Sopo Nemsadze
ნასესხებია, არ გაცივდე, ჩაიცვი თბილად
ამბობს ბებია და თან მომდევს ქურთუკით ხელში,
ჩემი ქურთუკი… სამ წელს მაინც მოითვლის ალბათ
ხმარებისაგან გადასვლია მას ფერი ფერში…
…
იმ წელს ძალიან ადრიანად დადგა ზამთარი,
დედიკომ თქვა რომ “კურტკა” უნდა მიყიდონ ხვალვე,
მამიკოს ფული გამოართვა და გადაწყვიტა
ახლომდებარე ბაზრობაზე მეც წავეყვანე.
ვიცი, ტოლები წარმოიდგენთ ჩემს განცდას მაშინ
ბედნიერება მეტი დიდი მანამ არც მეგრძნო,
სიხარულისგან დავფრინავდი პატარა ბავშვი,
სულ ხტუნვა-ხტუნვით მოვირბინე სახლიც და ეზოც.
ერთ სულზე ვიყავ ხვალინდელი დღე დამდგარიყო,
ღამით ვერაფრით დავიძინე, მიცემდა გული
და როცა საათს მეასეჯერ ვთხოვე სიჩქარე
მოულოდნელად მომეპარა თვალებზე რული.
ტკბილად მძინარე დედის კოცნამ გამომაღვიძა,
სხვა დროს თუ ხვეწნა მჭირდებოდა, ავფრინდი იმ დღეს,
ყიდვის სურვილმა ისე სწრაფად გამომაფხიზლა
მეც გამაკვირვა ჩემმა თავმა, ჩემმა
სიფხიზლემ.
წავედით, გზა კი არ ილევა არა და არა,
შორია თუ მე მეშორება ნუთუ, რომ ვჩქარობ?
ასე ვფიქრობდი თან გამოჩნდა კარი პატარა
და მის მიღმა კი უსასრულოდ დიდი სამყარო.
სულ ყველაფერი ჭრელი იყო ხალხიც, დახლებიც,
მახსოვს თვალები რომ ვინატრე მაშინ დიდრონი,
რომ არაფერი დამრჩენოდა დაუნახავი…
ნეტავ იმ განცდას ცხოვრებაში კიდევ ვიპოვი?
მერე დედიკომ წამიყვანა ტანსაცლის მხარეს,
მიესალმა და გაუღიმა ლამაზ გამყიდველს,
ამ ქურთუკს როგორ მომყიდიო ჰკითხა და თანვე
ფული ხელახლა გადათვალა, ყიდვას ვაპირებ.
შეწუხდა ქალი, ამის ზომა რომ არ მაქვს კარგო?
არც მინდა ოქრო, დიდი იყოს, მერეც ატარებს,
ყოველ წელიწადს ვერ ვუყიდი ისედაც, რა ვქნა,
შენც იცი ოჯახს ბევრი უნდა, ჯერ ვზრდი პატარებს.
ასე მიყიდეს ჩემზე ორჯერ მოზრდილი “კურტკა”,
გაისად კარგად გექნებაო ამბობდა დედა
და მეც ბედნიერს სიხარულით მომქონდა ხურდა
“კურტკა”-ს რომ მორჩა და სიმდიდრის ბურანში მხვევდა…
…
ნასესხებია, არ გაცივდე, ჩაიცვი თბილად
ამბობს ბებია და თან მომდევს ქურთუკით ხელში,
ჩემი ქურთუკი… სამ წელს მაინც მოითვლის ალბათ
ხმარებისაგან გადასვლია მას ფერი ფერში…
/სოფო ნემსაძე/






























