თავი შემახსენა ბაზალეთელმა… ((
ბაზალეთელის გოდება
ერთხელ მეც ვიყავ ტაოს მორჩილად
ხანძთის კედლისთვის ვზიდე ლოდებიც,
მომფერებია ვაზი მორჩი და
ფესვი მომყვება მისი, მგოდები.
სულში ნაბზარი ოშკის სამრეკლოც
გულს ჩამრჩენია მწამვლელ ხიწვივით,
ნამწვი სანთლისა, ო, ის საეკლო,
ვით მომაკვდავი ბარტყი მიწივის.
ერთხელ მეც ვახლდი გზაში თევდორეს,
გასატყუებლად უხსენებლისა,
მას მეც აკუწულს, სისხლით ვეტბორე
და ვიტარიგე, უფლის ნებისად.
მაგრამ ერთხელაც, მეც მონანიე
დავჯექ და ვწერე ლექს-გალობანი,
თუმცა დღეკრულმა, ვერ მოვაპნიე
სიყვარულისთვის ძეთა ხმობანი.
ერთხელ მეც ვიყავ გურამიშვილთან
მოწმე ჭირისა – ქართლის დაცემის
და რა ვიხილე, უმალ მიშვილა
უსასოობამ, ძმისგან ნაცემის…
ამ სენმა ცხრილა ქართული გენი
მემატიანის კალმის სამელნედ,
დასაბამიდან მე იგი მდევნის,
მტრებს კი სიამით მუდამ აელმებს.
ამაოდ ვქსოვე მზისგან ფარჩები,
რომ შემენიღბა ჟამთა ჭრილობა –
მაინც გამოჭრა მთვარემ ფლასები,
მიწა დაფარა სისხლის ჭილოფმა.
დასაბამიდან ღრუბლებს მოვყავარ
იმ მოყმის ცრემლად ბაზალეთელის,
მაინც ვერ ვშველი კენტი – მონაგარს,
ამაოდ დავშვრი კახთან წყნეთელი…
ერთხელ მეც ვიყავ ტაოს მორჩილად,
ბედსაც ვემგზავრე ბერის კველთელის…
არვინ მომენდო მტირალს, მომჩივანს –
გესმათ: ზარი ვარ, ბაზალეთელის!
მეგი მოლოდინი





























