მე პირადად, ინგლისური ,რუსული თურქული ენები ჩემი მშობლიური ენის სათარგმნად მჭირდება და არა პირიქით.
ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელიც სხვა ენაზე არ ითარგმნება. ასეთ დროს ხდება ამ სიტყვების შინაარსის ახსნა. ანუ ახსნითი თარგმანია საჭირო, რომ ადამიანს მასზე წარმოდგენა შეექმნას. მაგალითად, ჩურჩხელა, თამადა და ყველა ის კულტურული რამ, რაც ქართველს და საქართველოს ახასიათებს. ძირითადად ასეთი სიტყვები არ ითარგმნება და საჭიროა ახსნითი თარგმანი. ასეთი სიტყვები არის არა მარტო ქართულში, არამედ სხვა ენებშიც, ქართულის მსგავსად, არც ისინი ითარგმნება სხვა ენაზე:
ალავერდი,თავქუდმოგლეჯილი;
მჭადი,ხინკალი-ტრადიციული კულინარიული სიტყვები.
ალქაჯი, დედაკაცი,დევი…
როგორც თანამედროვე ქართული ენის ანალიზი გვიჩვენებს, ქართულ ენაში მრავლადაა სპარსული, თურქული, არაბული, რუსული თუ სხვა ენებიდან ნასესხები სიტყვები. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ინგლისური ძირის სიტყვებსაც ფართოდ უნდა გავუღოთ ქართული ენის ლექსიკის კარი და თამამად დავუშვათ ენაში? აქ საჭიროა გავაანალიზოთ განსხვავება ნასესხობას, უცხო სიტყვასა და ბარბარიზმს შორის.
ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს.
როგორც აღინიშნა, ქართულში მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბულიდან, სპარსულიდან, თურქულიდან; რაც შეეხება რუსული ენის გავლენას, ამ გავლენის მასშტაბები, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე შესწავლილი და გაანალიზებული. ამ გავლენის შედეგებს დღესაც ვიმკით იმ აურაცხელი რუსულენოვანი ბარბარიზმებით, რისგანაც ენა ჯერ კიდევ ვერ დაიწმინდა. ნიშანდობლივია, რომ 1887 წელს ლადო აღნიაშვილი, თავისი “უბის ლექსიკონის” წინასიტყვაობაში, წერს:
ხუთი წამიც კი ვერ ლაპარაკობენ დღეს წმინდა ქართულ ენაზე ისე, რომ საუბარში რუსული სიტყვები არ გაურიონ, რაც ღვთისაც წინააღმდეგია და კაცისაც არა სასიამოვნო
ლადო აღნიაშვილი
როდესაც რუსული ენის გავლენაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ენიდან ქართულში ბევრი ინდოევროპული ძირის სიტყვა შემოვიდა, რადგან რუსული ენა, ერთი მხრივ ინდოევროპული ენაა (ისევე როგორც ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ბევრი სხვა ენა), და მასში არის ინდოევროპული წარმოშობის სიტყვები, მეორე მხრივ, რუსულ ენაში, ფრანგული ენის გავლენით, ბევრი ფრანგული სიტყვა შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი ლათინური ძირისაა. ამდენად, რუსული ენის გავლენის შედეგად, ნაწილობრივ მოხდა ქართული ენის “გაევროპელება” და ეს კარგად ჩანს თუნდაც ისეთი სინონიმური რიგების შედარებით, როგორიცაა:
პრიორიტეტული – უპირატესი
რეზულტატი – შედეგი
ექსპერიმენტი – ცდა
კომფორტი – სიმყუდროვე
კომპენსაცია – ანაზღაურება
ტალანტი – ნიჭი
ტრანსფორმაცია – გარდაქმნა
პროგრესი – წინსვლა
ირიგაცია – მორწყვა
ექსპერტი – მცოდნე
კორპორაცია – გაერთიანება
კორუფცია – მექრთამეობა
ტენდენცია – მიმართულება
კორექტული – სწორი
ნეგატიური – უარყოფითი
პოზიტიური – დადებითი
ავთენტიკური – სარწმუნო
პუბლიკაცია – ნაშრომი
და მრავალი სხვა
ეს უცხო სიტყვები ძირითადად რუსული ენიდან შემოვიდა ქართულ ენაში, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა შემოსულიყო სხვა ევროპული ენიდან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები ქართულ ენაში დამკვიდრდა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ ჰქონდათ რუსულ ენაში (ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით).
ქართული ენა, ცხადია, არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით. ნებისმიერი ენის ლექსიკის ეტიმოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი შედგება მშობლიური სიტყვებისა და ნასესხები სიტყვებისაგან.
თავად ინგლისურ ენაში, რომელიც ბარბარიზმების ძირითადი წყაროა თანამედროვე ქართულისათვის, ლექსიკის თითქმის 60% ლათინური და ფრანგული ძირის სიტყვებია. ეს ნასესხობა გამოიწვია ნორმანების მიერ 1066 წელს ინგლისის დაპყრობამ, რის შემდეგაც სამ საუკუნეზე მეტხანს ინგლისში სახელმწიფო ენა ფრანგული ენა იყო. მანამდე, ინგლისი სკანდინავიელებს ჰქონდათ დაპყრობილი, რაც ასევე აისახა ენის ლექსიკაში სკანდინავიური ნასესხობის სახით.
ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში.
ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში.



























