დღეს წირვაზე წაკითხულ იქნა საკვირაო სახარება – იგავი ლაზარესა და მდიდარზე: ლუკა 16, 19-31.
- კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. 20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. 21. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. 22. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. 23. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. 24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. 25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. 26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. 27. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, 28. რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. 29. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. 30. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. 31. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.
გთავაზობთ ამ სახარებით შთაგონებულ ჩემს ლექსს, რომელსაც ჰქვია “ლაზარეს ძაღლები”.
ამ ლექსის სათაურს რომ ჯერ ვერც კი წაიკითხავენ
და ძაღლებს ისე იყნოსავენ,
გაიხსენებენ ყველაფერს,
საწყალ პოეტებსაც და ბრწყინვალე მეტრებსაც
რაც რომ დაუწერიათ ამათ მშიერ, გაადამიანურებულ თვალებზე,
ძველი პროფესორებივით დიდრონ თავებზე,
სანადიროდ გამოსული მაძებრებისნაირ გაცოფებაზე…
მერე ნერწყვით შესველებული საჩვენებელი თითით
დაუნდობლად გადაგფურცლავენ
და ვერაფერსაც ვერ ეტყვი,
იმდენ დღესა და ღამეს საკუთარს –
ერთხელ მიცემული სიცოცხლის არც თუ ვეებერთელა
ასხმულადან –
მოქცევიან ამდაგვარად, უარესადაც.
უკეთესი იქნებოდა რამე გეღონა,
მაგალითად, სათაურში ძაღლის მაგივრად
გეხსენებინა რამე უფრო მეტად ჟინისა და ვნების აღმძვრელი.
თუმცა რაკიღა ამ ლექსს მათთვის კი არა, ძაღლებისთვის წერ, რა გადარდებს?
ღამით შინ რომ მილასლასდები,
მეზობლები – ისევ ჩამსკდარაო, რა ენაღვლებაო,
ჩვენ წელებზე ფეხს ვიდგამთო,
მაგას ნაჯღაბნსა და ნაბოდვარში აძლევენ ლუკმა ჭადსაც
და ნივრიან პურსაცო,
ხანდახან – ძეხვსაც კიო ძაღლებისთვის,
განა ჩვენი ბავშვებისთვისო…
გადასავათებული რომ დაეგდები იმაზე,
რასაც შენს ბავშვობაში სავარძელი ერქვა,
მოვლენ ისინი!
ადამიანები კი არა –
ლაზარეს ძაღლები
და აგილოკავენ ყველა წყლულს,
დაჩეჩქვილ ჭრილობას,
მტკივნეულ ნაიარევს!
როგორ არ ჰგვანან ერთიმეორეს ეს ძაღლები,
როგორც შენი ნაცნობ-მეგობრები ან ოჯახის წევრები:
დოფანა მართლა დასავითაა, დობილივით,
მგელიკა თავის მოდგმის ერთგულებით სავსეა
და სულ უღალატო,
ფლავუნა დედასავითაა,
ლორდიკა – მეზობელს ჰგავს პირველი სართულიდან,
ნადირა – პაპას,
შტურმანას იქით უნდა მიხედვა,
ჯულიარდს – შექება,
ნიკულინს – თავზე ხელის გადასმა…
აკი ძაღლი კაცთან რომ დააბაო,
რომ ამყოფოო იმის გვერდში დიდხანს,
ახლოს – საძინებელშიც,
ზნესაც იცვლის და იცვლის ფერსო…
ჰოდა, რაკიღა ძაღლურს დაივიწყებს,
კატურს შეუღრენს,
ღორულს არ იკადრებს,
ხარივით უღელში ვერ შეებმება,
ისღა დარჩება – ადამიანს დაემსგავსოს.
კარგა ხნის მერე, მაშინღა მხოლოდ,
სახლიდან რომ გამოაგდებენ,
მიხვდება,
ერთადერთი სწორი,
ყველაზე ჭეშმარიტი გადაწყვეტილება რომ მიიღო –
ვიღაც ხომ უნდა ჰგავდეს ამქვეყნად ადამიანს!
დაიწყებს ძებნას –
მას რომ ჰგონია, როგორიც უნდა იყოს ადამიანი – იმისთანის!
იწანწალებს
ეზო-ეზო,
ქუჩა-ქუჩა,
უბან-უბან,
ბეწვს გაიცვენს,
ფერდებს ჩაიცვენს,
ფეხებს დაიკოჭლებს,
პირს, ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოისისხლიანებს,
კუდი რაა, იმასაც მოიკვნეტს,
თვალებს ამოიღამებს
მოედნებზე და კოლოსეუმთან
ადამიანების თვალებში შეშტერებით,
ღობეებს იქით, ბაღებსა და ფანჩატურებში
გაფაციცებული ცქერით:
იქნებ იქ არის, იმათ შორის!
ბოლოს, დაღლილი მიეგდება
ერთი ამისთანა მაღალი ღობე-გალავნის ძირას,
ჭიშკრიდან კარგა მოშორებით
და სულ ნახევარი წუთითაც კი არ ჩასთვლემს,
ზუსტად არც იცის, სიზმარს ნახავს, თუ ფიქრებში გაერთობა,
გააღვიძებს რაღაც კარგის წინათგრძნობა,
ძაღლური ყნოსვით იგრძნობს სიახლოვეს ადამიანის –
მას რომ ჰგონია, როგორიც უნდა იყოს ადამიანი – იმისთანის!
ცოცვა-ცოცვით, გამოცდილი მზვერავივით იქით გახოხდება.
და თუმცა კუნაპეტი ღამეა
და თანაც ისეთი სუსხია, თვალის გახელაც არ გინდა,
მიუჩოჩდება ერთ ღვთის გლახას,
მიუწვება,
ჩაეხუტება,
თათებს საიმედოდ დაადებს ზემოდან დედასავით
და დაელოდება,
მზის სხივი როდის ჩამოაღწევს ამ ღობის ძირამდის,
რომ მხოლოდ ერთხელ ჩახედოს თვალებში,
სიამოვნებისგან წამოიწკმუტუნოს,
ზეცას შეჰყმუვლოს სამადლობელი;
მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო,
გლახის მკერდიდან ჩამოცურდეს,
მის დამსკდარ, შეუმოს ტერფებს მიუცუცქდეს
და ლოკვა დაუწყოს.
























