მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!
„-თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.“
(ილია ჭავჭავაძე- “ყვარლის მთებს”- 1857)
184 წლის წინ 8 ნოემბერს ყვარელში ,თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა ილია ჭავჭავაძე,რომელსაც ქართველმა ხალხმა შემდეგ საქართველოს „უგვირგვინო მეფე“ უწოდა.

დაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: წერა-კითხვა ლოცვები, საღვთო ისტორია დედამ შეასწავლა. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. იქ გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდამ მაკრინე ჭავჭავაძე -ერისთავისამ იტვირთა.
1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

“რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?” – ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს,როდესაც რუსეთიდან უკან სამშობლოში ბრუნდებოდა. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა.იცოდა,რომ საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა.
1863 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. ილია აქტიურად ჩაება ქვეყნის ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას.
70-90-იან წლებში დაიწყო მისი მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა ილიას ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი.
მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. 1907 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საქართველოს მტრებმა ვერაგულად მოკლეს წიწამურთან.
„საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.“
როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია“-წერს წერილში „დიდი ილია“ მწერალი ნოდარ დუმბაძე.
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
სპეციალურად ქართული ამბების პორტალისთვის/Gürcü Haber Portali ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ დუზჯეს უნივერსიტეტიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს მარიამ სულხანიშვილს:
„ვინ იყო ილია ჭავჭავაძე ქართველთათვის? ამაზე ბანალური პასუხი არსებობს, მისი ცხოვრებიდან
და მისი ნააზრევებიდან.
ილია საქართველოს ღვიძლი შვილი გახლდათ, და იგი ქართველი ერის გადასარჩენად შეეწირა კიდეც იმ სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლას, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა საქართევლოს წინააღმდეგ, მოღალატე ქართველების ხელით. რაღა მნიშვნელობა აქვს გვარებს და სახელებს.დღემდე გრძელდება ჩვენდა სამწუხაროდ. ღალატი და შური გახლავთ წაქეზებული და მოძალებული ერში.
მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი მისი სიტყვები დღესაც აქტუალურია. აქტუალურია იმიტომ, რომ საქართველოში
არსებული არც ერთი ინსტიტუცია ბოლომდე არ იაზრებს მის შეგონებებს და მისწრაფებებს.
გვაკლია ცოდნა, განათლება, გააზრებულად წაკითხვა მისი სიბრძნის.შემდგომ ყოველივე ამის რეალობაში გადმოტანა და გათავისება.სავალალო მდგომარეობა სწორედ იმ გაუნათლებლობის
შედეგია, რაზეც ილია მოსთქვამს და ქადაგებს. ეგოცენტრიზზმა ისეთი მასშტაბებიც
კი შეიძინა თუნდაც ,,სამეცნიერო” სფეროებში, რომ ილია ჭავჭავაძე და მისი როლი, მხოლოდ საკუთარი თავისა და როლის წარმოჩენა-დამკვიდრებაში თუ ,,გვეხმარება”. ასე გავაპირადეთ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავაპიარეთ დიდი ილია ჭავჭავაძე, რომელიც საუკეთესოდ გრძნობდა ამ სინდრომს ჯერ კიდევ მაშინ წერდა : „ მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება
ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში
შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათვის ძლევამოსილობა – მოგებულის საქმის განაჩენის პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე – ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი – ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის-შვილობა – მხვნელისა და მთესველის სახელიღაა. “დღეს დღეობით ილიას ხსენებაზე მხოლოდ მასთან მიმართებაში საკუთარი თავების გალამაზებულად წარმოჩენა გვჩვევია.“
ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი იყო.
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი


























