გალაკტიონი და გურია
💚
გალაკტიონისთვის ერთნაირად ძვირფასია ლიხს იქითა და აქეთა საქართველო: ქუთაისი და თბილისი, მტკვარი და რიონი.
ლექსში „მშობლიურო ჩემო მიწავ“, რომელიც სრულიად საქართველოს ჰიმნია, ყველა კუთხეა დასახელებული, მაგრამ მათი ჩამოთვლა, უმეტეს ხელნაწერებში, გურიით იწყება:
„მიყვარს მრავალ ჭირნახული ის გურია
და სვანეთი“.
გურიასთან დიდი სიახლოვე აკავშირებდა: „ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების შერვაშიძეთა გვარიდან – ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზის, გურულისა და იმერელის“.
ეს თუ ჰქონდა მხედველობაში, როცა ერთ-ერთი შეხვედრის დროს მხარზე ხელი გადამდო და მითხრა: „გურულები ვართ ჩვენ, ძამიკო, გურულები!“
გალაკტიონის ლექსიკოლოგიური ჩანაწერები გურიიზმებითაა სავსე:
„დანასისხლად გადამტერებულნი“, „ადადღანდა“, „ჩონგურ-ჩონგურ კეკეჩია, შენ ქე სჭამ და მე ქე მშია“, „აგია ჩემი ბრალი ახლა?“ „არ იგდება“, „ეს ასი წლის კაცი უნათლავ ბაღანასავით ჩააგდეს მიწაში“, „ან ჩემდა, ან მაგისდა, ან მისდა“…
ერთსტროფიანი ლექსიც აქვს:
გზად გურულ ქალს ვეუბნები,
რომ გზაც ვარდით ნაფერია,
ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად
ამბობს: „მაი აფერია“.
ამ გამოთქმას სხვაგანაც იმეორებს.
ლექსებშიაც იყენებს გურულ ლექსიკას:
პატარა სახლი, როგორც ნალია,
თვით სასახლეზე იდუმალია,
სტუმართმოყვარე იმედით დაცხა
გურული ოდა, მეგრული ფაცხა.
იუმორის გურული ნიმუშებიც მოაქვს: „პროლეტარიატი ღელავს – იტყვიან გურიაში, როდესაც ხალხი ვისმეს უცდის“, „გაუმარჯოს ერთობას, ხელში მომცემ ხელთოფას“, „ცოციალისტი“ – ამბობდნენ ხალხში სოციალისტებზე“.
„გურიის მთები“ გალაკტიონის ადრინდელი შემოქმედების ნაყოფია.
მასში არც „ნიკორწმინდას“ ჩუქურთმებია და არც „ეფემერას“ მაგიური ძალა იგრძნობა… მაგრამ „გურიის მთები“ ძლიერი ლექსია!
„წინ, მეეტლევ!“ – ასე იწყება „გურიის მთები“ და ამ ტემპს აძლიერებს სტრიქონის მომდევნო სიტყვები: „ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!“
ასეთი სწრაფი დინებით ჩავდივართ ლექსის ბოლომდე, რომელიც დასაწყისს ეხმიანება: „მაშ, გარეკე ეგ ცხენები, სადმე შორს, შორს წაიყვანე, გამაქანე, გამაქანე!“ და ლექსს ერთ დინამიკურ ტირადად ჰკრავს.
ლექსი თექვსმეტმარცვლიანი მაღალი შაირით არის დაწერილი, ქართულ მეტრიკაში გამორჩეულად ჩქარი რიტმით.
XX საუკუნის ათიანი წლების პირველ ნახევარში, როცა ლექსი დაიწერა, გალაკტიონი არაერთხელ მიმართავს ამ საზომს, მაგრამ არსად იგი ისე კარგად არ არის მორგებული ლექსის შინაარსსა და განწყობილებას, როგორც ამ შემთხვევაში;
პოეტი გურიისკენ მიისწრაფვის, საქართველოს იმ კუთხისკენ, რომელიც ცეცხლოვანი ტემპერამენტით არის სავსე. მიიჩქარის და სული წინ უსწრებს.
„გურიის მთებში“ ცნობილი გურული ლექს-სიმღერის კოდია ჩადებული:
„მივალ გურიაში, მარა სულმა წინ-წინ გეიპარა”.
/აკაკი ხინთიბიძე. ფრაგმენტი სტატიიდან: „მივალ, გურიაში, მარა“
გურიის მთები
…
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი.
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი,
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები – აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წაიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!
/გალაკტიონი. 1914 წელი/


























