მარი ჟღენტი
ლიკა ქავჟარაძე!
1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა ქართული გენის ღვთიური დახვეწილობის ხილული მტკიცებულება – ლიკა ქავჟარაძე!
წამი ლიკა ქავჟარაძის საფლავთან
ვდგავარ, ვუცქერ ირმის ნახტომს, შენს თეთრ შუბლზე
წარბად გაშლილს,
ეს ღიმილიც, მარიტასი, ორი ქვეყნის
საზღვრებს წაშლის.
თვალზე მწყდება ცრემლის წვეთი, ამ ცივ ქვაზე
სალიცლიცოდ,
ეჰ, თბილისმა – თავის დროზე – ვერც შეგიცნო,
არც  შეგიცნო…
მზე ძაფებად ექსოვება ბალახების
შარიშურებს,
სხვისთვის ნაყიდ წითელ ვარდებს ვიღაც…შენთვის
არ იშურებს.
ჭორთათმენით დაქანცულო, ნუ დარდობ, რომ
ჩრდილქვეშ წევხარ,
მაინც… ისევ… ძველებურად… საქართველოს
პირიმზე ხარ!
შენს სურათთან – გაოცებით – ქარიც იცხრობს
შარიშურებს
და მოტანილს სხვისთვის ვარდებს… ბიჭი…  შენთვის
არ იშურებს!
მარი ჟღენტი
 
                                                                                                
							








 
  
 













