Niaz Zosidze: ს ე ვ ი ე & სინოპელი გურჯები
ს ე ვ ი ე
ეს სტრიქონები ცრემლებით სველდება…
ჩემი სევიეს ბედდამწვარი ისტორიის ყურში ჩაწვეთების გამო…ჩემი თავშალგადამძვრალი, ფეხწამოკრული, ფეხშიშველი სევიეს გამო…
დგას მირვეთის ტყეში, წკვარამში, კლდეებს შუა, გზადაკარგული, ყვირილისგან ყელის ძაფებჩაწყვეტილი, ზეზეურად ჩამომხმარი, წუხილშეყრილი თვალებით, ბრაზწაკიდებული სახით, შავწინწპლებიანი, დაფლეთილი კაბით, შუაზე გაყოფილი შავი თმით, ტკივილისგან სახეგამეხილი, გულჩამკვდარი, დახეთქილ ტუჩებზე და მიწანაფხოჭნ თითებზე სისხლშემხმარი…
მარილიანი გოგო იყო ართვინელი სევიე. ბროწეულის ტუჩებით, ეშხიანი, ლოყებაღაჟღაჟებული, ლეჩაქში გამოკოპწიავებული…მურღულელებმა ორჯერ პირში ჩვარი ჩატენეს და მოიტაცეს. ორივეჯერ დაიბრუნეს ართვინელებმა, ხუთი კაცი შეეწირა მოტაცება-დაბრუნებას, გვარი გვარს გადაემტერა…
ცრემლად იღვრება დედა: ღმერთო, გამჩენელო, შეგითქვამ, დაიცავი ჩემი სევიე, კაი ბედს სწიე და მთელი ცხოვრება ფეხშიშველი ვივლი წვიმა-ქარიშხალ-სუსხში!…
გადაწყვიტეს სევიეს ნათესავ-მოკეთეებმა, ამის აქ ცხოვრება აღარ შეიძლება, აჭარაში უნდა გავათხოვოთ, იქ უნდა იფუსფუსოს, ბუდე იქ უნდა მოიწყოს, ბარტყები გამოჩეკოს, აჭამოს, ასვას, გაათბოს, დააფრთიანოს და გამრავლდესო, აქ, ათასი უჯიშო და თახსირი არ მოასვენებსო!…
მაშინ, 1895 წელს, მრავალნაოხარ, მრავალსიმწარენახულ აჭარა-ართვინ- მურღულს გაჭირვება, უმიწობა და გადასახადები უჭერდა ყელში…ცხოვრების წესად იქცა სასაზღვრო ინციდენტები, კონტრაბანდა, სისხლის აღება, ძარცვა-მკვლელობები…მესაზღვრე ყაზახ-პლასტუნები სისხლს უშრობდნენ გლეხებს…ყუბანელ ჯარისკაცებმა ქოლერაც შემოთესლეს, ყვავილმა და ყელჭირვებმა მოსპო სოფლები…ვერ შველოდა მოლა-ხოჯათა შელოცვები მასობრივ სენს. ისიც ჩააწვეთეს ყურში აქაურს, ამ მიწებზე სხვა ადათის ხალხი, მალაკნები უნდა ჩამოასახლოს მთავრობამო…განცხრომაშია რუსი-რაც უფრო ბევრი ადგილობრივი აიბარგება და გადასახლდება ოსმალეთში, ჩვენი ხეირიც ეგ იქნებაო…
…ართვინში, ნავში ჩასვეს ვერხვის ფოთოლივით აცახცახებული სევიე. თვალებზე კურცხალი უციმციმებდა. მშობლებმა თვალ-პირი დაუკოცნეს, ღმერთმა, დიდი დღე მოგცესო, აჭარელი ბიჭი იქნება შენი შემწე-მშველელი, აწი, თითსაც ვერ დაგაკარებენ მურღულელებიო!..
მირვეთში, ეტლით ელოდებიან ართვინიდან დაცურებულ ნავს ცხენოსანი აჭარლები…ოცდახუთი ართვინელი სიმღერ-სიმღერით მოაცილებს სევიეს…
…ადიდებულა ჭოროხი იმჟამს… ნავი კლდეს დაჯახებია…დაშლილა და დანაფოტებულა. აჭარლებს თვალწინ მოცურავე ათასგვარი ხიბაკი რომ დაუნახავთ, არიქა, ვუშველოთო და დაძრულან აღმა, მდინარის აყოლებაზე…ყველა ჩაიხრჩოო ჭოროხში…ცოცხალმკვდარი სევიე კლდეებს შორის უნახავთ, მტრედივით ღუღუნებდაო: დედამ გამომათრია მღვრიე-გადელებულ ჭოროხიდანო!..
……
მერე, ვიღაცამ იყვირა, ბეთქე მაი თოფი, რაღას უცდიო!…განდაგანა იყო, მაყრული იყო…დედამთილის ხელით მირთმეული ტკბილეული იყო…თეფშის დაფშვნა, ბუხრის ქვაზე ცომის მიტყეპება, კალთაში ჩვილი…
თვალებზე ხელი აიფარა და ატირდა სევიე…–დღეისამასიქით, ცრემლი არ დავინახო შენს თვალზე რძალბატონო, დღეიდან შენ უნდა გაათბო და გააფუფუნო აქაურობაო,–დედამთილმა….მერე, თავშალი გადაიძრო სევიემ, თმებზე ხელები გადაისვა, თვალები დახუჭა, ტანი არჩილის მკლავებზე გადადრიკა და ლოგინზე დაეცა…
…მერე, ხუთი ბიჭი იყო-ომერი, მევლუდი, ნიაზი, რეზო, მამული…
ჯვარი ჰქონდათ ამოქარგული ძმებს ჭრელ-ჭრელ ხელთათმანებსა და წინდებზე…და…დედის სახელი…ჩამუხლული ვეფერები მიწაზე გაწოლილ ხავსიან ქვას, რომელსაც აწერია: ს ე ვ ი ე…
Sinoplu Gürcüler / სინოპელი გურჯები
GH: Yazarımız Niaz Zosidze‘nin Sinop ziyaretinden geriye kalan ”Sinoplu Gürcüler” kısa belgeselini izlemeyi unutmayın!


























