*****
Makvala Kharebava: შოთა და არჩილ არველაძეებზე კარგ ისტორიას მოგიყვებით: იცით ყველამ, რომ „ტრაბზონსპორის გუნდში„ თამაშობდნენ წლობით და მთელი თურქეთის გული დაიპყრეს არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებითაც. ტრაპიზონში შვილებს მათ სახელებს არქმევდნენ ( მაშინ უცხო სახელის რეგისტრაცია კანონით დაუშვებელი იყო, ამიტომ თურქულ სახელთან ერთად იწერებოდა მეჰმედ შოთა ან მუსტაფა არჩილი და მერე გვარი )… ერთხელ თბილისიდან ლიტერატორ-ფილოლოგთა ტურისტული ჯგუფი სტამბოლში ჩავიდა, ქალაქის ცნობილ ბაზარში ვიღაცა ქართულად გამოელაპარაკა მათ, აქაური ქართველი აღმოჩნდა. ჩვენმა ფილოლოგებმა დააყარეს კითხვები: ქართველი ხარ, რა იცი საქართველოზე და ა.შ. კაცმა კისერზე ჩამოკიდებული მედალიონი აჩვენა, ნახეთ აგერ შოთას სურათს დავატარებო, ჩვენები გაკვირვებულები: რას ამბობო, შოთა იციო? შოთა რუსთაველი ეგონათ!
კაცმა მედალიონი გადააბრუნა – არჩილიც ვიციო. ამაზე წარმოიდგინეთ რა დაემართებოდათ ჩვენს ფილოლოგებს, პოეტი მეფე არჩილიც სცოდნიაო და, გულაჩუყებულებს თვალები აუცრემლდათ. მერე გაიგეს რაშიც იყო საქმე: ეს თურქეთელი ქართველი, შოთა და არჩილ არველაძეების გულშემატკივარი ( „ფანი“) მედალიონით მათ სურათებს ატარებდა…. მას მერე ბევრი დრო გავიდა, სტამბოლში ქართულმა დიასპორამ შოთა რუსთაველის კულტურული ცენტრიც კი გახსნა, „ვეფხისტყაოსნის“ ახალ თარგმანზეც ( ადრე აზერბაიჯანულიდან ითარგმნა) მუშაობს ჩვენი მეგობარი ჰასან ჩელიქი და გავა დრო და შოთა რუსთაველს კარგად გაიცნობს თურქეთის მწიგნობარი საზოგადოება… ძმებს შოთა და არჩილ არველაძეებს რაც შეეხება, მადლიერების მეტი რა გვეთქმის. მათ თურქეთს შეაყვარეს ყველაფერი ქართული მაშინ, როცა თურქეთში ჩვენზე ბევრი რამ არ იცოდნენ ქვეყნებს შორის ჩამოფარებული „რკინის ფარდის“ გამო. ამიტომაც ვამაყობთ ამ კარგი ბიჭებით…
P.S.მადლობა ჩემს ახუთელ კაცს ალექსანდრე ნარსიას. მის ნაწერზე გამახსენდა ეს ისტორია…































