ვენდენი, სადაც 190 წლის წინათ გრიგოლ ორბელიანი მსახურობდა

ლატვიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს პატარა, კოპწია ქალაქი ცესისი, რომელსაც წარსულში ვენდენი ერქვა. ამ ქალაქის ცენტრს ამშვენებს შესანიშნავი ციხე-სიმაგრე, რომელიც წარსულში გრაფ სივერსთა საკუთრებას წარმოადგენდა. ამ ქალაქში მდგარ სამხედრო ნაწილში 1834 წელს მსახურობდა გრიგოლ ორბელიანი (1804-1883), რომელმაც ბალტიისპირეთში შექმნა თავისი მშვენიერი ლექსები: “ჩემს დას ეფემიას”, “მუხამბაზი” და სხვ.

1834 წლის 22 მაისს, გრიგოლ ორბელიანი თავის ძმას – ზაქარიას წერდა: „ვნახე ვენდენის ჩინებული ციხეცა, რომელიც აწ ეკუთვნის ღრაფ სივერსსა. ვენდენი ძალიან პატარა ქალაქია და შორიდან საამურია სანახავად. დაძველებულნი და ჩამონგრეულნი ციხის კოშკები მრისხანედ დაჰყურებენ ლამაზთა ფაქიზთა ახალთა ქალაქის შენობათა, როგორც გაანჩხლებული ბებერი აბელ მინბაში თავის შვილიშვილებს. ყოველს საღამოს ავდიოდი ერთს ჯერ აქამდის მთელად დაშთომილს კოშკზე, რომლიდამაც ჰსჩანდა შორს გარეშე მშვენიერი მდებარეობა… ვენდენში კვარტირა მქონდა ბარონ შტორხის სახლში. ჩემს გვერდით იდგა იმათი ნათესავი ერთი ლამაზი ქალი. ახ! ზაქარიავ, იმისი ფორტეპიანოს დაკვრა და სიმღერა გამაგიჟებდა აქამდის, თუ ცოტა ბებერი არ ვყოფილიყავ. მოკლედ, გავიცან, ერთი დაკეტილი კარები იყო ჩვენშიც, მაგრამ…“
აქვე უნდა დავამატო, რომ როცა ამ წერილში თავის სიბერეზე ჩიოდა, გრიგოლ ორბელიანი აშკარად ხუმრობდა, ვინაიდან ის მაშინ სულ 30 წლისა გახლდათ…
ეჰ, ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს ინახავს ვენდენის ციხე-სიმაგრის ჩამონგრეულ-დაბზარული კედლები…

გთავაზობთ ამ ციხე-სიმაგრისა და მისი შემოგარენის ფოტოებს. ეს ფოტოები გადავიღე 2009 წლის 7 სექტემბერს, როდესაც იქ პირველად ვიმოგზაურე ცნობილ ქართველ მწერალთან და საზოგადო მოღვაწესთან რაულ ჩილაჩავასთან ერთად.





























