Kakha Kvashilava : კოჭლი ამირა თემურის ლურჯი დედაქალაქი.
ნახევარი ახლო აღმოსავლეთი მიწასთან გაასწორა, სამარყანდის მშვენიერება კი ზეცამდე აიყვანა.
1402 წელს ანგორასთან (თანამ. ანკარა) სისხლისმღვრელი მძიმე ომის შემდეგ ოსმალთა ცალთვალა სულთანი ბეიაზით I ილდირიმი (“ელვისებური”) რომ დაამარცხა და გალიაში გამოკეტა, ხარხარი აუტყდა.
მიზეზი რომ იკითხა ბეიაზიდმა, პასუხად მიიღო:
- დიდმა ალლაჰმა, კურთხეულ იყოს მისი სახელი, ნახევარი მსოფლიო მე, კოჭლს, მიბოძა და ნახევარიც შენ, ცალთვალას… მაგრამ, ხედავ, ქვეყანა ღვთის წინაშე როგორ უფასოდ არის: ჩემისთანა კოჭლმან და შენისთანა ცალთვალამ ცუდ საქმეზედ 200 ათასი კაცი შემოვახოცეთ ერთმანეთსო.
სხვათა შორის, თემურ ლენგის წყალობით, კონსტანტინეპოლის ათასწლოვან იმპერიას კიდევ ნახევარი საუკუნით მიეცა მზით ტკბობის საშუალება. თუმცა ბეიაზით ილდირიმის სახელოვანმა შვილთაშვილმა მეჰმედ ფათიჰმა მაინც წაშალა მსოფლიოს რუკიდან.
კოჭლ თემურს კი პატარა გურჯისტანმა გაუწყალა გული: 17 წელი და 8 ლაშქრობა, რომ ეს ციდა ქვეყანა გაეტეხა. არადა გურჯისტანზე დიდ ქვეყნებს ერთი ლაშქრობით იმორჩილებდა, წელში ტეხდა, კავკასის ფერდობებზე მცხოვრებთ კი ვერაფერი მოუხერხა – წაიქცეოდნენ და ისევ დგებოდნენ საომრად.
გურჯისტანი იყო თავის ტკივილი ძლევამოსილი რკინის ამირასი!
განათლება არანაირი ჰქონდა, მაგრამ მისი ქვეყნის განათლებისა და კულტურისათვის არაფერს ზოგავდა: საუკეთესო მასწავლებლები, ხელოსნები მოჰყავდა, წიგნები მოჰქონდა შორეული დამორჩილებული ქვეყნებიდან უდაბნოს შუაგულში აღმართულ სამარყანდში, რომელიც ულამაზეს ლურჯ ქალაქად აქცია.
იქნებ, ამ მშვენიერი მიზგითის კარიბჭეც რომელიმე ქართველი ხუროს ხელშენავლებია….



































