როგორ მოეპყრო თამარი ბასიანის ომის ტყვეებს:
,,ყველას ნუგეში სცა და დიდი, სასახელო ვახშმით გაუმასპინძლდა, ყველა დაასაჩუქრა პატივის შესაბამისად, შემდეგ კი ციხეებში ჩამოარიგა, გარდა ერზინკელისა, რომელიც თბილისში დაიტოვა პატიმრად, მისგან ადრე გამოჩენილი სიყვარულის და პატივისცემის ხათრით, და ბოლოს კი ამდენად სახელოვანი და დიდებული კაცი ცხენის ნალად გაყიდა”.
,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”
როდესაც ქართველთა მეფეები დიდ მუსლიმ მმართველებს ატყვევებდნენ, ისეთი როგორიც ერზინკელი იყო, გამოსასყიდად მათ 300-400 კილო ოქროს მაინც სთავაზობდნენ, ასე უნდა მომხდარიყო ამ შემთხვევაშიც, მაგრამ თამარმა ეს დიდგვაროვანი ცხენის ნალში გაცვალა. აქ საუკეთესოდ ჩანს თამარის ლაღი და რამდენადმე კრეატიული ბუნება, ამავე სილაღით აწყობდა იგი რაინდულ ტურნირებს და საყოველთაო ნადირობებს.
დიდებული დიდგვაროვნის ცხენის ნალში გაცვლა ფეოდალურ სამყაროში არგაგონილი ამბავია, აქედან კარგად ჩანს თუ რა სულის ადამიანი იყო თამარი.
მემატიანეს დაცული აქვს თამარის ერთი სიზმარიც, რომელიც საშუალებას იძლევა, ფრთხილად, შევიდეთ მის არაორდინალურ და მდიდარ შინაგან სამყაროში:
თამარი იხილავს რამდენიმე ბრწყინვალე ტახტს და მათგან ყველაზე აღმატებულზე მოინდომებს დაბრძანებას, როგორც მეფე, მაგრამ აქ მას შეეჩერებენ და ეტყვიან, რომ ეს ტახტი გამზადებულია არა მისთვის, არამედ მისი დიასახლისისთვის, რადგანაც მისი ღვაწლი მეტია – თორმეტი მღვდელი შემოსა.
აქედან საუკეთესოდ ჩანს რომ თამარი პიროვნული ღირსების აღმსარებელი ადამიანია და გააჩნია ძლიერი მორალური შემკავებლები, როგორც მაღალზნეობრივ ადამიანს.
ყველაფერ ამას კარგად უდგება მისი სიკვდილისწინა სიტყვები, სადაც ღმერთს საქართველოს ერი შეავედრა, რომელიც მისდამი ,,რწმუნებული” იყო, და არა ბოძებული, ესეც არაშუასაუკუნეობრივი აზროვნების წესია, მეფე საკუთარ თავს სახელმწიფოსთან არ აიგივებს, პირიქით, მას თავი მხოლოდ მის მსახურად მიაჩნია.
სხვადასხვა მონაცემის საერთო ანალიზი აჩვენებს ფაქიზი სულის ადამიანს, რომელიც თვითიდენტიფიცირებას ახდენს, როგორც ,,ქვრივების, ობლების და დავრდომილების მშობელი”, თავისი თავი სახელმწიფოსთან არ აქვს გაიგივებული, მეტიც, არც ღირსებით აღმატებულად მიიჩნევს თავს, მზადაა ასეთად მისი მსახურებიც აღიაროს.
რასაც დღიურად შეჭამს, ცდილობს საკუთარი ხელსაქმით და ნაქარგებით აანაზღაუროს და გლახაკებს მოახმაროს, მართალია, მეფის შემთხვევაში შეუძლებელია ამას ფორმალური ხასიათი არ ჰქონოდა, (მის ნებისმიერ ნამუშევარს ხომ შესრულების დონის და გაწეული სამუშაოსგან დამოუკიდებლად არტეფაქტური ღირებულება აქვს), მაგრამ მიდრეკილების დონეზე მაინც, პავლე მოციქულის ამ სწავლის პატივისცემა (,,ვისაც არ სურს მუშაობა ნურც შეჭამს”), მაღალზნეობრივია და აგრძელებს მისი სახელოვანი წინაპრის – დავით აღმაშენებლის მორალურ ხაზს.
შეიძლება ითქვას, მისი მორალი არც მხოლოდ ქრისტიანული მორალის ფართო ფარგლებში თავსდება, რამდენადაც, ერთის მხრივ ის ერთნაირ გადასახადებს ახდევინებს მის ქრისტიან და მუსლიმ ქვეშევრდომებს (რასაც ზოგი ქრისტიანი მქადაგებელი აპროტესტებდა), მეორეს მხრივ კი მას გააჩნია უნიკალური, ინტერკონფესიური სასამართლო, სადაც მუსლიმი ყადები და მართლმ. ქართველი/მონოფიზიტი სომეხი წინამძღვრები ერთად სხედან.
ავტორი: ბექა ჭიჭინაძე





























