Kakaha Kvashilava
ჩვენი ძალა ერთობაშია
სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ისლამი და კათოლიკობა რომ არ მიეღო, დღეს ეს მიწები ქართული არ იქნებოდა.
ოსმალური მიწათმფლობელობა მიწის მესაკუთრედ (ისლამში არსებობს მიწის მხოლოდ დროებითი მფლობელობა) მხოლოდ მუსლიმს აღიარებდა, რომელიც, ამასთანავე სამხედრო საქმეშიც იყო ჩართული და, შესაბამისად, მიწა მას სამხედრო სამსახურისთვის თიმარად (ბენეფიციუმად) გადაეცემოდა.
კათოლიკეებთან ურთიერთობებს ოსმალები უფრთხილდებოდნენ და ამიტომ კათოლიკეებს ქრისტიანობის თავისუფლად აღსარების უფლებას აძლევდნენ.
ასევე იყვნენ სომხების მიმართაც.
ამიტომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთა ნაწილი გაფრანგდა (ანუ კათოლიკე გახდა) ან გასომხდა (ანუ გრიგორიანელობა მიიღო).
მათ ამგვარად გადაწყვიტეს ქრისტიანობაში დარჩენა. ამის შესაძლებლობა კი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა და მათ ისლამი მიიღეს, რომ მშობლიური მიწა მაინც შეენარჩუნებინათ.
ირანში გადასახლებულმა კახელებმა ისლამი მიიღეს, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილთ, ჯიზიას წესით არ გაღარიბებულიყვნენ და ხელისუფლებისგან ისეთი ნდობა მიეღოთ, უცხოეთში ერთად შეყრილი ქართველები არ გაეცალკავებინათ. ამით ფერეიდნელებმა ქართული ენა შეინარჩუნეს.
ირანის მეორე პროვინციაში – მაზანდარში – განსახლებულმა ქართველებმა ენაც დაკარგეს და ერთმანეთი რომ ეცნოთ სპარსელ-თურქმანებში გვარად „გორჯი“ (ქართველი) დაირქვეს.
აი, ასე ვართ ქართველები მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და გრიგორიანულ ქრისტიანობაში, სუნიტურ და შიიტურ ისლამში გაფანტულნი.
ყველანი ქართველები ვართ, ერთი „დედაენის“ შვილები!
„ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“.
ვინც მუსლიმი, კათოლიკე, გრიგორიანელი ქართველის სარწმუნოებას გაუსვამს ხაზს და ამით ქართველობას დაუწუნებს, კრემლის საქმეს აკეთებს, ნებით თუ უნებლიედ, საქართველოში და ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ.
ჩვენი ძალა ერთობაშია.
























