შალვა გოთოშია: 1938 წლამდე მიღებული იქნა საკავშირო დადგენილება, რომლის თანახმადაც ავტონომიებში მოსახლე ეთნოსთა ენა უნდა გადასულიყო შესაბამისი მოკავშირე ენის დამწერლობაზე. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო გახდა, რადგან რესპუბლიკის ენა ქართული იყო, აფხაზური და ოსური ენის კირილიცაზე გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა, შესაბამისად ამ დადგენილებამ უნებლიედ ქართულ დამწერლობას გაუწია სამსახური. ოსებს ამ დადგენილებამდე და ზოგადად სულ, კირილიცა ჰქონდათ დამწერლობად, ხოლო აფხაზებს თავიდან კირილიცა, შემდეგ კი ლათინური ჰქონდათ, რომელიც თავიდან თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის შეიქმნა. 1926 წელს კი, დიმიტრი გულიამ აფხაზურის ლათინურზე გადასვლა გამოაცხადა. დიმიტრი გულია, ქართველთა იმ არც თუ ისე მცირე რიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთ თავს აფხაზებად მიიჩნევენ. მან აფხაზური კულტურისთვის თავი გადადო და ამ პროცესებშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. 1937 წელს დაიწყო ბეჯითად მუშაობა დადგენილების შესასრულებლად, თათბირებში მონაწილეობდნენ ქართველი, აფხაზი და რუსი ენათმეცნიერები. აფხაზთა მხრიდან მუშნი ჰაშბას და დიმიტრი გულიას თავისი პროექტები ჰქონდათ, ქართველთა მხრიდან ამ მხრივ წარმოდგენილები იყვნენ სიმონ ჯანაშია და აკაკი შანიძე. 4 დეკემბერს, პროექტების უმრავლესობაზე უარი იქნა ნათქვამი და მხოლოდ სამი შემორჩა, ამ სამისგან კი ერთიანი პროექტი უნდა ჩამოყალიბებულიყო, ეს პროექტები ეკუთვნოდათ გულიას, ჯანაშიას და შანიძეს. საბოლოოდ ახალ აფხაზურ ანბანში იყო 59 ასო – ბგერა. ლინგვისტური კუთხით რომ მივუდგეთ, აფხაზური ანბანი უთავბოლოდ გაწელილია, მასში ბევრია დამატებითი ნიშნები, შესაბამისად ბევრი ერთნაირი ასო პატარა დეტალებითაა განსხვავებული, ეს საკითხი აფხაზურ ენაში არ გამოსწორდება, მაგრამ დონის მიხედვით ყველაზე დიდ პრობლემას ამ მხრივ, ლათინური ანბანი წარმოადგენდა, აფხაზეთის ასსრ – ს უმაღლედი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე, ანდრია ჭოჭუა აღნიშნავდა, რომ ლათინური არღვევდა აფხაზური წერის სტილს, 51 ასოდან, მხოლოდ 21 იყო გრაფემა, 30 კი დამატებითი ნიშნები. სტილის უქონლობა და დიდძალი დამატებითი ნიშნების არსებობა ძალზე ართულებს კითხვის მექანიზმს და წერის სისწრაფეს, ძალზე ღლის მხედველობას ნიშნების გარჩევა ერთმანეთისგან, თან ეს ნიშნებიც სრულყოფილი არ არის. კირილიცასაც იგივე პრობლემა ჰქონდა, ხოლო ქართული დამწერლობა მაქსიმალურად აკმაყოფილებდა აფხაზურის ფონეტიკას. ამ ფაქტს, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ რუსეთის პოლიტიკის გამო, ბუნებრივია ქართულზე აფხაზურის გადაყვანა არც განიხილებოდა. გადმოცემების მიხედვით, აფხაზებს სხდომებზე არანაირი სიძულვილი ქართველების მიმართ არ ეტყობოდათ, თათბირებში სამივე წარმოშობის სულ 33 ადამიანი მონაწილეობდა, ეს ყველაფერი კი ხდებოდა სოხუმში, აფხაზური კულტურის ინსტიტუტში. 33 მონაწილიდან 20 აფხაზი იყო, 9 ქართველი და 4 რუსი. აფხაზებიც ბეჯითად შრომობდნენ შეექმნათ სრულყოფილი აფხაზური ანბანი, ქართული დამწერლობის დახმარებით, უფრო მეტიც, აფხაზთა მხრიდან, პედაგოგმა კონდრატ ძიძარიამ თათბირის დახურვისას განაცხადა:

,, თათბირმა 4 და 5 დეკემბერს სამ სხდომაზე განხილვის შემდეგ გამოიტანა ერთხმა გადაწყვეტილება და დაამტკიცა ქართულ ალფაბეტზე დამყარებული ახალი აფხაზური დამწერლობის პროექტი. ამით საფუძველი ჩაეყარა ამ დამწერლობის ათვისების, დანერგვისა და ფართოდ გავრცელების დიდ სამუშაოს, რაც დაიწყება შესაბამისი ზემდგომი ორგანოების მიერ მისი დამტკიცებისთანავე.
ახალი ალფაბეტი ხელს შეუწყობს ორი მოძმე ხალხის [აფხაზებისა და ქართველების – თ. გ.] უფრო მეტად დაახლოებასა და ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის შემდგომ განვითარებას.
თათბირის მუშაობა ნაყოფიერი იყო იმიტომ, რომ მასში ადგილობრივ მუშაკებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისიდან ჩამოსული პროფესორები პ. შარია, ა. შანიძე, ს. ჯანაშია, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია, რომელთაც ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ”
1954 წელს, სტალინის სიკვდილის შემდგომ მალევე, დიმიტრი გულიამ აფხაზური ენა, ისევ 1892 წლის კირილურ ანბანზე დააბრუნა, რომელიც მან 16 წლის ასაკში დაწერა კოსტანტინე მაჭავარიანთან ერთად. ამის შემდეგ აფხაზები ხშირად საყვედურობდნენ ქართველებს ამ გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თათბირებზე არანაირი ძალდატანება არ ყოფილა, აფხაზები ამაში მაინც ასიმილაციის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა დღემდე უცნობი დარჩა რამდენად უწყობს ხელს კირილიცა აფხაზური ცნობიერების შენარჩუნებას, იმის ფონზე, რომ დღეს აფხაზური გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენაა.































