მამა ადამი ახალაძე
„ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი “ერთხელ სამანიშვილეთში”.
წერილი ახლა არაა დაწერილი. არამედ მაშინ, სიმონეთი მიხოსთან ერთად რომ მოვიხილე. ასე იყო: თითქოს ერთგვარი წინაგრძნობა განმკარგავდა და, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით ერთად მამაშვილი, მერე აუცილებლად დაიწერებოდა ლექსი, მოთხრობა, წერილი…
ახლაც თუ ეს მამოძრავებდა, არქივიდან ამომეღო ჩემი ნაფიქრი დავით კლდიაშვილზე, კაცზე, რომელსაც იმ დღეს, სამანიშვილეთში რომ ვნახაე, “სახეზე იმისთანა ნათელი გადაჰფენოდა, ვინ არ მიხვდებოდა, სიყვარული ახლა, მარადისობაში კი არ შეყვარებოდა, მთელი ცხოვრება უყვარდა და ეს ასუნთქებდა–აწერინებდა”.
მამა ადამი (ვახტანგ ახალაძე)
ერთხელ სამანიშვილეთში
ღამე იმერულ სოფელ რუფოთში, გვიან ვახშმობაში – მურაბიანი ჩაისა და მოხარშული კვერცხის ხსენება რომ არ იყო არსად, ცოტა ძილში, სადაც სიზმრები წაბლის ხის კედლების სურნელსა და თავსხმა წვიმის იოჰან სებასტიან ბახივით გამაოგნებელ მუსიკას ჩაენაცვლებინა, მო იენის ელექტრონულ წიგნად ქცეული რომანის კითხვასა და საზანოს ნოსტალგიური ბაზრობისკენ გეზაღებული ავტომობილების სასიამოვნო ხმაურში გავათენე.

სექტემბრის ბოლო დღეების დილა აივანზე გამოსულს იმისთანა სილამაზით შემომეგება, ზუსტად მივხვდი, ქართველი კაცი რაზე ამბობს – დალოცვილიაო. მალე მასპინძლები დავიხმარე, ვალიდა და ქეთინო ხაჭაპურების ცხობას მოვწყვიტე, ტრისტანი საყოლის დაპურებას გამოვარიდე და ეს ენით გამოუთქმელი სილამაზე უმშვენიერეს ტოპონიმებში აჟღერდა: ღვანკითი, გოგნი, ჩხარი-ეწერი, კარუგდებელა, ოქონა, ჩოლაბური, ძევრულა, ჩხარა, თხილთაწყარო, სკანდე, ახალთერჯოლა, ბროლისქედი, მაჩიტაური, ძუსა, ბუჯა, მუჯირეთი…
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ორი პწკარი მარტო ულამაზესი კი არაა, უძვირფასესიცაა, პირველქმნილი პოეტურობითა და მუსიკალურობით აღბეჭდილი. აკი ქართული სოფლების, დაბების, მდინარეების, მთა-გორაკების, ტყეების, ჭალების, ღელეღუდეების, სალოცავების, ქალაქების, თემების, ტბების, ხეობების სახელები ქართულ მიწასავით ტკბილია და ქართულ ზეცასავით ამაღლებულ-აზიდული. ამათ ხომ მარადისობის ელფერი და სურნელება დაჰკრავთ, უკვდავების სინათლის კვალი ატყვიათ და ზესთასოფელზე მოფიქრალის სიბრძნის ბეჭედიც აზის.
…მხოლოდ ის სოფელი არ ჩანდა! გორაკებს ამოფარვოდა სოფელი, საითკენაც მიიქცეოდა ჩემი გონება, ილტვოდა ჩემი გული, ხოლო წარმოსახვა ხატავდა კიდევ ერთ შეხვედრას დიდ ქართველთან, შემოქმედთან, არაჩვეულებრივად საინტერესო პიროვნებასთან და სუფთა, ნათელ, წრფელ კაცთან.
სიმონეთი, უფრო ზუსტად – ზედა სიმონეთი.
აქ დაიბადა დავით კლდიაშვილი. აქვე გარდაიცვალა.
1862 წლის 11 სექტემბრიდან 1931 წლის 24 აპრილამდე 68 წელი, 7 თვე, ერთი კვირა და 6 დღე გავიდა.
რამდენი რამ შეიცვალა ამ ეზოში!
სამოცდარვაჯერ ამობიბინდა ბალახი გაზაფხულზე, აყვავდა ტყემალი, მწვანე ფოთლებით შეიმოსა კვინცხი და კაკლის ხე.
ერთი ღარიბი აზნაურის ოჯახში დაბადებული ახალშობილი ბიჭის ტირილმა თუ მხოლოდ ათობით ადამიანი გაახარა, ახლა 68 წლის 7 თვისა და ერთი კვირის შემდეგ მისმა გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა, ააცრემლა.
ერთი რამ დარჩენილიყო უცვლელი: სამშობლო ქვეყანა ისევ იმპერიის კოლონიად რჩებოდა. მხოლოდ იმპერიის სახელი შეეცვალა ისტორიას, რუსეთისა საბჭოთაზე.
სინამდვილეში ყველაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი. და ამ მეტამორფოზათა შემოქმედი ზეცასთან, ისტორიასთან, ბუნებასთან ერთად დავით კლდიაშვილი და მისი პერსონაჟებიც იყვნენ.
უფრო მეტიც, ამიერიდან, ამ წუთიდან, როცა მწერალი უკვდავებაში გადადიოდა, იწყებოდა ახალი ეპოქა, სრულიად განსხვავებული, რადგან ამიერიდან ამქვეყნად მისი ობლად დარჩენილი ლიტერატურული გმირები, მშობელი მწერლის თვინიერ, დამოუკიდებლად ივლიდნენ განა მარტო იმერულ სოფლებში, ტალახიან გზებზე, წვიმასა და მზეში, მარტონიც და დამგზავრებულ ადამიანებთანაც, უბედურნიც და დამწუხრებულნიც, თითქმის არასოდეს – ბედნიერნი და მხიარულნი, უფრორე – ღატაკნი და უმზითვონი.
ივლიდნენ.
კი, ისევ ივლიდნენ. ძველებურად.
ოღონდ მათ გარშემო იქნებოდა შეცვლილი ყველაფერი – ეპოქაც, ადამიანებიც, სოფლებიც, მსოფლიოც.
მათ ცხოვრებას ვერავინ ვეღარ შეცვლიდა ვეღარასოდეს. მწერალი გარდაცვლილი იყო, მოთხრობები, წიგნები, პიესები (ანუ ბედისწერა) – დაბეჭდილი ან დაწერილი მაინც, შავით (უკიდურეს შემთხვევაში რუხით ან მელნისფერით) თეთრზე, მათი ქვიშის საათი კი – დაცარიელებული; ესე იგი რამდენჯერაც არ უნდა გადმოგეტრიალებინა, მაინც დაცლილი და დროწაშლილი რჩებოდა.
სიცოცხლე კი გრძელდებოდა.
კლდიაშვილის პერსონაჟები საფიქრალს აძლევდნენ ათასობით ადამიანს, რომელნიც მათ თანაუგრძნობდნენ, დასცინოდნენ, განიკითხავდნენ, ბაძავდნენ, თვალს ვერ სწყვეტდნენ, თავს შორს იჭერდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და მისჩერებოდნენ ყოველთვის ინტერესით, სიყვარულით, გულგრილად, ნიშნის მოგებით ან მტრულადაც კი.
მკითხველი, მაყურებელი, რეჟისორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მსახიობი, თეატრმცოდნე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, პროფესორი, სახლ-მუზეუმის თანამშრომელი, მწერლის ბიოგრაფი, სახალხო თეატრის დასის წევრი, ჟურნალისტი, ტელემაყურებელი, რადიომსმენელი… ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, თავისი ფიქრით ფიქრობდა და თავისი ოცნებით ოცნებობდა.
და თითოეული ამათგანი ყოველთვის ავტორივით როდი უყურებდა მწერლის მიერ შექმნილ არაჩვეულებრივ ლიტერატურულ სამყაროს და ამ სამყაროს ბინადართ.
ვერ გაუგებენ (შვილიც), გარეგნულად დიდ ინტერესს რომ არ იჩენს საეკლესიო ცხოვრებისადმი. მხოლოდ თავად იცის, რაც გადაიტანა, რაც განიცადა, რაც გამოიარა. რწმენაც, მშობლიური ენაც და სამშობლოსადმი შვილებრივი სიყვარულის გრძნობაც ერთად ამოაჭრეს. ეს ჯოჯოხეთზე უარესი იყო. ამდენმა ქირურგიულმა ჩარევამ მგრძნობელობათა დაქვეითება იცის, მაგრამ მაინც გადარჩა, მაინც გადაარჩინა არსთა გამრიგემ, არ გაიმეტა.
დედამ უწამლა. იმერულმა ჰაერმა, წყალმა და ჭადმაც. ენა აიდგა.
ეს სასწაული იყო. ღმრთის სასწაული. რა საოცარი წიაღიდან აღმოედინა და როგორ დალაგდა ისევ სიტყვები, აზრები, პლასტები, ფერები, ფრაზები, აბზაცები, თავები, სახელები.
თუმცა ჯერ კიდევ არ იცოდა, ეს ყველაფერი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის, მისი საგანძურის, ჩვენი საუნჯის ნაწილი რომ იყო უკვე. მის მარჯვენას – კლასიკოსის მარჯვენას კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა შეეძლო!
მშობლიურ ენაზე მეორედ ამეტყველებიდან, ქართული ენის გემოს ხელახალი შეგრძნებიდან ლიტერატურის კლასიკოსობამდე გზაზე კაცს საგზალი სჭირდება. მასაც სჭირდებოდა. რას შეეძლო ყოფილიყო მისი სულის საზრდო, „პური მწერლის არსობისა“? ანუ რაგვარად შეიძლებოდა ეცხოვრა კაცს, რომელსაც ლამის ყველაფერი მშობლიური ამოგლიჯეს სულის, გულის, გონების, ჯიგრის, სისხლისა და ხორცის სიღრმეებიდან?
ამ კითხვებს მან ცხოვრებით გასცა პასუხი.
კიდევ –
მწერლობით.
ადამიანობით.
ზნეობით.
სულიერებით.
სიყვარულით.
ადამიანების სულის ხინჯებზე დამწუხრებით.
ეს იმისთანა დამწუხრება იყო, რომ ბალღობაში სცენაზე ნანახი და მერე წაკითხული, თუ პირიქით – ჯერ „ჩვენი საუნჯის“, თუ რომელიღაც სხვა, ძველი გამოცემის გაყვითლებულ ფურცლებზე ლამაზად დაბეჭდილი, სტრიქონ-სტრიქონ ამოკითხული და მერე რამდენსამე სცენაზე გათამაშებული „უბედურების“ გახსენებაზეც კი სული გეხუთება, სუნთქვა გეკვრის და გული ლამისაა გაგიჩერდეს – აკი ყოველ ჯერზე მოყვასის სიყვარულდაკარგული სულის უბედურებას შეესწარი შენს თვალწინ.
ეს უბედურება თავს დაატყდა, ვისაც კეტი დაჰკრეს, იმას (სერაპიონს) კი არა, და არც განათლებულებს თუ განმანათლებლებს (ნიკოს და ილიას), არც მადლიან მკურნალს (მაიას) და არც დაუძლურებულ, სულმთლად გასაწყლებულ ანტონას!
ეს იმ გავეშებული მეზობლების უბედურებაა, ქვეითელების (ეს სახელი სახელდახელოდ ჩნდება პიესაში, ვითარების დაძაბვის ჟამს სულიერი დაღმასვლა-დაცემის აღსანიშნავად) – პავლიას, ლომინას, ამირანას – უბედურება; ვითომ გულშემატკივრების, ვაიმეზობლების, უცაბედად და უგუნურად მტრად მოკიდებულების, სიტყვით მოკეთეების და საქმით კაცის სასიკვდილოდ გამმეტებლების უბედურებაა.
უბედურებათა კრიალოსნად ქცეულ ცხოვრებაში მწერალსაც თავისი მისია, თავისი ჯვარი უნდა ეტვირთა, მოძღვარსაც, ერის წყლულზე მოფიქრალსაც და მოხუცებულ აზნაურსაც.
მოთხრობაში, „მრევლთან“ რომ ჰქვია, ზოსიმე მღვდლის სახეში სანუკვარი რამ სათქმელი ჩადო მწერალმა და ეს უმთავრესი ასე გაგვიზიარა:
„და ზოსიმე მღვდელი, აკანკალებული ხმით რომ წესს უგებდა ამ საცოდავებს, ცრემლებით თვალები რომ ევსებოდა მიცვალებულთა ყურებით, თან მისი გული უფრო მეტად სწუხდა, გმინავდა, რადგანაც თავის გარშემო ხედავდა ამ მართლა და უმწეო, ღვთის ანაბარად მირჩენილ ქმნილებათ, სულით დაჩაგრულთ, უსაშუალოთ, ყოველ მხრივ საცოდავთ; და ეგ საერთო ტანჯვა, საერთო მწუხარება, საერთო გაჭირვება თან უიმედობაშიაც აგდებდა და თან არიგებდა თავის საკუთარ გაჭირვებასთან და თავის ბედთან. ცრემლები, რომელნიც თვალთაგან სცვივოდა, თან მწუხარების ცრემლებიც იყო, ცრემლები უიმედობისა და თან ბედთან შერიგებისა. ამიტომ იყო, რომ დღეს ისეთი მადლობით გაისტუმრა თავისი მღვდელი მისმა მრევლმა, რადგანაც მან, თავად გულდაწუხებულმა, თავის გულდაწუხებულ სამწყოსთან მხურვალე ცრემლები დაღვარა, ცრემლები მწუხარებისა და უნუგეშობისა“.
- * *
გულში მკვიდრად მოკალათებული, ახლა სხვადასხვა გარემოებებით აფუთფუთებული რაგვარი ზრახვების, კაცის სულისა და ფიქრების რა ნატიფი მოძრაობებისა და თვალით შეუმჩნეველი რხევების აღწერა ხელეწიფა!
მარტო ეს ერთი ამონარიდი რად ღირს:
„გდებაში ამოკლებდა უხალისოდ მიმდინარე სიცოცხლის დღეებს პატიოსანი აზნაური, დიდებული სახლთუხუცესის მანველიძის შთამომავალი. თითქმის კარგადაც შეეჩვია იგი ამგვარ გდებას, მაგრამ ხანდახან მაინც ისევ გაიღვიძებდა მასში წინანდელი მანველიძე და მაშინ შესაბრალისად მიმართავდა თავის დათიას: - სულ ასე ვეგდოთ, ბიჭო, ჰა?!“
ამავე მოთხრობის ფინალის მოხმობაც დაგვჭირდება, როსტომ მანველიძეების ტრაგიკულობა რომ გავისიგრძეგანოთ:
„თუ ვინმე საქვეყნო საქმეებზე ჩამოაგდებს მასთან სიტყვას – ერთი გაჯავრებით ხელს ჩააქნევს, გესლიანად კარგად შეუკურთხებს და ყველაზე გულგატეხილი, ყველაფერზე გულდაწყვეტილი, ყველასა და ყველაფერს ჯანდაბამდის გზას დაულოცავს, მიყუჩდება და ისევ თავისებურად მიეგდება“.
თუ ბიჭი ხარ, განიკითხე ამ სიტყვების მერე, დასცინე, გალანძღე როსტომ მანველიძე. ენა არ მოგიბრუნდება, ნამუსი არ გაგიშვებს. გაგლეჯამდე მისული გული ტახტზე თუ არ მიგაგდებს, მუხლში მაინც გამოგაცლის ძალას და იქვე ჩამოგაჯენს.
ჩამომჯდარს გაჭირვებული ოტია ქამუშაძის ღაღადივით შეძახილი გამოგაფხიზლებს და სასოებას მოგგვრის:
„ – სად გაგეცალო?.. ადამიანს მოკვლას უპირობ და გაგეცალო?..“
- * *
გავიხსენოთ კლდიაშვილის სამყაროს რომელიც გინდა პერსონაჟი.
თითოეული მათგანის გამოჩენა მწერლის სამყაროდან ხმამაღლა თქმული გაფრთხილებაა.
ერთი შეხედვით, სოფლის გზებზე, სოფლიდან სოფელში, საკუთარი ეზოდან მეზობლების ეზოებში გადადიან, გარბიან, დახეტილობენ, ყანებსა და ბოსტნებში მუშაობენ…
არადა მკითხველი სულ მალე აღმოაჩენს, რომ ისინი თურმე უფსკრულების პირას მიმოდიან-იმყოფებიან.
ამოუჩემებიათ, რომ მათ ადამიანურ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: ოღონდ მემკვიდრეობის გამყოფი ვაჟიშვილი არ შეეძინოს მამას მეორე ქორწინებაში, ოღონდაც ერთი მაინც ქალიშვილი გაათხოვოს, ოღონდაც გაფუჭებული მეზობელი შეუშინოს „სეკრეტარის“ სტუმრობამ, ოღონდაც ახალგაზრდა რძალი მის გამაღიზიანებელ ცუნდრუკსა და კისკასს გადაეჩვიოს, ოღონდაც „გაწმენდილ“ სახლში „რამე მავნებლობა“ არ შეეპაროს…
ოღონდაც! ოღონდაც!
მაგრამ ამ „ოღონდაცობაში“ რომ სული ძველ საცერს ემსგავსება?!
ამ საცერში რომ იწყო „გაპარვა“ ყველაფერმა ადამიანურმა?!
სიყვარულმაც!
საკუთარი სისხლისა და ხორცის სიბრალულმაც!
უბრალო თანაგრძნობამაც!
შვილებზე ბუნებრივმა მამობრივმა მზრუნველობამაც!
მოკეთის და მეზობლის დაზოგვამაც!
კაცის სულის ამისთანა ტრაგიკული სურათების დახატვა სწორუპოვრად შეძლო დიდმა მწერალმა.
მან, ვინც შეძლო ისიც, ერთნაირად, მთელი გულით, ტკივილიანი თანალმობით, ცრემლიან-ღიმილიანი მზერითა და წრფელი გრძნობებით ჰყვარებოდა პლატონიც და ბეკინაც, პლატონის ცოლიც, ბეკინას გარდაცვლილი მეუღლეც და ახლანდელიც – სამანიშვილის დედინაცვლად წოდებული, პლატონის შვილებიც და მისი პატარა ძამიაც, ბეკინას უმცროსი ბიჭი, კირილე მიმინოშვილიც და მთელი „სამანიშვილეთიც“, მან შეძლო მიეღწია იმ ნათელისათვის, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა.
მეტის მიღწევა კაცს აკი არ ძალუძს. ეს წუთისოფელი მეტს არ ჰყოფნის. რწმენაც, სამშობლოც და ზეცაც ქართული ენით ჩააქსოვა ადამიანთა სიყვარულში, ვისაც ხედავდა, ვისაც ელაპარაკებოდა, ვისზეც ამბებს გებულობდა, ვინც ცოცხალი იყო და ვინც უკვე გაცლოდა ამ გაუსაძლის, არაადამინურ ყოფას, – ჩააქსოვა და ამათ სიყვარულში „მიჰკარგ-მოჰკარგა“.
- * *
კარგა ხანს ვიდექი წაქცეულ ძელქვასთან. ამ ხის ქვეშ დამასაფლავეთო, უთხოვია. მადლიერი ერი ასეთ თხოვნას არ დაგიდევს. მთაწმინდის გზაზე შეაყენეს გარდაცვლილი მწერალი.
ამის მერე ძელქვა რამდენიმე ათეული წელიწადი იდგა ფეხზე. მერე გახმა და წაიქცა კიდეც. გარდაცვლილი ხის ხელისხლება ვერავინ გაბედა. მიწის, წვიმის, ქარისა და თოვლის გარდა.
მე რომ იმ შემოდგომას ვნახე, ერთი საფლავის სიგრძეღა იქნებოდა დარჩენილი. ჰოდა, უფრო საფლავზე დადგმულ ძეგლს ჰგავდა, ხისგან გამოქანდაკებულს. კი, უცნაურ ძეგლს, წაწოლილს, სევდიანს.
მეც საცეცხლურის ჩუმი წკარუნით შემოვუკმიე ამ ნაანდერძევ საფლავს.
„სულთათანა“, სანთლის ალი და საკმევლის სურნელი გზას არ კარგავდა და ზემოთ ნელინელ მიისწრაფოდა.
მზიანი იყო. ქარი აცივებდა.
ეზო-კარი, უსაშველოდ ლამაზი, კლდია შალიკაშვილის გულისმპყრობელობით იმერულად ბაქიაობდა.
მიხაროდა და მეცრემლებოდა.
ძელქვის ქვეშ დიდებული მოხუცი მწერალი იჯდა. სახეზე იმისთანა ნათელი გადაჰფენოდა, ვინ არ მიხვდებოდა, სიყვარული ახლა, მარადისობაში კი არ შეყვარებოდა, მთელი ცხოვრება უყვარდა და ეს ასუნთქებდა–აწერინებდა.

![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769758784998-90x60.jpg)
![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/IMG-20260131-WA0008-90x60.jpg)





![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://www.gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769759300580-90x60.jpg)
![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://www.gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769759300580-180x120.jpg)


















