ჩაეშვა გამოსაცემად ჩემი ახალი ნაშრომი “ჰაიდელბერგული ჩანაწერები ილია ხიმშიაშვილი-გზა თურქეთიდან გერმანიამდე” წიგნი წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ქართველ მკითხველს გავაცნო ევროპაში, კერძოდ გერმანიაში მოღვაწე თურქეთელი ქართველი ილია ხიმშიაშვილი (აბდურაჰმან ჩეთინქაია) , რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება ქართული საქმის კეთებას შეალია.
2019 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „დაადისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სტიპენდიის ფარგლებში დავიწყე ევროპაში მცხოვრები გამოჩენილი თურქეთელი ქართველების (თურქეთელი ქართველების ევროპული დიასპორის) კვლევა. ეს გახლდათ შვედეთში მოღვაწე შალვა თევზაძე (შანვერ აქინი)
-2021 წელს გამოიცა
ჩემი ნაშრომი- „ორგზის მუჰაჯირი საბა ართვინელი, (შალვა თევზაძე)“
და გერმანიაში მცხოვრები ილია ხიმშიაშვილი (აბდურაჰმან ჩეთინქაია) მათი გადაკვეთის წერტილი თურქეთსა და ევროპაში ქართველებში მიძინებული ეთნიკური თვითშეგნების გამოღვიძება იყო, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს განვითარებაში.
წინამდებარე ნაშრომი მიეძღვნა ილია ხიმშიაშვილს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად რთული გზა განვლო თურქეთიდან გერმანიამდე. მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა საქართველოსთან, „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების“- მეშვეობით და პოსტ საბჭოთა საქართველოსთან. ნაშრომი ეფუძნება 2008 წელს ილია ხიმშიაშვილთან ეპპელჰაიმში პროფესორ პაატა ბუხრაშვილის მიერ ჩაწერილ ინტერვიუსა და 2019 წელს ილიას ქალიშვილი ნინო(სევიმ) ხიმშიაშვილის ეპპელჰაიმში პირადი მიწვევით, მამის პირად არქივში ჩემს მიერ დამუშავებულ დოკუმენტურ, ფოტო და აუდიო მასალებს. ნაშრომში მოცემული ფოტო და დოკუმენტური მასალის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. ვფიქრობ ნაშრომი საინტერესო იქნება არამხოლოდ თურქეთელი ქართველების კვლევით დაინტერესებულთათვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. ეს გახლავთ კიდევ ერთი თურქეთელი ქართველის ისტორია, რომელიც სამი ქვეყნის გზაჯვარედინზე-თურქეთი-საქართველო-გერმანია, ისტორიული პერიპეტიების ფონზე ახერხებდა ვალი მოეხადა საქართველოს წინაშე. სწორედ მისი მეცადინეობით 1991 წელს ეპპელჰაიმში (ჰაიდელბერგთან ახლოს) გაიხსნა საქართველოს მოედანი-Georgienplatz)



























