შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დიდი საქმე წამოიწყო, ეროვნული საქმე-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამეცნიერო კვლევის საგრანტო დაფინანსება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ამ საშვილიშვილო საქმეს, რაც რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელის, აკად. ჯაბა სამუშიას მხარდაჭერით და დახმარებით არაერთი მნიშნველოვანი პროექტით დაგვირგვინდა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში, რასაც მოწმობს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტი. აქედან პირველი პროექტის ფარგლებში გასულ წელს გამოიცა ორენოვანი მონოგრაფია: “სამაჩაბლოს ისტორია”. და აი, მეორე პროექტის(ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი; კოორდინატორი ალექსანდრე მღებრიშვილი; მკლევარები: იოსებ ალიმბარაშვილი, თამილა კოშორიძე) დაგვირგვინება-ორენოვანი(ქართულ-ინგლისური) მონოგრაფია: “პატარა ლიახვის ხეობის ისტორია”(770 გვერდი) მდიდარი ფოტო-მასალით, ორენოვანი რუკებით. როგორც რეცენზიებშიც აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმა, ნაშრომს მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს: ობიექტურად წარმოაჩინოს ოკუპირებული პატარა ლიახვის ხეობის ისტორია, მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ქართველი და ოსი ხალხის თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის და ვფიქრობთ, ეს წიგნი ჩვენი მშვიდობიანი ძმური ურთიერთობის აღდგენაში თავის წვლილს შეიტანს.
























