
ხურმა-ყველაზე პოეტური ხილი
ჩემი დაკვირვებით, ‘ხურმა’ პოეტების ყველაზე საყვარელი ხილია და არაერთი ავტორის შთაგონების წყარო გამხდარა, შესაბამისად მას ბევრი პოეტის მხატვრულ ტექსტებში ვპოულობთ, ხან ტროპის სახით, ხანაც ზამთრის პეიზაჟის დასახატად. საქართველოში ძირითადად კავკასიური და იაპონური ხურმა ხარობს. როდესაც კარალიოკი მოილევა, ხურმები მერე იწყებენ დამწიფებას და ნოემბერ-დეკემბერში ხშირად გვინახავს დათოვლილი ხურმების სილამაზე ფოთლებგაძცვული ხეხილის გარემოში. თოვლის სითეთრე, შაშვების სიშავე და ხურმების სიყვითლე ქმნის პოეტურ ფერთა კონტრასტს, ეს ის ძირითადი მიზეზებია, რატომაც იქცევს ეს ხილი პოეტთა ყურადღებას.
ცალკე თემაა ჩამწიფებული ხურმის არომატული გემო, თუმცა ხურმა შეიცავს ტანინებს, რომლის მიღება ცხიმოვან საკვებთან ერთად იმდენად სახიფათოა, რომ ზოგჯერ ოპერაციული ჩარევა ხდება საჭირო. აღსანიშნავია ცნობილი ანდაზა: “ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო?!”.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რითმა არის “ხურმებს-თურმე”, რომელიც სავარაუდოდ პირველად მუხრან მაჭავარიანმა აითვისა 60-იან წლებში. შემდეგ თხუთმეტჯერ მაინც გაიმეორეს სხვებმა. რაც შეეხება ხურმასთან დაკავშირებულ შედარებებს, ამ საუკუნეში გოჩა სხილაძემ მნათობს შეადარა, ეკა ქაჯაიამ ნათურას, დიანა ანფიმიადმა ფარანს, რაულ ჩილაჩავამ -მთვარეს. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი შედარებები ძველი დროის პოეტებსაც მოსვლოდათ თავში, თანაც არაერთხელ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მიერ საუცბათოდ შეკრებილ 30 ნიმუშზე სამჯერ მეტის მოძებნა შეიძლება, იმ ასობით ათას ლექსში, რომელიც ქართულ ენაზე დაწერილა.
სიტყვაზე ვამბობ,
თავს კი არ გადრი,
ჩემი „სიკეთის“ არ იყოს, თურმე
რა ცოტამ შენი იცოდა ყადრი,
რა ბევრის თვალში იყავ შენ ხურმა.
მ. მაჭავარიანი
1970
თენდება,
შაშვების ნაკენკ ხურმებს
ყინვა მაქმანებით რთავს,
შენთვის ყველაფერი შემიძლია თურმე,
შენთვის გავიმეტებ თავს…
მ.ხუცურაული
2008
ანდა გამიშვი…შეხედე ხურმებს
ბოლოშავების გუნდი ასხია.
აქ რა მოწყენა ყოფილა თურმე.
მოულოდნელი ტყვიის დასხლეტა.
გ. ზედვაკელი
2009
ვიღაც ფანჯრიდან მომესალმა და მომიკითხა.
ხურმის ხის ერთი ტოტი იყო –
ქარით რხეული,
ირწეოდა
და ფოთოლთა სიმწვანეში
მზეზე ბრწყინავდა.
ბიჟან ჯალალი
მთარგმნელი: გ.ლობჟანიძე
2010
აქეთ გზაა ილმისი, ირმის კვალი, ურმები,
ნათობს მისი ივლისი, ნათობს მისი ხურმები,
არის ცისარტყელები – ფერი ციცარ-იელის.
ვიცი ქარის ხელები მკვდარი სიცარიელის.
გ. სხილაძე
2013
ხარ ურმის თვალი, ხარიც, ზუალიც,
ვალების ხარბი გარდუვალობაც,
ცად ხურმის ტოლა მნათობთ უფალიც,
უაალო დროს გედის გალობაც.
გ. სხილაძე
2013
ნოემბერს ვეღარ შევეკედლებით,
თოვს, ზამთრის ბინდში ანთებულები,
მხოლოდ ხურმები შერჩნენ დეკემბრის
ხეებს,- უჭაღო ნათურებივით.
ეკა ქაჯაია
2017
დავწიე მინა… ეს ქვეყანა აქედან თურმე
რა ბრწყინვალეა, რა წარმტაცი, რა გასაკვირი!
მოულოდნელად შეპარვია სიყვითლე ხურმებს
და ძილმორეულ ტყეს აღვიძებს დილის საყვირი.
რ. ჩილაჩავა
2017
მკვდარს დავესიზმრე გუშინწინ თურმე,
უცნაურია ამის ატანა…
დედა მზის გულზე ახმობდა ხურმებს,
ჩემთან, ქალაქში გამოსატანად…
პეტრე კოლხი
2017
რა დრო გასულა, თურმე!
და ყვლაფერი, თითქოს,
გაჰყვა ხარებს და ურმებს.
ჩიტის გუნდები კვლავაც
შეესევიან ხურმებს.
სხვა რა ვიღონო?-
გული მოგონებებით ვკურნე.
ა. ჩინჩალაძე
2018
შენ ჩამოასხამ ოჯალეშის ღვინოს საწამლეს.
გახედავ, გარეთ გაკიდული ტკბილი ხურმები
თუღა ჩამოხმნენ შესანახად
და მეზობლის ბავშვს,
სახე აჭარხლულს – თვითონ ბავშვი გაეხუმრები.
ნ. დარასელია
2019
რა გამჭვირვალეა დეკემბერი.
ამ ტიტლიკანა ხურმებს,
ისევ მაღალი სიმინდები მირჩევნია.
ი. ტაბაღუა
2019
ცივ სარკმლიდან
თვალს შევავლებ სიმარტოვეს,
როგორც ხურმებს
შემოსეულ ბოლოშავებს.
ალეკო ბელთაძე
2019
ვიხსენებ თრთოლვით ჩვენს ეზოში დაფიფქულ ხურმებს,
და მესმის თითქოს მარაკიდან კიკინი თხების.
მე უნებურად თოვლის ყოველ მოსვლაზე ვფრთხები
და ვხედავ: მიაქვთ ჩემი წლები საწუთროს ურმებს.
რ.ჩილაჩავა
2020
რთავენ ფიფქები ოქროსფერ ხურმებს,
თეთრი თუნთია მიყეფს ეზოდან…
თოვაში დგომა უმიზეზოდაც
რა საამური ყოფილა თურმე!
რ. ჩილაჩავა
2020
არ შესცივნიათ შემორჩენილთ ხეებზე ხურმებს,
ბეთლემს, იმ ღამით, სიყვარული ათოვდა, თურმე…
მანანა ტონია
2020
განვიცდი შიშველ ხეების ურვას,
დავცქერ ბალახის მტვრიან გობელინს
და კენწეროზე შერჩენილ ხურმას,
შეჰყურებს ქარი,როგორც გოგენი.
ზ. მეტრეველი
2021
მივხვდი, წიწილებს შემოდგომით ითვლიან, თურმე…
ისიც გავიგე, “ავტოები რად ცვლიდნენ ურმებს”…
მას კი ვერ ჩავწვდი, როცა მისი ფასის არ ესმით ,
ვირებზე რატომ ხარჯავს ხოლმე, უფალი ხურმებს??!!
ა. ირომაშვილი
2021
როცა თოვლია და –
მწიფე ხურმებს,
სახე მაინც უჩანთ ფიფქებს შორის, –
კიბის ჩამოტეხილ საფეხურზეც,
თითქოს ღამე იდგეს ქრისტეშობის.
ბ. სულაძე
2021
ვისხედით, ქალაქს გავყურებდით,
სხვაგან უკეთესი მეგულება.
თითქოს ზამთრის ხეზე ხურმა ესხას,
შაშვებს კი ახლოსაც არ უშვებდეს.
ნ. გიორგაძე
2021
ქარში გამოფენილ ხურმებს,
უკვე, შეუწირავთ წვენი…
ისე ჩამომხმარან, თურმე,
როგორც ტკბილი სიყრმე, ჩვენი…
თამთა მუმლაძე
2021
თოვლში გუნდაობენ ბავშვები,
ირგვლივ ბეღურების ხმაც არი.
რა მალე ჩააქრეს შაშვებმა,
ყვითელი ხურმების ხანძარი.
თ.ჭახნაკია
2022
ფოთლები ჩაქრა,
ხურმის ფარნები ჩაიწვა,
გაიფანტა ქინქლების ნაპერწკლები.
დამთავრდა ჯადოქრობა,
ყველაფერი გამარტივდა.
დიანა ანფიმიადი
2023
უხეშ ზამთარზე, სადაცაა რომ მოგვადგება…
თოვლზე მეტად, შიშველა ხურმებს რომ იხდენს, როგორც მამალი შაშვი – იმფერ ნისკარტს.
ი. ტაბაღუა
2023
გაუკვირდებათ, სულს ჩუმად თურმე,
კორტნი იჯიჯგნი და ვერ იოკებ
და სადაც გუშინ ელოდი ხურმებს,
დაცვენილს ხვდები კარალიოკებს…
მიშო გაბუნია
2023
ზედ კენწეროზე შემორჩენილ ერთადერთ ხურმას
თოვლიან ღამით მთვარესავით გააქვს კიაფი.
რაულ ჩილაჩავა
2024
ხურმას შესძახეს: “აბა თქვი,
ვინა ხარ, ანდა რა ხილი!”
მაგრამ შეჩერდნენ, მოესმათ
მათ უცნაური ძახილი…
გ. შატბერაშვილი
1948
ესმის განა იდუმალ ყველას ძახილი?!
ხურმა განაღა იცის ყველამ
არის რა ხილი?!
მ.მაჭავარიანი
მე მესეოდენ, ვით ჩიტი ხურმას
და ვინც მეწვია
ოჯახში სტუმრად,
კაცი მეგონა
მგელიც და ტურაც.
მედეა კახიძე
პურის მზადება ვინ სთქვა,
რა უნდა გვარგოს პურმა,
სიცოცხლე მიდის, განა
ხვალაც მოისხამს ხურმა.
გალაკტიონი
ფოტო: ბადრი ვადაჭკორიას






















