
შენ შორდებოდი
შენ შორდებოდი გაგიჟებულ
ქვეყანას შენსას,
სად ჯეირნები სეირნობდნენ
ყინულის ცაზე…
ხეები ტოტებს არ უთმობდნენ
ქარიშხალს ურჩად,
დახვრეტილი კი ჭირს უძლებდა
ნატანჯი ქუჩა;
ეთხოვებოდი მაღალ ჭადრებს,
ღმერთზე გულაყრილთ,
ბინდი კი ნთქავდა იმ ხოხბისფერ
სინათლეს მთაზე,
მზე იძინებდა, მოეტაცნა
ქარს სასთუმალი,
ჩიტი გაებრდღვნა მშიერ მწევარს
სისხლიან ქვაზე;
ეფერებოდი მოხუცებულ
დაკოჟრილ მიწას,
ხელს გიკაწრავდენენ, არ გიშვებდნენ
შენ მამის ძვლები…
გეხლართებოდნენ, ვით ლერწამნი
აკივლებულნი,
აალებულნი დედის სხივად,
წარმტაცი თმები…
საფლავებიდან თითო პეშვი
მიგქონდა ბელტის,
რომ ჰამლეტივით არ ჰყოლოდი
ობოლი სიკვდილს,
ღვთის გაჩენილნი თავად უფალს
ესროდნენ ტყვიას
და იფერებდნენ საუკუნის
საშინელ სირცხვილს…
შენ შორდებოდი გაგიჟებულ
ქვეყანას შენსას
და ლოცვით დაღლილს არ გტოვებდა
მერაბის ჩრდილი,
ილიას კუბოს ო, იმ ღამეს
ცეცხლი ეკიდა,
მის ბედშავ მამულს მერამდენე,
სტოვებდა შვილი…
მეგი მოლოდინი


























