დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ძველ თბილისზე, ქალაქზე და საქალაქო ცხოვრებაზე.
Mirian Khositashvili: -ქალაქის ცხოვრების და მისი მოსახლეობის ხასიათის აღქმა ბაზრის ყოფის გააზრების გარეშე შეუძლებელია. ძველად თბილისში ბევრი წვრილი და დიდი ბაზარი არსებობდა. თითოეული მათგანი თავისი სპეციფიკით და კოლორიტით გამოირჩეოდა.

-იოსებ გრიშაშვილი ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის თბილისის ერთ-ერთი მთავარი ბაზრის შესახებ. “პუშკინის ქუჩაზე მეფობდა ჩაიხანები და მიკიტნის დუქნები, სადაც ყომარი და სხვა აზარტული თამაშობანი იყო გავრცელებული. ქუჩებში საზანდარი თავისუფლად მღეროდა საიათნოვას მუსტაზადებს, ერთ მხარეს ჯამბაზი გადიოდა თოკზე, მეორე მხარეს ცნობილი აბელა იდგა ოჩაფეხებზე და ხალხს აცინებდა. პოლიცია, რომელიც შესდგებოდა ჯარში ნამყოფ ინვალიდებისაგან, ყურსაც არ იბერტყავდა ქალაქის წესრიგის დაცვის საქმეში, თვით ერევნის მოედანზე კი გამართული იყო ბაზრობა. რა არ იყიდებოდა აქ: მწვანილი და ფართალი, ავეჯი და ოთხფეხი საქონელი, ქათიბი და მუნდირი, ყარამნიანის პორტრეტები, პლატონ ზუბოვის ისტორიული წიგნები, ერთი სიტყვით„ ვისაც ფული ჰქონდა, შეეძლო შიშველი მოსულიყო, ჩაეცვა, დაეხურა და ცხენით გაბრუნებულიყო“.

ასეთი ორომტრიალი, ასეთი ხათქახუთი, ასეთი სხვადასხვა ჯურის ხალხი არც ერთს ბაზარს არ ახსოვს. ერთი პეტერბურგელი ჟურნალისტი ადარებს ერევნის მოედნის ბაზრობას პეტერბურგის ასეტსავე ბაზარს და ჰიპერბოლურად დასძენს: „პეტერბურგის ბაზარი წვეთია ზღვაში, ხოლო ტფილისის ბაზარი ზღვაა წვეთშიო“
-გარდა სავაჭრო ადგილისა ბაზრები უსაქმოდ მოყიალე ხალხის თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენდა, სალაყბოებზე ათას ამბავს ყვებოდნენ, ჭორ-მართალს ერთმანეთში ურევდნენ, იქიდან წასულები კი ყურმოკრულ ამბებს ნამდვილ ამბად ასაღებდნენ, თან თავმომწონედ ირწმუნებოდნენ ეს ამბავი ამა და ამ ბაზარში მოვისმინე, უტყუარიაო.

P.S. მთავარია ქვეყანა ასეთ ბაზარს არ დავამსგავსოთ!


























