მამა ადამი
ვითომ ჩიტი-გვრიტი იყო
დედეების მოდევნებულ ოხვრას გამოჰყოლია,
ბათუმიდან ისტანბულში მიფრთამალობს თოლია.
თითქოს ქარიშხალა იყოს,
ვითომც მოლაღურია!
შეხეთ, ნატვრაც, ფრენაც, ძალაც, მზერაც ჩვენებურია.
ღრუბლებს იქით გავედევნე, დარდი აღარ ნელდება:
- იქ ხომ ოშკი მეგულვება, ცეკვა იმერხეველთა!
- იქ „გელინოს“ იმღერიან.
- იქ ბაბუას ძმებია…
ჩიტებსაც კი ქართველებზე კაი ბედი რგებია.
წუხელ ისევ დამესიზმრა: სტამბულის ცას შორიდან
მოფრენილი შერეოდა ფრთებდაღლილი თოლია.
ვითომ მოლაღური იყო,
თითქოს დაფრთხა გნოლია…
სად იტევდა ამდენ სევდას, განა კაცის ტოლია?
ვითომ არც გზა აბნევია, თითქოს არც უთოვია,
ვითომ ჩიტი-გვრიტი იყო, თითქო ბიჭო-გოგია,
დედეების მოდევნებულ ოხვრას გამოჰყოლია,
ჩემ სულიდან თქვენს სულამდე მოფრინავდა თოლია.
























