელისგულები ამეწვა…
ისიც გამახსენდა, რომ კუტმერიას
არ უყვარდა ბავშვები და ქალები…
მე კი ორსული – ახლა ორივე ერთად ვიყავი…
მომიახლოვდა.
თვალებში ცეცხლი უელავდა…
- ქმარი გყაავს? – თითქმის ჩურჩულით მკითხა…
- შვილი?..
და უმატა ხმას… ამაზრზენად საშიშსა და მკვახეს… - ქმარი გყაავს? –
- შვილი?…
გაჰკიოდა კუტმერია და თითქოს უკანვე მაყრიდა ყველა ქვას, რაც კი მისთვის ბავშვობაში მისვრია…
მოვრბოდი და ჩემს მუცელში ერთმანეთს ცვლიდა ელვა – ქუხილი… - ქმარი გყაავს?
- შვილი?
ზანზარებდა ჩემი სხეული –
მიტოვებული ქოხივით თავსდამხობილი და უპატრონო. - რატომ გაგიჟდა კუტმერია?
- რატომ გაგიჟდა კუტმერია? –
ვცახცახებდი სიცხიანივით… - მერი საქმრომ მიატოვა და დარდით მუცელი მოეშალაო…
მთვარიან ღამით სოფელ – სოფელ დაირბინაო…
ყველა სახლში შეიხედაო..
საქმროს უკვე სხვა შეერთოო…
ის სხვა… აკვანს ჩაჰკონვოდაო… მზესავით ქალი იყო და სხივივით ბავშვი გაეჩინაო.
გაგიჟდებოდა, მა, რას იზამდაო…
შეიჯავრაო ბავშვი და ქალი… შეიჯავრა…
დაჯდა და დაკუტდაო. ღამე თეთრად დავითენე.
ფიქრით სოფელ – სოფელ დავირბინე…
თეთრი პერანგი ალაგ – ალაგ შემომხეოდა…
ყველა სახლში შევიხედე…
ყველა აკვანს თვალი შევავლე…
აღარსად იყო ბავშვი.
აღარც ქმარი…
მხოლოდ წყურვილი იყო.
შუშის გრაფინები თეთრი კენჭებით ამოევსოთ…
კენჭებიდან კუტმერიას კივილი ისმოდა… - შვილი გყაავს?
- ქმარი?
ჩემი მუცლიდან კი ტკივილები იკლაკნებოდნენ…
იკლაკნებოდნენ და იჭრებოდნენ…
თითქოს ცხელ რძეში
ხბოს მაჭიკი გადაერიოთ…
ნინო მოდრეკილაძე
ნწყარო: https://www.facebook.com/





























