
პატიმრის ერთი ფანჯარა
მეოთხე ნაწილი
რომის საემიგრაციო ციხის კანონებს, ერთი შეხედვით ყველა ემორჩილებოდა, მაგრამ შიგნით ის ხდებოდა, რაც ყველა ციხეში. ქალთა განყოფილება რომ იყო, ეს არაფერს ცვლიდა, აგრესია და ძალდობა აქაც გამეფებულიყო.
ქართველი პატიმარი საწოლზე იჯდა და კედელზე დახატულ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს ყურადღებით აკვირდებოდა. ვინ იყო ის ქართველი ქალი, რატომ მოხვდა აქ? წამოდგა, საწოლზე ფეხებით შედგა, რომ უფრო მიახლოვებოდა და კარგად დაკვირვებოდა ერთმანეთზე მიჯრით დახატულ ეკლესიებს. ყველაზე დიდი ეკლესია, მცხეთის მონასტერი ,,სვეტიცხოველი“ იყო. მის კარზე, რომელიც ღერძებზეა განთავსებული , თორმეტი ადამიანის ფიგურაა გამოსახული, ალბათ მათში თორმეტ მოციქულს გულისხმოდა. კარების წინ ,,ბიბლია“ იდო, ამ აღმოჩენით გაოცებულს, თვალები ცრემლით აევსო. გუმბათის ზედა ნაწილში, სადაც ჯვარს მკლავების განშტოება აქვს, ქართული ხუთჯვრიანი დროშა დაუხატავს. ქართველმა გაიფიქრა, ისე არ გავიდოდა აქედან, რაიმე წარწერას დატოვებდა და ეკლესიებს შორის, თვალებით ძებნა დაიწყო. პატარა ეკლესიის წინ, რომელიც ქაშუეთის წმმინდა გიორგის ეკლესიას გავდა, ძალიან წვრილი ასოებით ეწერა ,,ათი მცნება“ . მათ უკან პატარ-პატარა ტაძრები მოჩანდა, რომელთა შორის, ბილიკივით დარჩენილ კედლის სიგრძეზე ,,ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო“ გაფანტული ასოებით ჩაუწერია. ეძებს, ეძებს, შეუმჩნეველი არაფერი დარჩეს, თითქოს დღესვე ტოვებდა ციხის უღიმღამო საკანს.
საკნის კარის გაღების ხმას ძახილი მოჰყვა: – ქართველო! მოდი შენი წილი აიღე, ან ყავა, ან სიგარეტი, ან ტელეფონზე დარეკვის ერთჯერადი ქვითარი. ეს ციხის ზედამხედველი კარლა იყო. გახარებულმა, რომ შესაძლებლობა მიეცა მეგობარს დალაპარაკებოდა, მადლობა გადაუხადა და სხვა პატიმრებთან ერთად შევიდა კუთვნილის ასაღებად. ტელეფონის ქვითარი აიღო და კმაყოფილი, ოთახისაკენ წავიდა, სადაც პატიმრები ტელეფონით სარგებლობდნენ. ზურგზე, მთელი სიძლიერით ხელის კვრა იგრძნო, წინ გადავარდა და მარმარილოს ცივ ზედაპირს, სახით დაენარცხა. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, წამოდგომისას დაინახა, რომ ქვითარი ხელში აღარ ეჭირა. არსაით არ გაუხედია, არ სურდა დაენახა, ეს ვინ გააკეთა. სეირის მაყურებელნი, ხარხარებდნენ და ინტერესით იყურებოდნენ, კიდევ რა მოხდებოდა. მოულოდნელად, ჩოჩქოლი ატყდა და გინებაც გაისმა. ქართველმა, მკლავზე ხელის მოჭერა იგრძნო, ეს აფრიკელი ალანა იყო, ტელეფონის ქვითარი უსიტყვოდ დაუბრუნა და გაბრუნდა.
საღამოს ექიმის საათი ჰქონდათ. ქართველს, ალბანელი ზერინა მიუხლოვდა და ჩურჩულით უთხრა: – იღბლიანი ხარ შავთმიანო, ალანა შენი მფარველია. გრეტას, მარტო მისი ეშინია, მაგრამ შავკანიანი, მალე გადის აქედან და შენც თუ არ გაასწარი, გრეტას ლუკმა გახდები. ისე, რომ იცოდე, ჩვენთან ბევრი ასეთი გრეტაა. ნელა-ნელა გაგეცნობიან და სეირის მაყურებლისთვის დამახასიათებელი ხითხითი მიაყოლა. სათქმელი კიდევ დარჩენოდა და დაბალი ხმით დაამატა, იცი სახელი ალანა ,,ლამაზს“ ნიშნავს.
ნუ ამბობ, რომ შენ უდანაშაულო ხარ, რადგან აქ მოხვდი, შენც ჩემსავით დამნაშავე ხარ. მე შენ, ერთ ღამეს, ყელს გამოგჭრი, გესმის! ქართველს, გრეტას მუქარა გაახსენდა და ტანში გააჟრჟოლა. მასში, საკუთარი სამყაროს და ღირსების დაკარგვის შიში, ნელა-ნელა შრეებად ილექებოდა.
ქართველი პატიმრის საქმის მსვლელობა წინ, კუს ნაბიჯით მიიწევდა და აქ, რა დროს გაატარებდა, ამაზე ვერავინ პასუხობდა.
ყოველი დილა ცდილობდა, გისოსებით დაგმანულ სარკმელში, მზის ათინათი მაინც დაენახა, რომელიც მიუხედავად დეკემბრის თვის, დედამიწას მაინც სტუმრობდა. სარკმელს, პატიმრის ერთი ფანჯარა შეარქვა.
ლიბიელ აიშას, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა, ყველა თავისებურებასთან ერთად, ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. ყოველ საღამოს, შეძლებისდაგვარად იმოსებოდა ხან თავისი, ხან კი პატიმრებისგან წართმეული სამოსით. ( პატიმარს ერთხელ, რომელმაც კაბაზე უარი უთხრა, ყელში, ხელი ისე წაუჭირა, ოთხმა პატიმარმა, ძლივს გააშვებინა.) ისე, როგორც დიდ სცენაზე, როლში შეჭრილი თვალებს დახუჭავდა და გარკვეული წამები, ქანდაკებასავით გაქვავდებოდა. სიმღერას დაიწყებდა და თავისივე ხმას, ცეკვასაც აყოლებდა. არავინ იცის, ამ დროს, რა წარმოსახვები ჰქონდა, ოცნებით სად მიფრინავდა, ან რას განიცდიდა. ერთი კი არის, სახე გაცისკროვნებული და ბედნიერი უხდებოდა. საკანში გამოკეტილი პატიმარი ქალების ცხოვრებაში, ალბათ ეს ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც სულ ცოტახნით მაინც, თავს ბედნიერად გრძნობდნენ. ყველა თავის წარსულის წუთებს ებღაუჭებოდა, რომელსაც ვერ დაიბრუნებდნენ. ამ დროს, პატიმრების მოძულე გრეტაც კი, თავითვის ოცნებაში წასული, თვინიერი იჯდა. არავის აღარ ანაღვლებდა, აიშას მიერ წართმეული სამოსი. ეს იყო წუთები, რომელსაც ყველა ისე აღიქვამდა, როგორც სამყაროს რეალობას. ამ ილუზიებს, აიშას სიმღერით გაბრაზებული ღამის მორიგის ღრიალი და კარზე ბრახუნი აქრობდა.
ზოგჯერ წარმატება, წარუმატებლობის დამარცხებაშია.
L aotore #EkaOtarashvili























