უჩვეულოდ დაბლა და უჩვეულოდ ბევრი ვერტმფრენი გამოჩნდა იმ დილით, ისე დაბლა, რომ ახდილი ლუქის კარებში ჩამომსხდარი ბიჭებიც კი ჩანდნენ.. ნეტავ რა ხდება, სად მიდიან, წვრთნებია?..
არა!!!
ომიაო!!!!
მერე აბოლებულ-აწივლებული და დაფლეთილი გორი ტელევიზორიდან.. ურიცხვი, სადღაც რაღაცას გაქცეული მანქანა.. კოშმარი, სიცხე უსაშველო (მას მერე მძულს სიცხე, როგორც აპოკალიფსური ცეცხლის ასოციაცია) ელდანაკრავი სიმარტოვის განცდა.. თითქოს ყველა გავიყინეთ, გავშეშდით..
აჯამეთში ბაზა ჰქონდათ და შეიძლება, მანდაც დაარტყანო…
ამ ცნობის შემდეგ თვალღია სიზმრები დაიწყო … გათენებულა და აქ ჯერ ისევ სიჩუმეა… რამდენხან გაგვიმართლებს??
იქით კოდორი( ზემო აფხაზეთად სახელგადარქმეული .. რატომღაც) წაიღეს.. ფოთში შემოვიდნენო…ზუგდიდშიცო… ახლა დასავლეთიდან გარბოდა ხალხი, ურიცხვმა მანქანამ აიარა ეს თითქმის მანქანის უნახავი გზა…
არ წყდებოდა ნაკადი და იმატებდა შიში.. სად გარბის ეს ხალხი, ან რატომ… ჩვენც უნდა გავრბოდეთ? სად წავალ, მოვკვდები და ის იქნება, მეტი ხო არაფერი! ძახილისნიშნიანი გადაწყვეტილება!.. თავშესაფარი მხოლოდ ხატებთან, სხვაგან სად, ყველგან ყრიან ბომბებს ფრონტიდან დაშორებულ ადგილებზეც… მთებშიც დამალულ ტექნიკას დასდევენ..
ნელ- ნელა აზრზე მოვდივართ და მეზობლები ერთმანეთს გადავძახით.., ჩვენებური ბიჭებიც, გაწვეულები იქ წაუყვანიათ , ახლა იმათზე ჯავრიც გასივდა. როცა ნაცნობობაში, საახლობლოში მოდის რაღაც საშიში, უფრო ხელშესახები, უფრო კონკრეტული ხდება ნებისმიერი რამე, ვიდრე სადღაც, შენთვის უცნობებს რო სჭირთ თურმე იმდენად ვერ ითავისებ… აი, ახლობელი რო ,,იქ” გეგულება, მთელი სიმძაფრით შეიგრძნობა გაშიშვლებული საშინელება.
აფხაზეთის ომგამოვლილ თაობას რაღა გვიკვირს, მარა მაშინ მარტო იქ ხდებოდა შეტაკებები, სხვაგან არ გავრცელებულა და ის ომი ეკრანებიდან გონებაში ჩარჩა, როგორც ფაქტი…
ახლა! ყველგან ბომბავენ!! და სიცოცხლის აღქმას ეცლება სიმყარის განცდა, სიცოცხლეს აღიქვამ როგორც შემთხვევითობას… ხო შეიძლებოდა იმ ჩახოცილების ადგილას მე ვყოფილიყავი… ან იქ გვეცხოვრა.. ან აქ ყოფილიყო ის ამბები.. ხო შეიძლებოდა, ის წამებით მოკლული მე ვყოფილიყავი.. რას ვიგრძნობდი? ის რას გრძნობდა? რას განიცდის? ხო შეიძლებოდა!… ვაიმე!!
ამ საზიზღარი სიზმრიდან ერთი ძალიან კომიკური კადრი ტივტივებს, ზურგზე უნიტაზმოკიდებული მტერი… და ჩაიბეჭდა გონებაში ასეთი მტრის ხატი, უნიტაზებზე მოალაფე.. იქ, ზემოთ ჩაწყობილი ბინძური და ზნედაცემული თამაშების სიმბოლო. ,,ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!”
ასეთია ხვედრი უბრალო მოკვდავად დაბადებულთა…სადღაც ვიღაც თავის დამპალ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს და უბრალო მოკვდავნი დგებიან ფაქტის წინაშე!

სადღაა ისეთი ომები, უკანდასახევს მეფეც რომ ჩაიხერგავდა და ყვალასთან ერთად იდგა ფაქტის წინაშე?!…
წინასწარ გაყიდული ომების ტრაგიკული ნამსხვრევების ქვეყანა ვართ, მხოლოდ ,,ანანურელი ულამაზოების” თავგანწირვით გადარჩენილი! მხოლოდ უბრალო მოკვდავთა მიერ გადარჩენილი ჯერ კიდევ მსუნთქავი ქვეყანა!
ნათელი დაადგეს თქვენს სულებს ,,ვერტმფრენების ბიჭებო” !

ხმოვანი ჩანაწერი
ხმოვანი ჩანაწერი































