Khatuna Katerina Tsikoridze:
გრიგალთა ხმაში…
ქანცგამოცლილი თეთრი კედლის სიმარტოვიდან
ცვივა ბათქაში – ეხეთქება დროს სასამძიმრედ…
გადაუვსია ტყუილს – არე, რა დრო მოვიდა?!
გრიგალთა ხმაში, სმენას, სიოს ჩქამი ამძიმებს!
სითეთრე ყინვის არშიებად უჩანს მიხაკებს –
ბალდახინებთან მიმოყრილს და ფეხით განათელს,
აღარაფრიდან თავდაუხსნელთ, გამომდინარე –
„ვეღარაფერი“ უსადაგებს სიტყვა – განაჩენს!
შრიალებს ხეთა „კოლონა“ და ჰგავს რწევას აკვნის,
შემოდგომის დრო, ბოლო თვესთან იწყებს მისნობას…
და აუვსიათ თვალთა უპე – გიშრის და… მაყვლის –
ცრემლთა ხმაურს და… უსხეულო გზებს – უმიზნობის!
გადაუყვლეფავს დედამიწას – ნოემბრის ლურჯი –
მუხლისთავებად, იდაყვებად, დაჭრილ მყესებად…
ვარ უსხეულო – სულიერი, გონჯი და მუნჯი,
ვერავინ ხედავს ვინ ვარ, რა მჭირს, მხედავს ლექსები!
ქანცგამოცლილი თეთრი კედლის სიმარტოვიდან
ცვივა ბათქაში, ეხეთქება დროს სასამძიმრედ…
ვიხსენებ ძველს და… მიკვირს, ხედავთ, რა დრო მოვიდა?!
გრიგალთა ხმაში, სმენას – სიოს ჩქამი ამძიმებს!
Khatuna Katerina Tsikoridze Bagdateli
07/11/2024



























