ნუ შემაყოვნებ
ნუ შემაყოვნებ შენს აწმყოში,
მაინც მივდივარ,
ვერ გავჩერდები,
ქარიშხლებთან ვარ ბედნიერი,
შენ – დღე ნათელი, მზის ცრემლი და მე კი ბინდი ვარ,
მარტოსულობის მგზავრი ვინმე გადამთიელი.
და ეგ სიმშვიდე – მოგონილი – სხვისკენ მიმართე,
ჩემი ღელვისას ისმინება სულ სხვა აკორდი,
იმ პირველ წუთშიც, ელვასავით რომ დაგიმართე,
უფრო დაგშორდი, ვფიქრობ, ვიდრე დაგიახლოვდი.
ეს გზა ჩავლაა, შეყოვნებად, ძვირფასო, არ ღირს,
არც იარლიყებს იმსახურებს ამად და ამად,
მაინც გმადლობ, რომ შემეშველე ყველასგან დაღლილს,
და მაინც ღირდა ეს ცხოვრება ამხელა დაღლად.
































