ანკარა — თურქეთის დედაქალაქი ) 1923 წლის 13 ოქტომბრიდან) და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი სტამბოლის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობა 2024 წლის აღწერით 5.782.285 შეადგენს ) და მდებარეობს ზღვის დონიდან 938 მ სიმაღლეზე.
ახლად შექმნილი რესპუბლიკის დედაქალაქის ანკარას დაგეგმარება და გაშენება ეკუთვნის ავსტრიელ არქიტექტორს Ernst Arnold Egli -ის. (1921-1938 ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში ნაცისტურ რეჟიმს ბევრი პროფესიონალი გამოეხიზნა თურქეთში, რომელნიც ათათურქის მხარდაჭერითა და მფარველობით აქტიურად ჩაებნენ ახალი ქვეყნის აღმშენებლობაში. ანკარის ცენტრალური ქუჩები ამიტომაც მოგვაგონებს ბერლინს…
ქალაქს უწინ ანგორა ან ენგიურიუ ერქვა, რომაულ, კლასიკურ და ელინისტურ პერიოდებში კი ანკირა ( Ἄγκυρα – Áŋkyra). ქალაქი 10 ათას წელს ითვლის… ანკარა იყო კელტური სამეფოს გალათიას დედაქალაქი, რომაელების დაპყრობის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 25 წელს) იგივე სახელწოდების პროვინციის ცენტრი.
ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო.
ისტორიულად ქალაქი განთქმული იყო აქ მოშენებული განსაკუთრებული ჯიშის თხებით, დამახასიათებელი გრძელი ბეწვით და მისგან დამზადებული შალით (ანგორას შალი), ასევე განსაკუთრებული ჯიშის კატით (ანკარას კატა), თეთრი კურდღლებით, მსხლით, თაფლითა და რეგიონის მუსკატის ჯიშის ვაზით, რომელიც გაშენებული იყო ახლანდელი გაზიოსმანფაშას რაიონში .
რა უნდა ნახოთ ანკარაში?
ანითქაბირი – ითარგმნება როგორც მემორიალური საფლავი და წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმს. აქვე, ათათურქის გვერდით არის დასაფლავებული ქვეყნის მეორე პრეზიდენტი ისმეთ ინონუც. მავზოლეომი მოიცავს ოთხ ნაწილს: ცერემონიალების მოედანს, ლომების გზას, ღირსების დარბაზსა და მშვიდობის პარკს. მაგალითად, “ლომების გზა” არის საფეხმავლო ხეივანი, რომელსაც ორივე მხარეს 12 წყვილი ლომის ქანდაკება ჩაუყვება. აქ ლომები მჯდომარე პოზაში არიან, რაც სიმბოლურად მშვიდობასა და ძალაუფლებას ნიშნავს.
ანკარის ციხე-სიმაგრე – გაჰყვებით ფილაქნებიან, ვიწრო ქუჩას, სადაც სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მდებარეობენ, იქნება ეს სუვენირების, პირსახოცების, ქსოვილების, სუნელებისა თუ მინერალური ქვების. მეტიც, ანკარას ამ ნაწილში ხშირად შეხვდებით ოსმალეთის პერიოდისთვის დამახასიათებელ თეთრ, ხისა და ქვისგან ნაშენ სახლებს.
ანატოლიის ცივილიზაციათა მუზეუმი, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ასე სრულფადაა წარმოდგენული ხეთური ცივილიზაცია.
ულუსის უბანი, პირველი პარლამენტის შენობით, ეთნოგრაფიული და ხელოვნების მუზეუმებით…. აგრეთვე პატარ-პატარა დუქნებითა და „ლოკანთებით“, რომელნიც დედაქალაქის სხვადასხვა პერიოდის ისტორიებს ინახავს…
ანკარაში მთავარ ისტორიულ ადგილად ასევე მიჩნეულია ჰამამნონუს უბანი. ამ ადგილის ისტორია უკავშირდება პერიოდს, როდესაც ანკარა გახდა თურქეთის დედაქალაქი, თუმცა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ფუნდამენტი გაცილებით ძველია.
ასევე თანამედროვე ანკარას წინამორბედი ქალაქის ანკირას ღია ცისქვეშა მუზეუმში კი წარმოდგენილია რომაული აბანოების ნანგრევები. ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა მე-8 საუკუნემდე. მოგვიანებით, ხანძარმა გაანადგურა მისი ძირითადი ნაწილი და დღეს შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული და საძირკველი.
აღსანიშნავია ქოჯათეფეს მეჩეთი, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი მეჩეთია. იგი აშენებულია 1967-1987 წლებში.
ქალაქის ცენტრში დაისვენეთ ქუღულუს პარკში. სადაც ქუღუები ანუ გედები დაცურავენ…
და თუ რამე გამომრჩა, თქვენ დაუმატეთ… 🙂 <3
































