☀ კვირას თამარწმინდაში, მირქმის სახელობის ეკლესიაში ღვთის მადლით პირველი ნათლობა შედგა.
☀ მოვნათლე პატარა ალექსანდრე – ჩემი თანაკურსელისა და მეგობრის კახა ბესელიას შვილიშვილი.
☀ დრო გადის და ჩემი თაობის ბიჭები კარგა ხანია პაპა-ბაბუებად დააბიჯებენ თბილისის ქუჩებშიც და მთელ დედამიწაზეც. თან მიხარია და თანაც მიკვირს, როდის დაგვათოვა თმებზე, ან გული რატომ ძგერს ისევ ჭაბუკურად, თუ ეს ყველაფერი სიზმარი არაა და მართლა ჩვენი პაპა-ბაბუობის ხანა დადგა!
☀ მონასტრის ეზოკარში შემოდგომის ულამაზესი დღეც და თბილი მზეც მასპინძლებივით ხვდებოდნენ თითოეულ მომსვლელს და ეფერებოდნენ. ამდენი სითბო, სიყვარული, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, ერთბაშად დახვავებული, კარგა ხანია არსად მიგრძვნია. ერთად ყოფნამ და ლოცვამ ერთ სულად და ერთ გულად გვაქცია ყველანი.
☀ ბედნიერი და დღეგრძელი ყოფილიყოს ალექსანდრე ბესელიას ქართველკაცობა, ცხოვრება და სიყვარული! ამინ!
























