კულტურა პლუს: ეს იყო ომის დრო. ყველა ბავშვს შიოდა… მამაჩემი მხატვარი კაცი იყო, რა უნდა ექნა…სოფელი არ ჰქონდა. ისეთი გვარის იყო, რა სოფელზე შეიძლება ლაპარაკი… ბებიაჩემი დადიანის გვარის იყო და იმასაც ჩამორთმეული ჰქონდა მამულები, მამასაც აღარაფერი ჰქონდა, სოფელთან საერთოდ არ ჰქონდა კავშირი და ძალიან გვიჭირდა, ძალიან… მაშინ გავიდა „სამი მუშკეტერი“, ამერიკული ფილმი და ჩვენ ყველას, ბავშვებს, გალესილი გვქონდა რაღაც თვითნაკეთი ხმლები, ვფარიკაობდით ხოლმე. ყოველი ნაკაწრი გვიჩირქდებოდა, იმიტომ, რომ ორგანიზმი გვქონდა ძალიან დასუსტებული. მახსოვს, რომ ყველას გვქონდა შეხვეული ხელები. ეს მწარედ მახსოვს…
მამაჩემმა ილუსტრაციის განყოფილება იოსებ შარლემანთან დაამთავრა და მეც იგივე მასწავლებელთან მომიწია ილუსტრაციის სწავლა – შარლემანი ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი იყო.

იოსებ შარლემანის გარდა, პედაგოგები იყვნენ: სერგო ქობულაძე, დავით (დუდა) გაბაშვილი, სოსო გაბაშვილი, ვასილ შუხაევი – რუსეთიდან ჩამოსული ძალიან ცნობილი მხატვარი. აი, ესენი მოღვაწეობდნენ ჩვენს აკადემიაში. მათთან განსაკუთრებული ურთერთობა არ მქონდა, მაგრამ ყველა სტუდენტმა იცოდა, ვინ ვინ არის და პატივს სცემდა. იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგი პედაგოგები იყვნენ და, რაც მთავარია, კარგი მხატვრები…
ვმეგობრობდი ზურა ნიჟარაძესთან, თენგიზ მირზაშვილთნ, ედმუნდ კალანდაძესთნ, ჯემალ ლოლუასთან – არაჩვეულებრივი ილუსტრატორი იყო, ქართული ზღაპარი და ქართული წიგნი აქვს გაფორმებული. ლევან ცუცქირიძეც ჩემი უახლოესი მეგობარია.
მწერლებიდან ძალიან ახლოს ვიყავი რეზო ინანიშვილთნ, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო.

მე სმენა არ მაქვს, მაგრამ იუმორის მიმართ ვარ ძალიან გახსნილი … ბევრ იუმორისტს ვიცნობდი. თვითონ კარლო კალაძეც იუმორით სავსე კაცი იყო, ჯანსუღ ჩარკვიანიც, გიგლა ფირცხალავაც. ბევრი სიტუაცია მახსოვს, ესა თუ ის იუმორისტული გამონათქვამი სად და რა სიტუაციაში და რასთან დაკავშირებით იყო ნათქვამი. გავიხსენებდი ასეთ რამეს: გამომცემლობა „მერანის“ დირექტორს, კარლო კალაძეს, გამომცემლობის კურიერად მთიელი ბიჭი ჰყავდა და თხოვა: – ძია კარლო, თუ შეიძლება, გამიშვით რა, სათიბზე, ერთი ორი-სამი კვირითო. კარლომ ნება დართო – წადი შვილოო. წავიდა ეს ბიჭი და სამი-ოთხი თვე დაიკარგა. რომ დაბრუნდა, კარლო, თურმე, რაღაც საბჭოს ატარებს და შემოვიდა ეს ბიჭი წვერმოშვებული, კარლომ იქვე უთხრა: „ირემო, მთაში მყვირალო, რად მოგიშვია ბარადა?“ აი, ასეთი ხალხი იყო და ბევრ მომენტში სხვათა შორის, სწორედ ეს იუმორის გრძნობა იცავდა ქართველებს.

იუმორი მიყვარს. ჯანსუღი მაგარი იყო… ლადო გუდიაშვილს ვასაფლავებდით, ძალიან ცხელი ზაფხული იყო. ფეხით ავიტანეთ ლადოს სახლიდან მთაწმინდამდე. უკვე ძალიან გაგვიჭირდა… ეხლა გვარს არ ვიტყვი, გვერდზე ცხოვრობდა მხატვარი, კოლია ერქვა. დაღლილებს ოფლი ჩამოგვდის, გვერდზე რომ გავუარეთ მის სახლს, გიგლა ფირცხალავამ თქვა: „ეჰ, კოლია რომ გარდაიცვლება, ქვემოთ ჩასატანი იქნებაო“ – აი, ასეთი შავი იუმორი გამოთქვა…
ბედნიერი მეგობრები მყავდა, მხატვრები, მწერლები. განსაკუთრებით ჟურნალი „ცისკარი“ გვაერთიანებდა.
ნოდარ დუმბაძის ყველა ნათქვამი მახსოვს. საოცარი ენა ჰქონდა… ერთხელ, მახსოვს, გულრიფშში – მაშინ იაფი იყო ხის ფინური სახლები, თითქმის ყველას ჰქონდა, მათ შორის ნოდარ დუმბაძეს და მერაბ ბერძენიშვილსაც… ჩვენც სულ იქ ვისვენებდით ზღვაზე – დილით ადრე გიგლა ფირცხალავამ გამაღვიძა – წამოდი გავცუროთო. ცივ წყალში ვიცურავეთ და დინებამ მიგვიყვანა ნოდარ დუმბაძის სახლთან. ნოდარი გამოსულია, მოხვეული აქვს ხალათი, გიგლამ მითხრა: „ე, გამოვიდა გურულების ბალზაკი!“, როდენის ქანდაკება ხომ გახსოვთ, იმას ჰგავდა… სიცილისგან მეგონა ნაღდად დავიხრჩობოდი…
ერთხელ, გულრიფშში, ნოდარ დუმბაძესთან ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით. უძველესი, პატარა ტელევიზორი ჰქონდა. შემოვიდა ჯანსუღი: „რა არის ეს? დურბინდია?“
ერთხელ „მერანის“ დარბაზში მქონდა გამოფენა და დახურვის დღეს შეიკრიბა საზოგადოება და ჭაბუა ამირეჯიბმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთი სიმპოზიუმის მიმდინარეობისას აბასთუმანში გაემგზავრა ცნობილი მწერლებით და მხატვრებით სავსე მთელი ავტობუსი. ძალიან ცუდი გზა იყო და ერთ ადგილზე, ხრამის ნაპირთან, ძლივს შეჩერდა ავტობუსის ბორბლებიო. ჭაბუას უთქვამს: – რა იქნება ეხლა ეს ავტობუსი რომ ჩავარდეს ამ ხრამშიო. კარლო კალაძეს კი უპასუხია: – რა იქნება და ხრამისკუსტვაო…
მე მქონდა ასეთი გატაცება, რომ ვაკვირდებოდი და ვაგროვებდი მსგავსებებს – ვინ ვის ჰგავს, ანუ ზოგი მეგობარი ჰგავს მეორეს, ზოგი რომელიღაც ჟურნალიდან ამოჭრილი მსახიობია და ვიღაცა ჩემს ახლობელს ჰგავს. დიდი მასალა დაგროვდა… იყო ერთი უტიფარი რუსი მწერალი ასტაფიევი, რომელმაც ერთ-ერთ ყრილობაზე ქართველებს აგინა. არადა, მე იმას არ ვგევარ კაცო, სახით… ახლა ამაზე რა გამახსენდა, ამ ასტაფიევმა ყრილობაზე როცა წაიკითხა ეს საშინელება, მოსკოვში ქართველი მწერლების დელეგაციაც იყო ჩასული. როდესაც ასტაფიევმა ტრიბუნიდან გალანძღა ქართველები, მთელი ჩვენი დელეგაცია ადგა და დატოვა დარბაზი. მეგობრები ბევრი ჰყავდათ ჩვენს მწერლებს რუსები და რომ გადიოდნენ, ერთ-ერთმა მიაძახა გულწრფელი ხუმრობით: „Бежали робкие грузины!“, ნოდარ დუმბაძე იქვე მიტრიალდა და მიაძახა: „Прощай, немытая Россия!“ ორივე ლერმონტოვის ფრაზაა!!

მე მგონი უფრო საყვარელი და ცნობილი ჩემი ნამუშევრები თბილისის ჟანრული კომპოზიციებია, სადაც უფრო ბევრი გოგონა მონაწილეობს, მაგრამ ბიჭებიც არიან. ეს ჟანრი ჩემთვის უფრო სასიამოვნოა. სხვათა შორის, სერიებს ვაკეთებდი. ჩემი ცნობილი სერიაა „მშრომელები“ – კალმითაა შესრულებული. მისი შექმნის იდეა კი ასე დაიბადა: ახალგაზრდობაში ვქეიფობდით, ქართველები ვართ და ქეიფის მერე, ასე, დილის 6 საათზე ვბრუნდებოდი სახლში და უცბად, მესმის რაღაცა შრიალი. თურმე, უკვე გამოსულია მეეზოვე და მუშაობს, იცით, შემრცხვა უცებ და პირველი პერსოანაჟი, რაც დავხატე, იყო ეს მეეზოვე, „მშრომელები“…
მე არ მიყვარს რაღაცების გამოგონება, რასაც დავინახავ, ავსახავ და ფსიქოლოგიურად მაინც რაღაც აქცენტს გავუკეთებ ხოლმე.
ფერმწერს აქვს ძლიერი იარაღი – ფერი. როგორც ედმუნდის (კალანდაძის) ფერწერა… ფერით შეიძლება სამყაროს შექმნა. ჩვენ, გრაფიკოსებს კი არ გვაქვს ასეთი ძლიერი იარაღი – ჩვენ შეიძლება პატარა მოთხრობაც „გავურიოთ“, კოლორიტული სიუჟეტები და … გამოდის სცენა…
თამაზ ჭილაძეს აქვს წერილი, რომელსაც ჰქვია „იების გამყიდველი“, ანუ, მე დამარქვა ამ წერილში იების გამყიდველი.
ასევე აქვს დაწერილი წერილი რეზო ინანიშვილს. მაშინ მამაჩემი მოიძიებდა და აგროვებდა ნაწერებს ჩემს შესახებ, ახლა ნათელა (მეუღლე) აკეთებს ამას. ბევრია მასალა…
მე არ მეხერხება წერა. თუმცა, ჩემს თავს დიდი ხანია უფრო მკითხველი დავარქვი, ვიდრე მხატვარი, რადგან კითხვაში უფრო მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე ხატვაში.
თენგიზ მირზაშვილი იყო ძალიან ჭკვიანი. ვახუშტი კოტეტიშვილი იხსენებდა მოსკოვში ყოფნის დროს, როდესაც ისინი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ვახუშტის დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. თურმე, უთხრა თენგიზს: „ჩუბჩიკ, გავედი ახლა მე და ერთ საათში მოვალ. აბა, შენ იცი, ერთი 30 ნახატი დამახვერდე!“ რომ მივედიო 2-3 საათში, 130 ნახატი დამახვედრაო. თენგიზი სწრაფად მუშაობდა, ჩემი უსაყვარლესი მხატვარია. ფიროსმანივით მიყვარს …
ყველა ქართველი მხატვარი მიყვარს, თითქმის ყველა. უჩა ჯაფარიძე, რომელიც ითვლებოდა ოფიციოზის მხატვრად, მასაც აქვს პერიოდი, როდესაც კარგი სურათებს ქმნიდა. დავით კაკაბაძე გვყავს ჩვენ, ლადო გუდიაშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი. მირზაშვილის გამოფენა რომ მოეწყო, თვითონ გარდაცვლილი იყო უკვე, მე მაშინ ვთქვი, რომ თენგიზის ყველა სურათი არის სარკმელი, რომელშიც ჩვენ ვიყურებით, იმიტომ, რომ დავლილი აქვს მთელი საქართველო, მოგზაური იყო. თვითონაც თითქმის თვითმფრინავში დაიბადა – დედამისი ასლების სპეციალისტი იყო, სოფიო, მამა კინოს მხატვარი და, აი, ჩუბჩიკა დაიბადა სვანეთში.
ძალიან კარგი მხატვრები ყავს ამ პატარა საქართველოს. პოეტებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი – ეს პოეტების ქვეყანაა. ოთარ ჭილაძის საღამო რომ მოაწყვეს, უკვე ოთარი თვითონ აღარ იყო ცოცხალი, მე მაშინ ვთქვი, რომ პოეზია არ გვიკვირს არავის, იმიტომ, რომ დიდი პოეტები გვყავდა, დაწყებული რუსთაველიდან და თავად ოთარ ჭილაძით დამთავრებული. მაგრამ ოთარს, გარდა ლექსებისა, რომანი აქვს დაწრილი: „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ – ეს არის თანამედროვე პროზის დიდი, გენიალური ნიმუში. აკადემიაში გრაფიკას ვასწავლიდი, ილუსტრაციას. რამდენიმე დიპლომანტი მყავდა – ჩემს ხელში ბევრმა გააკეთა დიპლომი ოთარის ამ რომანზე. მეც მაქვს დასურათებული და ოთარს ვაჩუქე ეს ჩემი ილუსტრაციები…
როგორც გითხარით, კითხვა მიყვარს ძალიან, ვკითხულობ ახლაც. ახლახანს გადავიკითხე მთელი დიკენსი, ძალიან ვაფასებ, გენიოსია! ბავშვობაშიც ვკითხულობდი, ყველას ჰქონდა მისი ეს 30 ტომი, მაგრამ არავინ კითხულობდა, მარტო მე ვკითხულობდი. ფოლკნერს სადღაც, რომელიღაც ინტერვიუში ჰკითხეს – რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი მწერალიო და მაშინვე დიკენსი დაასახელა. ამის ხათრით, ახლა ხელახლა დავიწყე და ვკითხულობ დიკენსს, ასე მგონია, ახლა უფრო ვწვდები, შესანიშნავი მწერალია! ძალიან დიდი მწერალია თვითონ ფოლკნერიც… ყველა დიდი მწერალი მიყვარს…
მე ყოველთვის იმდენად მიტაცებდა ის, რაც თბილისში ხდება, რომ ვფიქრობ, არ ვიყავი არავის გავლენის ქვეშ… ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში… არ ვიცი… ვერ გეტყვით. ჩუბჩიკა და ზურა ნიჟარაძე უფრო ხალასად, თავისუფლად ხატავდნენ. მე ცოტა უნდა ვიფიქრო, კომპოზიცია გავაკეთო, მერე ვიწყებ ხატვას. პიკოს ვეძახდით ზურა ნიჟარაძეს. როცა ქართულად თარგმნილი შექსპირი გამოიცა, მე შემხვდა „ჰამლეტის“ ილუსტრაციები. წავიკითხე ივანე მაჩაბლის თარგმანი, წავიკითხე პასტერნაკის თარგმანი, მერე ინგლისელი დიდი მსახიობი კითხულობდა მთელ ტექსტს და მასაც მოვუსმინე… მოკლედ, დიდხანს მოვუნდი. აბა, ჩუბჩიკამ 100 ნახატი რომ დაახვედრა 30-ის მაგივრად, ასე ვერ ვმუშაობდი. ვგიჟდები, ძალიან მიყვარს, რა…
დასავლეთ ბერლინიში რომ ვცხოვრობდი ოთარ იოსელიანთან, იქ, მაშინ, ოთარი სადღაც დადიოდა, ფილმისთვის ფული უნდა ეშოვნა. თავისუფალი დრო მქონდა, გავიცანი ახალგაზრდები – ბიჭები და გოგონები. ერთხელ ვთხოვე, რომ თანამედროვე ხელოვნება ეჩვენებინათ. იქვე, ახლოს, სადღაც შემიყვანეს, უზარმაზარ დარბაზში და რაღაც დაუმთავრებელ შენობაში აგურები ეწყო, სადღაც ცემენტი ეყარა… ვიფიქრე, რომ დაუმთავრებელი შენობაა… მოკვდნენ სიცილით… თურმე, ხელოვნების ნიმუშია. მათ ეგონათ, რომ მე ვიხუმრე. არადა, გულწრფელად ვთქვი დაუმთავრებელია-მეთქი. აი, ასეთ „ხელოვნებას“ ვერ მივიღებ, რა ვქნა.
კიდევ, ესეც ცნობილი ფაქტია, თქვენც გეცოდინებათ – ვირს კუდს რომ საღებავში ჩააყოფინებდენ, მერე რაღაცას აჭმევდნენ და კუდის ქნევისას იქმნებოდა რაღაც ნამუშევარი. ეს არის უბრალოდ ხალხის გასაგიჟებლად მოგონილი რაღაც. ასეთი ხელოვანი იმაზე თამაშობს, რომ არ ესმის მაყურებელს… ეს დიდი მეზღაპრის, ანდერსენის ზღაპარშია მოთხრობილი, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ მკერავები, მეფეს უკერავენ ტანსაცმელს, მაგრამ ატყუებენ ხალხს… და მხოლოდ ბავშვმა იყვირა: „А король-то голый!“
ამონარიდები დიმიტრი ერისთავის ერთ-ერთი ინტერვიუდან.
































