Giorgi Sosiashvili: ყოველი წიგნის გამოცემა შვილის დაბადებასავით არის. ამ წიგნს კი განსაკუთრებით ველოდი…დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის–გიორგი ჟურულის მშობლები სოფელ არბოში განისვენებენ. არბოს წმინდა გიორგის ტაძარი იქცა ჟურულებთან ჩასიძებული გენერლის, ილია მაქარაშვილის ოჯახის წევრთა საძვალედ. ილია მაქარაშვილისა, რომელმაც აჭარის დედასამშობლოს წიაღში დასაბრუნებლად ბევრი სისხლი დაღვარა. არბოში დაიწყო ნინო ჟურულის წაქეზებით “ვეფხისტყაოსნის” გერმანულ ენაზე თარგმნა მარიამ პრიტვიცმა. ჟურულების და მაქარაშვილების სახლი, რომელიც სიმონ კლდიაშვილის პროექტით აშენდა, კულტურის ნამდვილი კერა იყო. აქ “აიდგა
ფეხი” ქართული სცენის მომავალმა ვარსკვლავმა-ელისაბედ ჩერქეზიშვილმა. ჟურულების და მაქარაშვილების შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთსა და პერუში. სად აღარ იყო გაბნეული მათი არქივი, ფოტო-მასალა. ვის აღარ დავუკავშირდით…ჩავწერეთ პერუში მცხოვრები ილია მაქარაშვილის შთამომავალი გოგი მაქარაშვილი. წინაპრების შესახებ მასალების მოძიებაში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია კომპოზიტორმა ლელა მაქარაშვილმა. დაიწერა 650 გვერდიანი ორენოვანი(ქართულ-ინგლისური) წიგნი, რომელსაც თან ახლავს უნიჭიერესი ქართველი მსახიობის, დუტა სხირტლაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი. უდიდეს მადლობას ვუხდი წიგნზე მუშაობის დროს გაწეული დახმარებისთვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, ბატონებს: პაატა ნაცვლიშვილს, გიორგი კალანდიას, ნიკო ჯავახიშვილს, ვახტანგ ცაბაძეს, ოთარ ჯანელიძეს. განსაკუთრებული მადლობა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ჩვენს საამაყო მწერალს, გიორგი კეკელიძეს და დირექტორის მოადგილეს, ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს, რომლებმაც წიგნის გამოცემა იტვირთეს. მადლიერება მინდა გამოვხატო გორის მუნიციპალიტეტის მერიისადმი, რომ არა ჩვენი ქალაქის მესვეურთა მხარდაჭერა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა. დიდი მადლობა, ჩემს ძვირფას კოლეგებს: იოსებ ალიმბარაშვილს, ზურაბ ზურაბაშვილს, სოსო ენუქაშვილს, ვიქტორ ქარქაშაძეს, შალვა მურადაშვილს. თუ ვინმე გამომრჩა, შენდობას ვითხოვ! წიგნის პრეზენტაციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ. სწორედ იქ გელოდებათ საჩუქარი: “არბო, პარიზი, ლიმა”(ასეთი შთამბეჭდავი სათაური შესანიშნავი ქართველი პოეტის, მეცნიერის, ჟურნალისტის და მოგზაურის ბატონ პაატა ნაცვლიშვილის მიგნებაა)
































