ბაგრატის მთიდან გადაღებული სოხუმის ფოტო.
შუაში 3-სართულიანი თეთრი შენობა რომ ჩანს, ჩემი ქ. სოხუმის აკ. წერეთლის სახელობის მე-6 საშუალო სკოლა-ა, სადაც 1980-1991 წლებში ვსწავლობდი – 0 კლასიდან XI-ს ჩათვლით.
ამ სკოლაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰოსპიტალი იყო. სხვათა შორის, რეალობა აღდგენილია ქართულ მხატვრულ ფილმში „შეწყვეტილი სიმღერა“ ☺️.
მესამე სართულის ორი მარცხენა ფანჯრის ოთახი ერთი პერიოდი ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი იყო და იქ გავიარეთ შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა (მანამდე იქ ინგლისურის კაბინეტი იყო). ახლაც, „შუშანიკის წამებას“, „აბოს წამებას“, „ვეფხისტყაოსანს“, დავით გურამიშვილს რომ ვიხსენებ, მუდამ ეს კაბინეტი მაგონდება.
უკიდურესი მარჯვენა ორი ოთახი კი გერმანული ენის კაბინეტი იყო. გერმანულს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გერმანისტი, ქალბატონი თინა ჟვანია გვასწავლიდა. თუმცა, მე არ ვისწავლე. უფრო სწორედ ვერ ვისწავლე, ამ der-das-die-dem-der-den-ებს ვერ გავუგე ვერაფერი და ö-ü-ებმაც სისხლი გამიშრო .
მეორე სართულზე მხოლოდ სამასწავლებლო და დირექტორატი, რომლის ფანჯრები ცენტრალური ქუჩისკენ გადიოდა, და ფიზიკის კაბინეტი მახსოვს. სხვებს ვერ ვიხსენებ, რადგან ჩვენი კლასები, დაწყებითში, ჯერ პირველ სართულზე იყო, მაღალ კლასებში კი – მესამეზე გაგვამწესეს. რაც ცუდი არ იყო, რადგან მესამე სართულს ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას და „ბურთი და მოედანი“ ამიტომ მოსწავლეების ხელში იყო. ძალიან არ უნდა დაგვენგრია სართული და კლასი, რომ ყურადღება არ მიგვექცია ძალიან და ვინმე დირექტორატიდან არ ამოსულიყო.
ამიტომ, მესამე სართული „ბლატნოი“ იყო. თან, გაზაფხულზე, წუწაობის დროს, იქიდან გადმოსხმული წყლით უფრო ეფექტურად სველდებოდნენ, ვინც ამ პერიოდში გაუფრთხილებლად ახლოს მოუახლოვდებოდა შენობას (წყლის დასხმის მანძილი ) ან მეორე სართულის ფანჯრებიდან გამოყოფდნენ თავებს.
მესამე სართულიდან თოლიების გამოკვებაც სახალისო იყო. ბუფეტში ნაყიდი ფუნთუშებით რამდენი სოხუმელი თოლია გამომძღარა . ნატეხს აისროდი ჰაერში და, არ ვიცი, როგორ ამჩნევდნენ, „ლოკომოტივის“ პლაჟის მთელი თოლიობა სკოლაში აღმოჩნდებოდა. რამდენი გაკვეთილი ჩაგვიშლია ასე. განსაკუთრებით თბილ დღეებში, როცა ფანჯრები ღია გვქონდა. თუ გაკვეთილის ჩაშლა ჩვენს „დღის წესრიგში“ შემოდიოდა, გაკვეთილის მსვლელობისას შემონახული ფუნთუშის ნატეხს ფანჯარასთან ახლოს მსხდომნი ფანრიდან მოისროდნენ და მორჩა, გაკვეთილი, მინიმუმ ერთ კლასში, ჩაშლილი იყო.
ჰო, ზოგადად ჩვენი უბანი ძალიან „ბლატნოი“ იყო, მისი დაუწერელი „ღირსების კოდექსით“. ტურბაზელობა „მაღალი კლასი“ იყო სოხუმში. როგორც კი ამ უბანში შემოვიდოდა ადამიანი, იმთავითვე გრძნობდა, რომ სხვა გარემო იყო. რა თქმა უნდა, სხვა უბნებისგან ღობე არ გვყოფდა, მაგრამ, თითქოს, უჩინარი ღობე იყო. ეს „ტურბაზელობა“ დღემდე მოგვყვება „ტურბაზელებს“.
ჩვენი სკოლა „სანიმუშო“ სკოლების რიგში იშვიათად ხვდებოდა. უფრო „ქუჩური“ სკოლა იყო, მაგრამ კარგი სკოლა იყო, სადაც ჩემი ცხოვრების 11 წელი გავატარე. მაშინ გვეჩქარებოდა სკოლის დასრულება და „დიდობას“ შევნატროდით. ნეტავი, ახლა იქ ვიყოთ, სკოლაში, მოსწავლეებად…





























