
მშრომელთა საერთაშორისო დღე 1 მაისი საბჭოთა ქვეყნების რეალობაში გაზრდილი თაობებისთვის მეტად მრავალბუნებიანი დღეა დამეთანხმებით .
ყველას კარგად მოგვეხსენება , როგორი იყო ჩვენი 1 მაისი . ფერადი , კაშკაშა , მორთულ -მოხატული , ყვავილებისა და ბუშტების ზეიმი იყო ჩვენთვის 1 მაისი .
1 მაისის პარადი განსაკუთრებული იყო ყველა ბავშვისთვის , რადგან მას ახლდა სრული სადღესასწაულო განწყობა . სხვა მასიურ პარადებთან შედარებით მახსოვს მაისის პირველი დღე გვიყვარდა და უზომოდ გვიხაროდა . ამ დღეს თან ახლდა გაზაფხულის ჯადოსნური ძალაც .

დღე ცნობილი , მასიური პარადებით თუ პარადის დამამშვენებელი სამხედრო აღლუმით , მაშინდელი გასაოცარი სატელევიზიო ჩართვებით ისე მკაფიოდ გვახსოვს ყველას ვინც 1 მაისის საბჭოთა აღნიშვნის მოწმენი გავხდით… ძნელია მეხსიერებიდან წაიშალოს კადრები ბედნიერი ბავშვობიდან , მხიარული დღეები , გაფერადებული სამყარო , ჩვენი ’’ულტრავარდისფერი რეალობა’’. ნოსტალგიანარევი წარსული , იმის გააზრებით , რომ გვატყუებდნენ და ყველაფერი სულ რამდენიმე წელიწადში მწარე რეალობად გვექცა .
მერე იყო ბავშვობის მეორე ნაწილი , შეცვლილი რეალობით . ზედმეტად მწარე რეალობით . შემიძლია ვთქვა რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მთავრდება ბედნიერი ბავშვობა და იწყება , ბრძოლა მომავლისთვის . ბრძოლა გადარჩენისთვის . ძველი კერპების მსხვრევა და ახალი კერპების გამოძერწვა , მსხვრევა და ძერწვა . ირგვლივ სრული გაურკვევლობა…
შეიცვალა ყველაფერი , შეხედულებები , რწმენის კულტურა , საზოგადოებრივი სივრცე , დაინგრა და დაიშალა განათლების სისტემა , გაუქმდა და ჩამოიშალა სახელმწიფო რომელშიც ცხოვრობდნენ ჩვენი მშობლები , მათი მშობლები და უკვე გაურკვეველი გახდა როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი , მომავლის პრინციპები ახლიდან უნდა დაბადებულიყო … თუმცა არ მოხერხდა …ვერ მოესწრო … მყისეულად მოპოვებულ დამოუკიდებლობას სამწუხაროდ თანდაერთო შიდა დაპირისპირება , სამოქალაქო ომი .
ომს და დაპირისპირებას მოჰყვა ღირებულებების გაუკუღმართება , დეგრადაცია , სამყაროსა და რეალობის არაადექვატური აღქმა უმეტესად … შეიცვალა ყველა და ყველაფერი , მათ შორის 1 მაისი . საზოგადოებამ ერთპიროვნულად თქვა უარი ყველა იმ დღესა თუ დღესასწაულზე , რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის დროს აღინიშნებოდა .
ხშირად დაისმის კითხვა თუ რას ვერჩოდით 1 მაისს ან თუნდაც 8 მარტს , ეს ორი დღე ისტორიაში არ ნიშნავს მხოლოდ საბჭოთა დღესასწაულებს და ორივე თარიღს აქვს უფრო ღრმა წარსული ვიდრე თავად საბჭოთა კავშირს.

ვერ ვიტყვით , რომ ამის უარყოფა შეგნებულად მოხდა … საქართველო საკუთარი ნებით არც გასაბჭოებულა. საქართველოს და ქართველ ხალხს საბჭოთა სისტემა იძულებით მოახვიეს თავს , ასევე შეუგნებლად მოხდა შემდგომში ყველა იმ ძველზე , საბჭოურზე უარის თქმა …
ასეთივე ტემპით გავაგრძელეთ სვლა სიახლისაკენ , ინერციით , თავისთავად .
1 მაისი დღეს ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს , ვარდისფერ ფერში დახატული ხანმოკლე ბავშვობის ნოსტალგია და მსოფლიო მშრომელთა დღე , სევდანარევი რეალობის განცდით … აი რა არის 1 მაისი ჩემი თაობის ქართველისთვის .





























