Ketevan Kartvelişvili konser için İstanbul’da aramızda olacak!
GH-Kültür Servisi: Ketevan Kartvelişvili, genç kuşağın önde gelen Gürcü piyanistlerden. Müzik kariyerine Amerika’da devam ediyor. Gürcü Haber için Maya Mchedlidze Uzal, Ketevan Kartvelişvili ile özel, dolu dolu bir söyleşi yaptı. Bunun için online görüşme ve karşılıklı yazışmalar bir aydan fazla sürdü. Bu söyleşide Ketevan Kartvelişvili yaşam, müzik, mücadele ve aşka dair görüşlerini paylaşıyor. Bu söyleşi için teşekkürler Ketevan Kartvelişvili; teşekkürler Maya Mchedlidze Uzal!
Ve müzik severler için güzel bir haber: Yakın bir gelecekte Ketevan Kartvelişvili konser için İstanbul’da aramızda olacak!
”სწრაფვა წარმატებისკენ, სრულყოფილებისკენ!..”
ქართველი პიანისტი ქეთევან ქართველიშვილი უკვე 12 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნიჭიერმა გოგონამ, რომელმაც პატარაობიდანვე ფორტეპიანოს დაუკავშირა საკუთარი ბედი, ბახის პიესა სმენით ააწყო და შეისწავლა. მისი განსაკუთრებული ნიჭი და მუსიკისადმი დიდი ინტერესი 5 წლის ასაკში აღმოაჩინეს.
მომავალში პიანისტის კარიერა, წარსულში კი პატარა გოგონას მომავალი, უდაო მუსიკალურმა ნიჭიერაბამ ასევე გულისხმიერმა და პროფესიონალმა პედაგოგმა ქალბატონმა ეთერ გუნიამ განაპირობა. ქეთევანი იხსენებს, თუ როგორ ურჩია მისთვის ძვირფასმა პედაგოგმა ოჯახს და თავად ქეთევანს ზ.ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში სწავლის გაგრძელება.
როგორც თავად ამბობს, დაკვრის სურვილმა თავისდათავად მიაქანა მუსიკალურ ინსტრუმენტთან… საინტერესოა ის ფაქტიც რომ უსმენს ყველა სახის ხარისხიან მუსიკას, მათ შორის ჯაზს, როკს, ფოლკს და თუ საინტერესოა რეპსაც… ქეთევან ქართველიშვილი, თბილისში ფიზიკოსთა ოჯახში დაიბადა.
12 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან. მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ ქეთევანი ნიჭიერთა ათწლედში გადადის, სადაც მისი პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი მუსიკოსი და პიროვნება ქალბატონი რუსუდან ბეგიშვილი. ათწლედმა ფაქტიურად განსაზღვრა მისი პიანისტის კარიერა…

2009 წელს ქეთევანი საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ შეერთებულ შტატებში გადავიდა. იგი მიწვეულ იქნა მსოფლიოში ცნობილ და პრესტიჟულ – ალექსანდრე თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში, ინდიანას უნივერსიტეტში. მან არაერთხელ გამოიჩინა თავი, როგორც სოლო, ასევე კამერული შემსრულებლის ამპლუაში. ქეთევანს 2010 წელს მიენიჭა Ernestine M. Raclin –ის სახელობის ხელოვნების სკოლის სერტიფიკატი სოლო კონცერტის საუკეთესო შესრულებისათვის.
ქეთევან ქართველიშვილმა მრავალჯერ მოიპოვა პირველი ადგილი აშშ-ის სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში. მათ შორისაა: William C.Byrd Young Artists-ის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფლინტში, მიჩიგანის შტატში ჩატარდა 2011 წელს, სადაც ქათევანმა მოიპოვა პირველი პრემია. ამას მოჰყვა გამარჯვებების სერია სიეტლში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში. ქეთევანი გახლდათ ნომინანტი ლისტ -გარისონის საერთაშორისო კონკურსზე როგორც ბარტოკის პიესის, “Out of Doors” საუკეთესო შემსრულებელი.

2017 წელს კი პიანისტმა გამოსცა სადებიუტო სოლო ალბომი სახელწოდებით: ,,The Chase,, – ,,დევნა,, ამერიკას თავიდანვე ძალიან კარგად შეეგუა, ამბობს რომ ამერიკელ ხალხთან არ შექმნია არავითარი მენტალური სირთულეები. ადამიანური ურთიერთობები ადვილად აეწყო, დროთა განმავლობაში ინგლისური ენის ცოდნაც განიმტკიცა. 2009 წლიდან დღემდე პერიოდში ორჯერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა.
ქეთევანი ამჟამად მწვანე ბარათს ელოდება.
ქეთევან როგორ ფიქრობთ, იქ ხართ სადაც უნდა იყოთ?
მე ვფიქრობ რომ ამერიკა ის ქვეყანაა სადაც ჩემი თავი წარმომიდგენია. როგორც მოგეხსენებათ ეს არის უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა, არის დიდი თავისუფლების შეგრძნება. ქვეყანა, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას აირჩიო თუ რა გინდა აკეთო ცხოვრებაში. როგორ გინდა განავითარო შენი თავი. აქ აფასებენ ნიჭიერ ხალხს, შრომას, პროფესიონალიზმს. აქვე დავამატებ რომ მე საქართველოსა და ამერიკის გარდა სხვა ქვეყანაში არ მიცხოვრია. ალბათ საინტერესო იქნებოდა მეცხოვრა თუნდაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში, როგორ დავინახავდი ჩემს თავი… მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა ევროპაში არ მიცხოვრია…

მაინც როგორი იყო თქვენს მიერ საქართველოში წარმოდგენილი ამერიკა და როგორია ის რეალობაში?
რეალურად ამერიკა ბევრად უფრო რთული და სიძნეებით სავსე აღმოჩნდა, ვიდრე მე ეს საქართველოდან წარმომედგინა. რა თქმა უნდა შორიდან ყველაფერი უფრო მარტივი და ნათელ ფერებში მეხატებოდა თუმცა ასე არაა. ბევრი სირთულის გადალახვა მომიწია ამერიკაში, ვფიქრობ ეს გასაკვირი არცაა. უცხო ქვეყანაში, მარტო ჩამოსული ადამიანისთვის, რა თქმა უნდა რთული იქნებოდა ბევრი რამ, მითუმეტეს ხელოვანისთვის.
როგორ მიგაჩნიათ პიანისტი – ეს პროფესიაა?
პიანისტობას მე პროფესიად ვერასოდეს ვერ აღვიქვამდი. რაც დრო გავიდის, ამაში კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები. მე ვფიქრობ რომ ეს პროფესიაზე ბევრად მეტია და ხელშეუხებელი ვიდრე ამას საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს.
საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს შესწევს უნარი რეალურად გაიგოს თუ რისი თქმა სურს როიალის მეშვეობით პიანისტს… და საერთოდ, სწორად შეაფასოს შემსრულებლის ნიჭი, დონე თუ პროფესიონალიზმი.
რა არის ხელოვანისთვის ყველაზე დიდი საზრდო? რით იკვებება ხელოვანი ? რიტორიკულად რაღათქმა უნდა!
ჭეშმარიტი მუსიკოსი, ხელოვანი ყოველთვის “იკვებება” მუსიკით. ის ამით ცოცხლობს ნებისმიერ სიტუაციაში. მუსიკა მას ყველაფერს უვსებს, ყველანაირ დანაკლისს. ზოგჯერ სიყვარულში იმედგაცრუებასაც კი!…

ვინ ან რა არის ის, მუდამ რომ გენატრებათ ?
მუდმივად მენატრება ჩემი ოჯახი, მეგობრები, საქართველოს ულამაზესი ბუნება. სოფელი, სადაც ხშირად დავდიოდი დასასვენებლად და რაც მთავარია ის ხალხი, ვინც ჩემს გვერდით აღარ არიან, სამწუხაროდ.
რა არის ქეთევან ქართველიშვილის ყველაზე დიდი ოცნება?
ნაკლებად ვარ მეოცნებე, თუმცა სურვილები ბევრი მაქვს: ჩემი დიდი სურვილია საქართველო გამთლიანებული და გაბრწყინებული ვნახო. ამის გარდა კიდევ მრავალი სურვილი მაქვს სხვადასხვა ასპექტში, რა თქმა უნდა
თქვენი აზრით რა იქნება მომდევნო კითხვა უპასუხეთ ისე რომ არ გადახედოთ მომდევნოს! (გთხოვთ!)
რომელია ჩემი საყვარელი პიანისტი ან კომპოზიტორი? 🙂
ბახი თუ ბეთჰოვენი?
ბეთჰოვენი!
ჩემი კითხვა თითქმის გამოიცანით , გილოცავთ ! …და მაინც ძნელია რომელიმე ერთით შემოიფარგლო ხომ სწორია ? შეიძლება დაგვისახელოთ თქვენი ფავორიტი კომპოზიტორი, ან კომპოზიტორები?
იცით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპოზიტორები მყავდა ფავორიტები. ამ ეტაპზე, ფავორიტებად, ბეთჰოვენის გარდა, დავასახელებდი რახმანინოვს და რაველს. ასევე ძალიან მიყვარს ლისტის და ფროკოფიევის პიესების შესრულება.
ამერიკელებს რაზე ესაუბრებით ხოლმე უმეტესად, დაასახელეთ პირველი რამ, რაც მათ საქართველოს შესახებ აინტერესებთ?
ამერიკელ ხალხს ყოველთვის ძალიან აინტერესებს თუ როგორია საქართველო, როგორი ქალაქები და ბუნება გვაქვს, მოსახლეობის რაოდენობა, კულტურა, მენტალიტეტი…თუ რომელი ენაა ჩვენი მშობლიური. სამწუხაროდ ბევრმა ამერიკელმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ჩვენი მშობლიური ენა არის ქართული და არა რუსული. ამ საკითხზე მე როგორც წესი დიდ ახსნა-განმარტებებს ვაკეთებ.
ასევე ველაპარაკები და ვაცნობ საქართველოს კულტურას, თუ რაოდენ ნიჭიერი და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ქართველები, რა ლამაზი ქვეყანა გვაქს. ასევე მათთან ავღნიშნავ ჩვენს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. ყოველთვის ძალიან დაინტერესებულები მისმენენ და გულისხმიერად ეკიდებიან ყოველ ჩემს სიტყვას. მინდა ავღნიშნო რომ უკვე არაერთი ჩემი ახლობელი ამერიკელი იყო ვიზიტით საქართველოში. ასევე ძალიან ბევრს უნდა საქართველოს ნახვა და დაგეგმილი აქვთ სამომავლოდ. ბევრიც ჩემი კონცერტის მერე მოსულა და უთქვამს რომ უკვე იყო ჩემს ქვეყანაში და გამოუხატავთ აღფრთოვანება , რაც მე ძალიან მახარებს.
დაახასიათეთ ერთი სიტყვით საკუთარი თავი !
პრინციპული!
მწერლობა თუ კინემატოგრაფია , რომელია თქვენი ფავორიტი?
რთულია არჩევა მაგრამ ალბათ კინომატოგრაფიას ავირჩევდი.
რა აღძრავს ძლიერ ემოციას თქვენში , როგორ შეიქმნა ,, The Chase ,, -,,დევნა,,?
სიყვარული და სწრაფვა მაქსიმალური სრულყოფილებისკენ. სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა, რაც აღძრავს ჩემში ძლიერ ემოციას. “The Chase”-ც სწორედ ასე შეიქმნა: უდიდესი სურვილი მქონდა ჩემთვის საყვარელი და ურთულესი რეპერტუარის ნაწილი გამეერთიანებინა ერთ კომპაქტ დისკზე. აქ მოთავსებულია ვირტუოზულად ურთულესი და ასევე ძალიან ღრმა და ფილოსოფიური საფორტეპიანო შედევრები. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეპერტუარისა, რომელიც მე მაქვს შესრულებული სხვადასხვა ქვეყნებში თუ ქალაქებში. რაც შეეხება დისკის სახელწოდებას, “The Chase”, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც სწრაფვა წარმატებისკენ, სრულყოფილებისკენ. ასევე დისკზე მოთავსებული Bartok-ის,”Out of Doors” მე-5 პიესის დასახელებაა.
რომელი უფრო რთულად მისაღწევია ჰარმონია მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას თუ ჰარმონია ცხოვრებაში?
ჩემთვის ჰარმონიის მიღწევა მუსიკალურ ნაწარმოებში უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ცხოვრებაში. ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევა უფრო მიჭირს. მუსიკალურ ნაწარმოებში განვითარების უნარს და მისწრაფებას ჰარმონიულობისკენ რა თქმა უნდა უკეთ ვახერხებ. საერთოდ თავიდანვე ჩემი პროფესია ჩემთვის უმთავრესი იყო და შეიძლება ეს ამანაც განაპირობა… კიდევ სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად
თბილისის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრეთ… ბაკალავრის, მაგისტრის, ასპირანტის ხარისხები არ დაკლებია თქვენი როგორც პიანისტის კარიერიერას! როგორ გაიხსენებთ კონსერვატორიას და მაინც რატომ არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ასე გამორჩეული მთელ მსოფლიოში!

თბილისის კონსერვატორია, ადრე, გამორჩეული იყო ძლიერი საშემსრულებლო დონით და უნიჭიერესი პედაგოგებით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კონსერვატორიში სწავლა პირველ რიგში იმით რომ ბატონ თენგიზ ამირეჯიბთან ვსწავლობდი. ბატონი გიზი იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. მას არაერთი ცნობილი პიანისტი ყავს აღზრდილი. საინტერესო იყო მასთან გატარებული წლები. გვქონდა გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ასევე მონაწილეობას ვიღებდი კონკურსებზე ევროპის ქვეყანებში.
პანდემიის მიუხედავად ახალი ალბომი ჩაწერეთ , რომელიც სავარაუდოდ წელს გამოვა. გულითადად გილოცავთ ამ წარმატებას, მდორე და ერთი შეხედვით დაუძრავი პერიოდი თქვენთვის ნაყოფიერიც აღმოჩნდა, პანდემია რომ დასრულდება პირველად რისი გაკეთება მოგინდებათ, ვგულისხმობ იმას რასაც ახლა ვერ ახერხებთ ! თუ გიოცნებიათ ამაზე ან უბრალოდ დაგიგეგმავთ რას გააკეთებთ პანდემიის დასრულების შემდგომ ?
დიდი მადლობა მოლოცვისთვის!
პანდემიის შემდეგ გავაკეთებ ყველაფერ იმას, რასაც პანდემიამდე ვაკეთებდი. გავმართავ კონცერტებს, თავისუფლად მოვინახულებ საყვარელ ადამიანებს, ვიმოგზაურებ.
თურქეთში თუ დაგიკრავთ ან თუ გაქვთ სურვილი გაახაროთ თურქი მსმენელი?
თურქეთში არ დამიკრავს მაგრამ დასასვენებლად ვარ ნამყოფი. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთმა ჩემზე. მართლა ძალიან მაგარი დრო გავატარე! დიდი სიამოვნებით გავმართავდი კონცერტს თურქეთში, თუკი ამის საშუალება მომეცემა მომავალში!
უღრმესი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და მალე შეხვედრის სურვილით დროებით გემშვიდობებით , გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას ! ვიმედოვნებთ რომ მსოფლიო საპანდემიო სიტუაციაც მალე დასრულდება და თქვენი სტუმრობით გაგვახარებთ !
დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გაზეთს, მადლობა ასევე საოცარი სურვილებისთვის! მეც დიდი იმედი მაქვს რომ პანდემია მალე დასრულდება! წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ! იმედი მაქვს შევხვდებით ერთმანეთს მომავალში და ეს შეხვედრა უკვე რეალურად შედგება!
ინტერნეტით შემდგარი ინტერვიუსთვის კი გულითადი მადლობა, საოცრად საინტერესო და სიღრმისეული რესპოდენტი ბრძანდებით ! რეალურ ცხოვრებაში შეხვედრის იმედით დროებით გემშვიდობებით !
ესაუბრა: მაია მჭედლიძე უზალ



























