✒️მამა ადამი. 🎞 ს ი ზ ი ფ ე.
ხმა ჩავიკმინდე.
სლუკუნიც,
ამოოხვრაც,
ამოღმუვლებაც
ჩავიხშე იქ –
გულს ოდნავ ქვემოთ და სტომაქს კი – ცოტათი ზემოთ.
და როდესაც სულის ამოტოლა,
ვულკანივით ლავის
თუხთუხს, ბუყბუყს, დუღილს თვლემა მოვგვარე,
შენს გამოხედვას მოვკარი თვალი
და შემიტოკდა ის, რაც, არც კი ვიცი, სად არის კაცში,
ოღონდაც – არც გულშია და არც ძარღვებში!
ამ მიზეზით დავაპირე ჩამეხედა სულის კრატერში –
რაკიღა ტკივილად ქცეული ის –
რაც არც კი ვიცი, სად არის კაცში,
ცეცხლის ენებს ჩაექსოვა იქნებ ლავაში!
მერე კი –
ბრმაც დაინახავდა,
ყრუც გაიგონებდა,
ბალღიც იგრძნობდა,
რომ ამოხეთქავდა.
თანაც ამონთხევას
ღობეზე შემომჯდარი ქათამივით
ხელის აქნევა არ სჭირდებოდა,
არც შეძახილი „აქშა, აქშაო!“
მაგრამ ქათმის ყურისა და თვალის იმედად
ჩადგომია განა ვისმე გული საგულეს:
ამოოხვრა რომ, ან სლუკუნი, „აქშად“ მოესმას?
მითუმეტეს ამოღმუვლება!
მერე ლავას ვინ შეაჩერებს?
ამიტომაც ჩავიკმინდე –
კრინტს არ ვძრავ,
ჩავიწყვიტე.
ასე უფრო სიზიფეს ემსგავსები –
არ იცი
(წინასწარ ვერ გამოთვლი)
როდის ამოიწურება დრო და მანძილი
და დაგორდება ქვა.
ოღონდ შენ ამჯერად გვერდზე არ გახტები,
ქვა შენს სხეულზე გადაივლის –
ამ აზრს შეეჩვიე!
თანაც ისე გამკვრივებულხარ, რომ
ლავაშივით ვეღარ გაბრტყელებს,
ქვის ქანდაკივით
ფორმაუცვლელს და დაუმტვრეველს
გატოვებინებს ანაბეჭდს გზაზე.
ასე ცხოვრობ შენ ახლა –
ახალი სიზიფე:
ჩაჭედილი ამოდიხარ მიწის კუბოდან,
მიწის იარის ნაწიბური,
ხელს მოიჩრდილებ, რომ იპოვო სანუკვარი ქვა
და მისკენ იძვრი.
მიდიხარ თავქვე,
რაკიღა შიში გადახედვის სულის კრატერში,
სულის უფსკრულში, ვერ დაძლიე;
რაკიღა სნება-სატკივარად ქცეული ის –
რაც არც კი იცი, სად არის კაცში, –
გეგულება ჩაქსოვილი ცეცხლის ენებით შიგ მაგმაში.
მაგრამ სიტყვასაც ვერ გადააქცევ ცრემლებად ახლა –
ამისთანა მეტამორფოზის რთულ რეაქციებს
თან ახლავს ხმები წამოტირების,
მოთქმის,
კივილის
და მაგმის ფრქვევის!
ისევ ხმა ჩავიწყვიტე.
ენა ჩავიკმინდე.
სლუკუნიც, ამოოხვრაც, ამოღმულვაც
ჩავიხშე იქ შიგნით –
თირკმლებამდის და ნაწლევამდის.
…აი, ლოდი სანუკვარი.
შევეჭიდე
მტევნებითაც, მკლავებითაც, მხარ-ბეჭითაც,
თეძოებსაც მივახმარ
და ფეხსაც დავუდებ, ერთსაც და მარცხენასაც,
მუხლებსაც,
ზურგითაც შევაჩერებ –
არ დაგორდეს დროზე ადრე
(წინასწარ რას გამოთვლი წუთს და მანძილს!).
იმათ ჰგონიათ სიზიფეს ტანჯვა ამ ქვის ზიდვაა
და არ იციან, ჯოჯოხეთის სატკივარი კრატერში დუღს,
მწვერვალებქვეშ,
ლავის ძარღვებთან გადაწნული,
და ვინ გეტყვის:
– ო, სიზიფე!
ერთხელ მაინც მიატოვე ეგ შენი ქვა
და თვალის გუგებში ჩააცქერდი,
მერე ჩახედე
შენ რომ არსებობ,
იმ არსებობის არსებობას, განადგურებულს –
რაკიღა სულმთლად სენ-ტკივილად ქცეულა ის –
რაც არც კი იცი, სად არის კაცში
და მაინც გტკივა,
და მაინც გტკივა,
ფ ა ნ ტ ო მ ი ვ ი თ !
…–2018 წლის 28 აპრილი























