
…აღარ მოვყვები
ცეცხლისა თუ მზის ცხელ-ცხელ ამბებს,
ისედაც ვიწვი…
მოთქმაა,
კვნესა კესანების სველი თვალების…
თქვენ კი არ გესმით…
მომეცით კეტი,
ჩემი ბედის ბეჭდის ბადახში,
ნამსხვრევებად უნდა ვაქციო.
რომ სიმამაცის,
რწმენისა და შენდობის ძალა…
ძალა შერწმის და არ წარწყმედის
შემოგაწიოთ !
და მინდა გითხრათ,
მთავარია , არ იყოთ ძმერხლი!
ძმერხლი მკვდრის გულზე
დახვავებულ ვარდთა ხროვაში…
და თუნდ იყავით
ანატკეცი,
ნამსხვრევი,
მტვერი,
ოქროცურვილი,
სირმა მზის ან
ბწკარი ბადახშის…
რომ ამდენ ქვაში,
ამდენ ღორღში,
ამდენ ბალასტში,
წმინდა ქვებად ან
წმინდა ძვლებად ამოგარჩიოთ …
მზია სალვარიძე


























