🔹2025 წლის 13 აპრილს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი, საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, სტამბოლში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მიერ ერთობლივი ძალისხმევით გამართულ ქართული ენის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
🔹ღონისძიების ფარგლებში სტამბოლში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა – ქართული პოლიფონიური კომპოზიციები შეასრულა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ანსამბლმა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თურქეთში მოღვაწე კალიგრაფის, სელამი გუმუშის ნამუშევრებს. დიასპორული ორგანიზაციების მიერ გაიმართა ქართულ ენასთან დაკავშირებული თემატური გამოფენები.
🔹დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ასევე ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

🔹აღსანიშნავია, რომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს ჩართულობით, ქ. სტამბოლში მოქმედ ასოციაციებს გადაეცათ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.






























