ირაკლი ნადარეიშვილი
მოგონების ციხეში
ძველი ფოტოალბომის მტვერდადებულ სივრციდან,
მაშინ, როცა მეგონა შენს მიმართ რომ გავნელდი
და სიძველის სუნივით, დაობებულ სკივრიდან,
მტანჯველ მოგონებებად ამოკორიანტელდი.
წამით, სუნთქვა შემიკრა გრძნობამ, არსად წასულმა,
სიყმაწვილე მიმზერდა ეჭვით სულის სოროდან,
თითქოს, გზაგასაყარზე დამსვა, ისევ, წარსულმა,
რომ სინანულს ეფრქვია მტვერდადებულ ფოტოდან.
მიღიმოდი პირველი პაემანის კადრიდან,
ისევ, ისე ნორჩი და ისევ, ისე ჯიუტი,
აფსუს, იმ დროს, გონება რომ არავის გადრიდა
და ამ გულში გამჭოლად, როცა გამიციბრუტდი.
დღესაც თითით ჩამოგწმენდ მტვერს მომღიმარ სახიდან,
მერე, ისევ, დავხურავ მოგონების ზარდახშას,
დავიწყებას დავიწყებ მერამდენედ თავიდან
და ალბომში დავმალავ მას, რაც ჩვენგან გადარჩა.
ძველი ფოტოალბომის მტვერდადებულ სივრცეში,
შენ განაგრძობ უბერებ, საიდუმლო ცხოვრებას…
და ის, ვინც ჩაამწყვდიე მოგონების ციხეში
ალბათ, ახლა სახეზეც აღარ გემახსოვრება.
22.08.2024 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
























