თავისუფლების არმიის მთავარსარდალი
( ხსოვნად ელიზბარ ერისთავისა )

ხსოვნად და რიტუალად 11 იანვარი დადგინდებოდა:
თავისუფლების არმიის მთავარსარდალს ელიზბარ ერისთავს ასე მიეგებოდა ყოველწლიურად პატივი გორში – ეკლესიაც გადაუხდიდა პანაშვიდს და სამოქალაქო წესითაც გაიმართებოდა მისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის თავყრილობა.
იყო დრო, როდესაც 1832 წლის შეთქმულება მიჩქმალულიყო, და თუ მაინც ახსენებდნენ, როგორც მკრთალსა და უღიმღამოს.
და მისი ერთ-ერთი მეთაური და შემდგომ უკვე მთავარსარდალი რატომღა უნდა ყოფილიყო დაფასებული?
და ერთადერთ დასტურად მისი არსებობისა და გაბრძოლებისა რჩებოდა გიორგი გოზალიშვილის მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალების სამტომეული: „1832 წლის შეთქმულება“.
და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების დაარსებას (1995 წელი) თავისთავად უნდა მოჰყოლოდა ამ შეთქმულების გამორჩეული მნიშვნელობის სრულფასოვანი წარმოჩენაც და ელიზბარ ერისთავის სახელისა და ღვაწლის ყოველმხრივი გამოკვეთაც – როგორც ეროვნული გმირისა და როგორც თვალსაჩინო მეწარმის, საერთოკავკასიური მასშტაბისად ისევე რომ აქცევდა თავის მინის ქარხანას, როგორც მანამდე ფარული პოლიტიკური მოძრაობა გაეშალა კავკასიური იდეის საფუძველზე.
სახელისა და ღვაწლის ყოველმხრივი გამოკვეთაცო…
დაიწყებოდა თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექციით ჩვენი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო გაერთიანების სხდომების პირველივე სეზონში.
გაგრძელდებოდა ჩემი ნარკვევითა თუ ლიტერატურული დეტექტივით, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის – „ქეთევან“ – საიდუმლოება რომ ამოიხსნებოდა.
მოჰყვებოდა ელიზბარ ერისთავისადმი მიძღვნილი კრებული, სადაც თავს მოიყრიდა საგამოძიებო მასალებიც და ცალკეული სტატიებიც.
ბიოგრაფიულ რომანის გმირადაც რომ ვაქცევდი: „მდინარესა ზედა ქსნისასა“.
ამ ცოტა ხნის წინათ „არტანუჯი“ და მაია ცერცვაძე ელიზბარის ქალიშვილის – ელისაბედ ერისთავის – მოგონებებსაც გამოამზეურებდნენ.
ატენის ხეობის სოფელ ღვარებში ელიზბარის ქარხნის ადგილას აღიმართებოდა ჯვარი.
თვითონ ელიზბარ ერისთავის ქანდაკი დაიდგმოდა გორის უნივერსიტეტის წინ, მანამდე ორ ეტაპად რომ გაიმართებოდა კონკურსი უკეთესი ნამუშევრის გამოსავლენად, კომისიაც რომ იმუშავებდა და სახალხო განხილვაც არ მოაკლდებოდა, საბოლოოდ გენო ზაქარაიას პროექტს რომ დარჩებოდა გამარჯვება.
წიგნების განხილვებსა, სატელევიზიო სიუჟეტებსა თუ სხვადასხვა სახის წერილობით თუ საჯარო გახსენებებზე რომ აღარაფერი ითქვას.
ვინ ითავებს მთავარსარდლობასო? – მზერას რომ მიმოავლებდნენ სოლომონ დოდაშვილი და ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი უნდა წამოჭრილიყო:
თუნდაც მეო!..
აჯანყების წინამძღოლობას რომ იკისრებდა და… თურმე სულაც თავისუფლების არმიის მთავარსარდლად უნდა შესულიყო საქართველოს ზნეობრივ ისტორიაში.
და თუ ბარათაშვილის ლექსის ტალღებში გაისმის მისი სახელი, აწ უკვე მონუმენტურ სახებად დამკვიდრებულა ეროვნულ გმირთა გალერეაში. კვლავინდებურად რომ გვაგულიანებს მსოფლიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდინარებაში სრულყოფილ სახელმწიფოდ დამკვიდრებისათვის და ისტორიული მოვლენების პროცესში უშუალო მონაწილეობისათვის.





























