აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხები“ მე-3 ტომში (თბ., 1966) გამოქვეყნებულია ერთი სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:
„სამეცნიერო-საისტორიო მწერლობაში აწინდელ“ აფხაზთა წარმოშობის საკითხი შესწავლილი და საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის… ისტორიკოსის წინაშე საკითხი დგას იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ აწინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე ის ტომები (ბერძნული წერილობითი წყაროების მოწმობით, და ამას მხარს უჭერს სხვა რიგი ფაქტებიც, მათი რიცხვი მრავალი იყო!), საქართველოს ისტორიის მშენებლობაში ორგანიულად რომ მონაწილეობდნენ ამ ისტორიის მთელს სიგრძეზე უძველესი დროიდანვე მოკიდებული…
მაინცდამაინც მეცნიერებას არ მოეპოვება იმის საბუთი, რომ აფხაზეთში მობინადრე ეს ტომები უფრო შორს იდგნენ იბერ-ლაზებისაგან, ვიდრე, ვთქვათ, სვანები, მესხები, ჰერები. მარტო ის რადა ღირს, რომ ქართული გადმოცემით ქვეყანა ლიხის მთიდან ვიდრე ყუბანის მდინარემდე – და მაშ შუა საუკუნეების „აფხაზთა საერისთავოც“ – უძველეს დროიდანვე ეგროსის წილი იყო და რომ ქალაქი ბედია (აფშილეთში) დაარსებულია იმავე მეგრელთა ეპონიმის (მამამთავრის) ეგროსის მიერ…
…მარტო ისიც საკმაოა მოვიტანოთ, რომ „აფხაზეთის სამეფოს“ (ე. ი. დას. საქართველოს) ქართული ეკლესიის საკათალიკოზო ტახტი საკუთრივ აფხაზეთში იყო (ბიჭვინტაში)…
…საქმე ისა, რომ ისტორიულ-კულტურული ერთობა „აფხაზეთთან“, ათეულ საუკუნეთა განმავლობაში აგრე ორგანიული და ინტენსიური, უკუღმართ ისტორიულ მოვლენათა მიზეზით გვიანფეოდალური საქართველოს ძნელბედობის ხანაში თანდათან შესუსტდა. მტაცებელმა ოსმალეთმა ამ მოვლენებს განსაკუთრებით ძლიერად შეუწყო ხელი. მთლიანი საქართველოს სიმტკიცის გასატეხად ოსმალეთმა ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ჯიქეთ-აფხაზეთში დაიგულა. ასეთივე დასაყრდენები გაიჩინა მან სამცხე-სათაბაგოში, ქვემო გურიაში. ამიერიდან სოხუმში, ახალციხეში, ბათომში ეწყობოდა საქართველოს წახდენა-გადაშენების ოსმალური გეგმები. ახალციხისა და სოხუმის ფაშები თუ ბათომის მუტესარიფები იყვნენ ოსმალეთის აგრესიის მოწინავე დროშის მეთაურები…
…მაგრამ არც XIX საუკუნე იყო საქართველოსათვის ამ მხრივ ნიავკეთილი. ცარიზმის აგენტ-კოლონიზატორებისათვის არ იყო ხელსაყრელი და სასურველი ქართველი ერის ჩამოყალიბება, საქართველოს ეროვნული გამთლიანება არ ეთანხმებოდა კოლონიზატორთა მიზნებს და ცარიზმიც ღონეს არ ზოგავდა აღდგომა-გაერთიანების გზაზე შემდგარი საქართველოს ძალების დაშლისათვის. ცარიზმის აგენტ-კოლონიზატორები არაქართველებად აცხადებდნენ აფხაზებს, ქვემო გურულებს (ქობულეთელებს), მესხებს, კლარჯებს, შავშებს, აჭარლებს, აღმოსავლეთ-კახელებს (ინგილოებს), მეგრელებს, სვანებს…
…აი ამ უკუღმართობათა შედეგია, რომ ჩვენ დღეს მტკიცებაც კი გვჭირდება აფხაზების, მესხების (შავშ-კლარჯ-ტაოელთა), ლაზების, აჭარლების, ქობულეთელების და ინგილოების ქართველობისა…“.
ამავე სტატიაში ავტორი სქოლიოში შენიშნავს: „აფხაზეთის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას ამხ. პ. ინგოროყვას საყურადღებო გამოკვლევა შეემატა“.
პ. ინგორყვას „გამათრახებიდან“ 10 წელიც კი არ იყო გასული და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემულ წიგნში ასეთ შენიშვნას ვხვდებით. რედაქციას შეეძლო, ეს წინადადება „ამოეშალა“. ხომ გააკეთეს ასე 1975 წელს „საქართველოს ისტორიის საკითხები“ მე-8 ტომში (https://www.facebook.com/photo?fbid=10222797615225775&set=a.1042805787208). რა უშლიდათ ხელს, რომ ასე მოქცეულიყვნენ 1966 წელსაც, როცა პ. ინგოროყვას „ინცინდენტი“ ჯერ კიდევ ცხელი ამბავი იყო. ჰო, მე-8 ტომის ისტორია სხვა თემაა.
მაგრამ აქ ისიც საინტერესოა, რომ ნ. ბერძენიშვილი (https://www.facebook.com/photo/?fbid=10223851236365645&set=a.1042805787208) „გიორგი მერჩულეს“ საყურადღებო ნაშრომს უწოდებს. რა თქმა უნდა, ის გრიგოლ ხანძთელის თხზულების ინგოროყვასეულ ლიტერატურულ კრიტიკას არ გულისხმობდა აქ, არამედ პავლეს ისტორიულ კვლევას.
ასე რომ, არ არის პ. ინგოროყვა ხელწამოსაკრავი და მაინცდამაინც ადვილი გასაკრიტიკებელი. ამხელა ნაშრომი ერთ ცდაზე და მით უფრო სტალინ-ბერიას „პოლიტიკურ შეკვეთაზე“ (როგორც ამით ზოგიერთს დიდი მეცნიერის დამცირება მოუნდომებია) არ იწერება.


























