ძვირფასო მეგობრებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და გისურვოთ, მშვიდობიანათ გეცხოვროთ თავისუფალ, ძლიერ და სულ მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მყარად დამკვიდრებულ საქართველოში! აქვე მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს, პირველ ყოვლისა კი მის დირექტორს, ბატონ როინ მალაყმაძეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბორჩხაში 24-25 მაისს სამეცნიერო კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ხსენებულ კონფერენციას კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შესძინა იმან, რომ მას მრავლად ესწრებოდნენ თურქეთელი ქართველებიც. მათ შორის ბრძანდებოდა ქალქ ბორჩხის ქართველი მერი ერჯან ორჰანი (დავითაძე). კონფერენციის დამთავრების შემდეგ ბატონმა როინმა შესაძლებლობა მოგვეცა, დაგვეთვალიერებინა კლარჯეთსა და შავშეთში არსებული ისტორიული ძეგლებიც. მათგან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილისთვისაც კი ნაკლებად ცნობილმა ქართულმა მართლმადიდებლურმა საღვთისმსახურებლო ნაგებობამ – მამაწმინდის უძველესმა ქართულმა ეკლესიამ.

ხსენებული ეკლესია მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, ქალქ ბორჩხიდან არც თუ ისე შორს, კერძოდ, მთავარ გზაზე, სოფელ ებრიკლთან, გადასახვევიდან დაახლოებით ათი კოლომეტრის დაშორებით. ეკლესიისკენ მიმავალი გზა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ასფალტირებული, იმდენად ვიწროა და დახრამული, რომ შემხვერდი მანქანისთვის გვერდის ავლა ხშირად პრობლემასაც კი ქმნის. სამწუხაროდ, ეკალ-ბარდებში ჩაკარგული და მისასვლელ საცალფეხო ბილიკსაც კი საკმაოდ მოწყვეტილი ამ ეკლესიის შესახებ იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილმა, რომელიც ეთნიკურად ქართველია, ძალიან ცოტა რამ იცის. მათი ცოდნა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოიფარგლება, იგი ადრე ეკლესიას რომ წარმოადგენდა. ეკლესიაში მისასვლელად აქტიური დახმარება გაგვიწია ბატონ როინის იქაურმა მეგობარმა ემინ ხოჯამ, რომელიც ამჯერად პენიონერია.
გაუვალ შამბნარსა და ეკალ-ბარდებში ჩაკარგული ეს ეკლესია სოფლის განაპირას, ვენახების სახელით ცნობილ ადგილზე, მდებარეობს და მასთან მისასვლელი ბილიკიც კი არ არსებობს. მისმა ნახვამ ყველა ჩვენგანზე წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ნამდვილად ქართულ ტაძარს რომ წარმოადგენს, ამას მის კედლებზე არსებული ქართული წარწერები და განადგურებას გადარჩენილი ფრესკების ნარჩენები ადასტურებს. იმისათვის, რომ ხსენებული ძეგლი საბოლოოდ არ განადგურდეს, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს პრაქტიკული ზრუნვა მის შესანარჩუნებლად. სასიამოვნოა, რომ ამ მიზნით აქტიური საქმიანობის განხორციელებას გეგმავს ბატონი როინ მალაყმაძე.

























