ათაოლ ბეჰრამოღლუს რჩეული ლექსები ქართულად ითარგმნა
ამ სათაურით თურქეთის მრავალტირაჟიანი გაზეთი “სოზჯუ” sözcü(4 დეკემბერი 2020 წელი ) ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ოქტომბრში, საქართველოში გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ ცნობილი თურქი პოეტის, ათაოლ ბეჰრამოღლუს- რჩეული ლირიკა დაიბეჭდა,სადაც პოეტის 50 ლექსია შესული, ასევე გამოიცა თურქული პოეზიის ანთოლოგიის მეორე, რედაქტირებული და შევსებული, გამოცემაც (პირველი გამოცემა 2018 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდა).ამ საქმეში ყველაზე დიდი მხარდაჭერა და წვლილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და იუნუს ემრეს სახელობის თბილისის ინსტიტიტმა შეიტანეს.კრებულები აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგმა მაყვალა ხარებავამ და აღმოსავლეთმცოდნე-მთარგმნელმა ალექსანდრე ელერდაშვილმა შეადგინეს. წიგნებში შესულია საქართველოს ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის წევრების შესანიშნავი თარგმანები, რომელთა ფილოლოგიური, სიტყვასიტყვითი თარგმანები ( პწკარედები ) შეასრულეს ქართველმა თურქოლოგებმა. წიგნების რედაქტორები არიან: თურქეთში ცნობილი მწერალი და მთარგმნელი ქევსერ რუჰი ( ის წარმოშობით ქართველია და ფლობს ქართულ ენას ), და აღმოსავლეთმცოდნე, ქალბატონი ნინო რამიშვილი.

კრებულები თითქმის ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მასში შესული თარგმანების მხატვრულად გამართვა და სრულყოფა დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით შეძლეს ცნობილმა ქართველმა პოეტებმა და მთარგმნელებმა (ია სულაბერიძემ, ია ხასაიამ, მაია მიქაიამ, მეგი მოლოდინმა, ვახტანგ ღლონტმა, ბელა ქებურიამ, ბადრი სულაძემ,ედუარდ უგულავამ და სხვებმა), ასევე უნდა დავასახელოთ ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი თინა შიოშვილი… აუცილებლად უნდა აღინიშნოს დამწყები მთარგმნელების ღვაწლიც, მათი რიცხვი ერთ ათეულზე მეტია, რომელთა მთარგმნელობითი შემოქმედება ამ კრებულზე მუშაობისას დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, მათი სახელებიც მალე გახდება ცნობილი და პოპულარული მთარგმნელობითი სფეროს მოყვარულთათვის.
სპეციალურად, ქართული ამბების პორტალისთვის (Gürcü Haber Portalı)კომენტარი ვთხოვეთ კრებულის შემდგენელს ქალბატონ მაყვალა ხარებავას:

“პოეტი ათაოლ ბეჰრამოღლუ თანამედროვე თურქული პოეზიის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელია. მეოცე საუკუნის ამ ცნობილი თურქი პოეტის ლექსები პირველად ითარგმნა ქართულად. მის შემოქმედებაში შერწყმულია მრავალსაუკუნოვანი თურქული პოეზიის ტრადიციული ნიშან-თვისებები და თანამედროვე პოეტური ფორმები.მკითხველს თავის სათქმელს უკიდურესი ლირიზმითა და სინატიფით ეუბნება.მას ასევე გამოქვეყნებული აქვს არაერთი საინტერესო კრებულიც. მისი ლექსები ითარგმნა ბერძნულ, უნგრულ, სერბულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, იტალიურ, რუმინულ და გერმანულ ენებზე გამოცდილმა ქართველმა მთარგმნელებმა და ახალგაზრდა პოეტებმა შესანიშნავად აამეტყველეს მისი პოეზიის სამყარო ქართულ ენაზე. ეს ნამუშევარი უდავოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს ქართული პოეზიის მოყვარულთათვის. ათაოლ ბეჰრამოღლუს შემოქმედებას ქართველი მკითხველი ამ კრებულით პირველად გაეცნობა.
”საქართველოს ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაცია 2013 წლიდან მუშაობს.უკვე ორი ათეული კრებული მოამზადა და გამოსცა, სადაც მსოფლიო პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია შესული. სამომავლოდ ასოციაცია თურქი პოეტი ქალების ანთოლოგიის თარგმნას, შედგენას და გამოცემას გეგმავს.
ფოთო /manşet foto Ataol Behramoğlu- Makvala Kharebava





















