დედას ნაცნობმა დღეს რამდენიმე ცალი სოხუმური მანდარინი უწილადა
დედას ნაცნობმა დღეს რამდენიმე ცალი სოხუმური მანდარინი უწილადა. ახლობელს სოხუმიდან მისთვის ნობათი ჩამოუტანია. ისიც კიდევ რამდენიმე ცალობით სოხუმელებსა და თბილისელ მეგობრებს უნაწილებს ახლობლის ბაღის მანდარინის მოსავალს.
რა დიდი რამეა, იფიქრებს ვიღაც. განა ბაზრები მანდარინით გამოტენილი არაა: ეს ხეთისაო, ეს ოზურგეთისაო, ეს კიდევ გონიოსიო. აირჩიე, რომელიც გინდა. გაფცქვენი და მიირთვი ეს ტროპიკული ხილი, ქართული რომ გამხდარა ამასობაში.
დედაჩემის ნაცნობი კი რამდენიმე ცალობით არიგებს სოხუმურ მანდარინს. ნახე, რა გემრიელია, აფხაზეთის მანდარინი სხვანაირად გემრიელია, – ეფერება ნარინჯისფერ ხილს, თითქოს მის სახლს უყურებს, სოხუმს უყურებს, ზღვაურს ჩაისუნთქავს ხარბად, იოდი არ მოაკლდეს უაფხაზეთოდ აწ უკვე დაბერებულ სხეულს.
მანდარინი ახლა ხილი არაა მხოლოდ, ის „იქაურობაა“, აქაურობას რომ არ ჰგავს, იქაურობაა – მის ახალგაზრდობას რომ ინახავს, უაფხაზეთოდ აქაურობაში გარდაცვლილ ახლობლებს „ცოცხლად“ რომ იფარავს.
მანდარინი ახლა მისი ნანინანატრი სოხუმია…
…სოხუმში, ჩვენს პატარა ეზოში ათამდე (მგონი, ისიც არა) მანდარინის ხე გვქონდა. აქედან, ერთი მათგანი პატარა ზომისა იყო (150 სმ). მაგრამ, ყველაზე ადრე, ოქტომბერში, სწორედ მისი ნაყოფი აოქროვდებოდა.
სკოლიდან მოსული, ამ ხისკენ მივრბოდი საოცრად გემრიელი მანდარინის დასაგემოვნებლად. მე და ია რომ შევესეოდით, დიდი დრო აღარ სჭირდებოდა ხეს, ოქროსფერი ნაყოფისგან „გასამელოტებლად“.
სიყვარულით უვლიდნენ ჩემი მშობლები ამ მცირე „ბაღნარს“. ელოლიავებოდნენ, წამლავდნენ, სარეველას აშორებდნენ…
„ახალ მეპატრონეს“ ჩვენს ეზოში მანდარინის ბაღი კი არა, მხოლოდ ერთი – ფორთოხლის – ხე დაუტოვებია. გუგლის რუკამ გამანდო ეს ამბავი.
მამას ვუთხარი, ასე გაუკეთებიათ-მეთქი და ასე გარკვევით ჩანსო, შემეკითხა.
-წამო, განახებ-მეთქი.
-არ მინდა, – სევდიანი თვალებით მომიგო მამამ…































