Kakha Kvashilava
საბჭოთა ოკუპაციის 105-ე წლისთავია ხვალ.
1918-1921 წლებში, არა სრულ 3 წელიწადში, საქართველოს ხელისუფლებას ურთულეს პირობებში უხდებოდა მოქმედება, ქვეყნის მართვა. რამდენიმე ომი ყველა მეზობელთან.
მენშევიკებს გეგმაში არ ჰქონდათ საქართველოს გამოყოფა რუსეთისგან, მაგრამ ისტორიამ სწორედ მათ დააკისრა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
ავად თუ კარგად, მათ ბევრი რამ შეძლეს.
ეს იყო იდეალისტების სახელმწიფო.
ეს გმირული წლები იყო, რომელიც წაგვართვეს.
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა რუსულ იმპერიას ენერგობატონობაში უშლიდა ხელს. ამიტომ ის უნდა განადგურებულიყო, რომ კრემლს კასპიის ნავთობი სარფიანად გაეყიდა.
მაგრამ ქართველმა ზურგი არ უჩვენა მასზე მრავალრიცხოვან და კარგად შეიარაღებულ მტერს.
რამდენიმე დღის წინ ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი მარო მაყაშვილის გარდაცვალების 105 წლისთავთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სიტყვები გავიხსენე, 1921 წლის 16 თებერვალს სტუდენტებს რომ უთხრა:
„შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“.
დღესაც ვფიქრობ, როგორ უთხრა, როგორ ამოღერღა მისმა ყელმა ეს სიტყვები…
განა არ იცოდა, რომ ძალა აღმართს ხნავდა და „თეთრ ცხენზე“ შემჯდარ სიკვდილს ვერაფერი გააჩერებდა?
იცოდა.
ხომ იცოდა, რომ თებერვალი აზამთრებდა მაისს…
მაგრამ მოუწოდა.
ალბათ, ცრემლი ყელში ბურთივით ეჩხირებოდა და სიტყვა უმძიმდა, მაგრამ მაინც მძიმე სათქმელი უნდა თქმულიყო…
ალბათ, ის დღე არც არასდროს დავიწყებია…
ან რა დაავიწყებდა?..
იცოდა, რომ 26 მაისი 1921 წლისა ჩვეულებრივი კალენდარული დღე იქნებოდა, მაგრამ მაინც თქვა მძიმე სათქმელი და სტუდენტები, ომში გამოუცდელნი, მტერს ეკვეთნენ, როგორც მანამდე მათი გმირი წინაპრები. მათ ხომ დედის რძესთან ერთად გაისისხლხორცეს:
„…და გაბარებ შენ ამასო, ნანი-ნანინა,
თუნდ მოვიდეს შენზედ ასი, ნანი-ნანინა,
არ შელახო გმირის ფასი, ნანი-ნანინა,
და მტერს ზურგი არასოდეს, ნანი-ნანინა,
არ უჩვენო, ეს გახსოვდეს, ნანი-ნანინა!“
ალბათ, მშობლების დარად, ან იქნებ უფრო მწარედაც ჩუმად ტიროდა დაცემულ გმირ სტუდენტებს…
ალბათ, სანამ სტუდენტებამდე მივიდოდა სათქმელად, სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ იცოდა, რომ მას ეს უნდა ეთქვა, აუცილებლად ეთქვა.
ივანეს სტუდენტებმაც იცოდნენ, რომ დიდი ივანეს შეგირდებს სწორედ ეს სიტყვები უნდა გაეგონათ მისგან!
დიდება საბჭოთა ოკუპაციას შეწირულ გმირთა უკვდავ სულებს!…






























