მაია მჭედლიძე უზალ

’
”ჩემი ხატია სამშობლო… ’’ – აკაკი
’ ’მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა…!’’ – ილია
დღეს ჰყვავის ბზა, ალუბლები, ატამი…
ისევ დღეა შენი მაშასადამე –
შორი სული დოვინ–დოვენ–დოვლისა,
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
გალაკტიონი
მოსვენებას რომ არ გაძლევს , ძილს რომ გიკარგავს, გამუდმებით რომ ჩაგესმის , ის სიტყვებია … ვარსკვლავთცვენაა ქართული პოეზია აბა რა არის , ცისკრის ვარსკვლავი გაბრწყინებული , ქართველი პოეტების , მამულიშვილების , ერისკაცების -ღვთისკაცების სიტყვებია . ნაქარგებია , ჩიქორთულებია და გამალებულ გამონათქვამთა დინამიკაა , სისრულე თუ სიწყვეტილე , სიყვარული … სიყრმიდან თანამდევი , თანდაყოლილი თუ შესისხლხორცებული , სამშობლოს სიყვარული …
მას მოსდევს ყოველთვის უბადრუკი კამათი , გაუთავებელი კითხვები , რა არის სამშობლო , როგორ უნდა გვიყვარდეს ის , არის კი ღირსეული ჩვენი სიყვარული , გვაქვს კი სათაყვანებელი სამშობლოს სადარი ჰიმნი ?…
რა კარგად ამბობს დიდი ილია? ,,რანი ვიყავით , რანი ვართ , რანი ვიქნებით !,,
განა ჩვენ ის ერი არა ვართ, ერთმანეთისგან გამიჯნული ეპოქების , განსხვავებულ პირობებში , გვინდოდა თუ არა ეს , უნებლიე სახელმწიფო ტრანსფორმაცია რომ განვიცადეთ?!
ნუთუ კიდევ უკვირს ვინმეს , რატომ შეიცვალა ერთ საუკუნეში სამჯერ სახელმწიფო სიმბოლოები ?
ასე ლოგიკურად მივიღეთ ერთ სივრცეში, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავებულ დროში , ურთიერთისგან განსხვავებული დროშა , გერბი თუ ჰიმნი … ეს არის სწორედ ის ფენომენი , ’’თუ რანი ვიყავით , რანი ვართ და ვინ იცის რანი ვიქნებით !’’…
აქვე მცირე ისტორიული რაკურსი :
- დიდება — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918–1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991–2004 წლებში.
ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.
- საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნი — საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1944—1991 წლებში. მუსიკის ავტორი — ოთარ თაქთაქიშვილი. ტექსტის ავტორები — გრიგოლ აბაშიძე და ალექსანდრე აბაშელი.
- საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, „თავისუფლება“, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 21 მაისიდან. საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.
კრეატიული ერი ვართ , უთუოდ და უსაშველოდ შემოქმედებითი …
… ადვილი არ არის იყო ქართველი და ამასთან ერთად იყო პოეტი საქართველოში…
ეს მძიმე განაჩენია , იმდენად დიდი ტვითია , რომ ბოძებული ნიჭის არაამქვეყნიური ჯადოსნური დამღა მუდმივად გაწევს , როგორც მოუშორებელი ტვირთი და შეიძლება , არ კვდებოდე გადასახლებაში როგორც ტიციანი , უპოვრობაში თავს არ იკლავდე – გალაკტიონი … უჭირისუფლოდ დამარხული ტერენტი გრანელი შეიძლება არ იყო მაგრამ … მაინც ემოციურად მეცოდება ყველა პოეტი –
’’ სამშობლოს თანამდევი უკვდავი სული ’’ როგორც ილია იტყვის…
უბრალოდ ათასჯერ ჯვარზე გააკრავენ, ათიათასჯერ შეაფურთხებენ , მილიონჯერაც ტაშს დაუკრავენ … სად არის აქ სიმართლე?… არსებობს კი ერთი , კონკრეტული…

მიუხედავად მრავალმხრივი განქიქებისა , ყველა სიძულვილისა თუ სიყვარულისა , საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორს ბატონ დათო მაღრაძეს მინდა ვუთხრა , რომ ჩვენ მადლიერები ვართ … გვიყვარს საქართველოს ჰიმნი და სწორედ ესაა მთავარი… შესაძლოა უფრო აკადემიური იყოს ძველი ჰიმნი ’’ დიდება ’’, მაგრამ საქვეყნოდ აღიარებულია აზრი , რომ სახელმწიფო ჰიმნი გულს უნდა გითბობდეს , ადრენალინს გიმატებდეს , თვალზე კურცხალს გგვრიდეს… ასეთია ახალი , თანამედროვე ჰიმნი და ეს უმრავლესობამ აღიარა … სოციალურ ქსელებში მუდმივად დომინირებს განსხვავებული მოსაზრებები , რომლებიც ასევე დასაფასებელი და გასათვალისწინებელია , თუმცა ტექსტი არის სხარტი ლამაზი და ადვილად აღსაქმელი , რომელიც რაღათქმა უნდა ინსპირირებულია .
გავლენა , რომელსაც დათო მაღრაძე განიცდის , აკაკის სიტყვების ფენომენალური კეთილხმოვანებაა, რომელსაც ბავშვობაში ერთხელ გაგონილს გონებიდან ვერა ვერ ამოშლი , და არც არის საჭირო ამოშალო…
ლოცვას გავსო , იყოს ლოცვა ამაში რამე არასახელმწიფოებრივია? …
’’ ჩემი ხატია სამშობლო , სახატე მთელი ქვეყანა
და რომ ვიწვოდე , ვდნებოდე არ შემიძლია მეც განა?..’
აკაკი

ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;
მეცა უსიტყვოდ, უძრავად,
ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას
ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!
მხოლოდ ვგრძნობ… თვარა ვერსწვდება
ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია,
სიცოცხლე დ მოკლე პატრუქი,
ნათელი დ ჭკუა-გონება,
იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე დ მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?
კი… მაგრამ მნათე არსად ჩანს,
ჩემთან მომტანი ცეცხლისა,
ის მოციქული მომავლის,
მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
აკაკი წერეთელი

1894 წ.



























