იასამნისფერ პლანეტაზე
იასამნისფერ პლანეტაზე,
სადაც ეპიდემიაა
სულის დალტონიზმის,
ერთიხანია
მწვანე წითელია,
ლურჯი ყვითელია.
სამიზნე მხოლოდ ასკეტური კიტელია,
პლანეტის მეფე კი – ტიტველია!
ყაყაჩოც, სისხლიც და ქარებიც მწვანეა,
ას ფერთა გარჩევა ხორცისთვის მავნეა
და სიცოცხლისათვის საშიში
უნარია.
ტრიტანოპია ამ მეფეს არ აშინებს,
პირიქით – იცინის,
იისფერი რა ბედენააო,
და ბრძანებს, მის მიმართ სიბრმავეს
სტიგმად ნუ აქცევთო,
შეეცადეთო!
ბრძანების ასეთის
კვალდაკვალ პლანეტის
ყრიალა ყვავების
(ყველასთვის საყვარლების)
იყვირეს საყვირებმაც
და მთელს პლანეტაზე
იების დანახვა
კონფორმისტებმა
აქციეს ხარხარად,
აკომპანიატორი –
ყვანჩალა მჩხავანა!
- * *
პატარამ, რომელმაც იყვირა შარშანწინ,
ეს თქვენი მეფეო არისო ტიტველი,
შეკრიბა ტყეებში მცივანა იები
და სთხოვა ეცეკვათ
მეჯლისზე მთიების…
იები,
ტურფა და თვალღია იები –
აენთნენ იისფრად აპრილის ჰანგების
უჩინო სიმები!
სულ ერთი ბეწო
იისფერი
იაიები –
ციდა იმედი…
ის იყო უნდა ეხარხარათ
კონფორმისტებს,
კარიერისტებს,
ობივატელებს,
კლაკიორებს,
მეშჩანებს და
სულის უფერულების
არაქრესტომათიული სნეულებით
შეპყრობილებს,
რომ
სცენაზე გამოჩნდა
ჭაბუკი პოეტი.
უცნაურ ბგერებით,
მზით მთვრალი ქვევრებით,
რითმების არნახულ ფერებით
და ახალნერგებით
გვახარა ზეენით,
რომ ძლიერ უყვარდა სწორედ იისფერი,
არა იასამნის, არამედ იის ფერი,
და ოდენ იისფერი თოვლის
ფანტელები…
და უცებ ზეცამ და აპრილმა
იისფრად დათოვეს…
და მთელი სამეფო დაიპყრეს
თვალღია ფანტელთა.
არ ჩანდა აღარსად პლანეტა,
არც ტახტი, არც თაღნი ამ სვეტთა,
არც მეფის ანჩხლი და ანეტა –
თვალდახრილ იათა –
ბუნების ადეპტთა
ჯალათი.
იისფრად დათოვლილ კოსმოსში
დარჩება პოეტის უკვდავი ლოგოსი.
და ყველა,
ვინც ტანჯვით, წამებით, გოლგოთით
უშენა სამშობლოს სიტყვა და გოდოლი,
და ვინც ვერ შებედა
უკვდავად შექმნილ სულს –
დალტონიზმი!
- * *
იასამნისფერ პლანეტაზე, სადაც
მწვანე ბუნება გადასახლდა წითელ წიგნში
უმისამართოდ,
ხოლო იისფერი თოვლის პოეზია ნონსენსია,
დარჩნენ ოდენ იასამნისფერსითხიანი
უფერული ჰომუნკულუსები…
და მხოლოდ იქ,
იისფერ ფანტელებით დათოვლილ კოსმოსში –
პოეტის უკვდავი ლოგოსი.
მაისი, 2012






















