განაგრძე ცხოვრება…
მე მოვკვდი, შენ უნდა განაგრძო ცხოვრება,
იპოვნე სუნთქვისთვის ახალი მიზანი,
ნუ მეძებ, არ გარგებს, ვერ გეტყვის ვერაფერს
მაგ ქვეყნად ვერცერთი მოგვი და მისანი.
მე მოვკვდი, ნუ მადრი ნურავის, ფუჭია…
ღიმილით მახსენე, თუ სადმე წამოგცდე,
მე თვალი იმისთვის არ დამიხუჭია,
რომ გლოვის მარწუხებს ვერაფრით გამოსცდე…
გამიშვი, ნუ მტანჯავ ყოველღამ სანთელთან,
გამიშვი და ისევ ღიმილით იარე,
დასკუპდი, ვით უწინ, შენს ბროლის სარკესთან,
სიცოცხლის სურვილი კვლავ გაიზიარე…
თუ მართლა გიყვარდი, შესძელი გაშვება,
მანდ შენი თვითგვემით, აქ მტანჯავ, იცოდე…
მკვდარსაც არ მასვენებს ეს კითხვა- რას შვრება?!
რატომ გსურს, მანდ შენი ცოდვით აქ ვიწვოდე?
მე მოვკვდი, გამიშვი, განაგრძე ცხოვრება,
იკმარე ის დარდი, რაც მკერდში ინახე,
ღიმილი მაჩვენე, ანცი და თავნება,
იმღერე, იცეკვე, ილხინე, ილაღე…
იყავი ისეთი, როგორიც მიყვარდი,
ისეთი, ვისითაც აქაც რომ გავოცდე,
და თუკი, ხანდახან, მახსენებ შემთხვევით,
მინდა, რომ მაშინაც ღიმილით წამოგცდე.
20.04.2023 წ. / ირაკლი ნადარეიშვილი





















