Temo Hchakhnakia
ქართული რითმის ლექსიკონისთვის
საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით “სტრიქონი” – წიგნში ან ხელნაწერში ერთ ხაზზე მოთავსებული ტექსტია. არსებობს ლექსის სტრიქონიც, რომლის სინონიმებია ‘ბწკარი’ და ‘ტაეპი’.
ზემოაღნიშნული ლიტ. ტერმინი ყველაზე მეტად კლასიკურ ლექსს დაუკავშირდა და მის თეორიაში, ასევე მხატვრულ ქსოვილშიც სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი, როგორც ხშირად გამოყენებულმა სარითმო ლექსიკურმა ერთეულმა.
ბევრ კონვენციურ, ქართულ ლექსსა თუ თარგმანში სხვადასხვა ვარიაციით ვხვდებით ისეთ დაქტილურ სარითმო წყვილებს, როგორიცაა: სტრიქონებს-ვიგონებ, სტრიქონი-ქორონიკონი, სტრიქონი-გამოვიგონე, სტრიქონი-სტიქიონი, ეს უკანასკნელი იშვიათია.
გამოჩენილი ცისფერყანწელი პოეტი და ლიტერატორი ვალერიან გაფრინდაშვილი 1920 წელს “შვილდოსანში” დაბეჭდილ წერილში “რითმა და ასონანსი”, ბევრჯერ გამოყენებულ რითმებს უხეში, მაგრამ შესაფერისი ტერმინით “პატივახდილით” მოიხსენიებს, მის ანტონიმად კი “უქალწულესი” აქვს ნახსენები.
ვ. გაფრინდაშვილი რა თქმა უნდა სხვა გაცვეთილ რითმებს გულისხმობდა. მას შემდეგ საუკუნე გავიდა და იმდენმა და იმდენჯერ გაიმეორა ზემოაღნიშნული რითმები, რომ ისინიც ‘გაბახდნენ’. ეს პროცესი 21-ე საუკუნეში დაიწყო და საუკუნის პირველ მეხუთედში დასრულდა.
მაინც ვის და რომელი წესის მიხედვით შეიძლება მივაკუთვნოთ კონკრეტული სარითმო წყვილის(საავტორო რითმა, ლ. ბრეგაძე) ავტორობა, რომლის გამეორება, საავტორო უფლების დარღვევად თუ არა, დასაგმობ და გასაკიცხ საქციელად უნდა მივიჩნიოთ? აღნიშნული რითმები ალბათ ვერ ჩაითვლება ძნელად მისაგნებად და ორიგინალურად, ამიტომ უფრო საყოველთაო რითმებია, და ალბათ ყველას აქვს უფლება მისი გამეორების, თუმცა უმჯობესია უკვე მოერიდოს, ხოლო თუ აითვისებს, რაღაც განსაკუთრებულ აზრს მოარგოს, რათა მოახდინოს მისი გაცვეთილობის კომპენსირება.
ჩემი დაკვირვებით, მათგან ყველაზე მეტჯერ გამეორებული რითმაა “სტრიქონებს-ვიგონებ”, აქ სიტყვა “ვიგონებ” შინაარსობრივად იგივეა, რაც “ვიხსენებ”.
ეს ომონიმური სიტყვა ასევე გაიგება, როგორც “ტყუილი ამბის შეთხზვა” და “რაიმეს გაკეთება, გამოგონება”.
დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ვინ აითვისა პირველად, თუმცა დანამდვილებით ვიცი, 1953 წელს ჯემალ ინჯიამ დაწერა ლექსი “ხანმოკლე შეხვედრა, სადაც ზემოაღნიშნული რითმაა ათვისებული, ასევე ჟურნალ “ცისკარში” 1965 წელს დაიბეჭდა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი
“ლეჩხუმის გახსენება”, სადაც გამოყენებულია აღნიშნული რითმა.
საილუსტრაციოდ მომყავს სხვადასხვა ავტორთა სტროფები.
წახვედი,კვლავ გხედავ ყვავილებს
იკონებ,
აქა- იქ ამბობენ– ეს ტურფა
ვინ არი…
ეს მოგონებაა, მხოლოდღა
გიგონებ.
რა კარგი იქნება, აქ იდგე
მღიმარი
და გულში იკრავდე პოეტის
სტრიქონებს.
ჯემალ ინჯია
1953
მე ახლა როცა ლეჩხუმს ვიგონებ,
მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს,
ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს
და ორბელივით ავდივარ ცამდე.
ჯანსუღ ჩარკვიანი
1965
” როცა ვიგონებ მე შენს სტრიქონებს” (ლექსი მიძღვნილი ნ. ბარათაშვილისადმი)
სიო კალანდაძე
1968
თქვენ ალბათ იტყვით: ისევ ვიგონებ
და არც გეყოფათ ალბათ სიცილად,
თუ ტანში ისე მწიწკნის სტრიქონი,
თითქოს იცილებს ნაჭუჭს წიწილა.
შოთა ნიშნიანიძე
1973
სონეტი XXXVIII
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: ალ. ელერდაშვილი
2003
კვლავ ნაპირისკენ გამომრიყავს ჩემი სტიქია
და სულის ღელვას გამოსტაცებს მსუბუქ სტრიქონებს…
ასე უღონომ რა ვიღონო ვერ გამიგია
და ყოველ ღამით გაღვიძების მიზეზს ვიგონებ…
ნატო ღონიკიშვილი
2006
წამო, წავიდეთ, მე ისევ ჩემს მხარეს ვიგონებ,
იქ სიყვარულზე საუბრობენ კვლავაც ღმერთები,
ლექსად დაგიფენ ბილიკებზე ცეცხლის სტრიქონებს,
თავად მეც ცეცხლის ენებივით შემოგენთები.
მიშა ღანიშაშვილი
2009
იმ პირველ ლექსებს ვიგონებ,
რითმის კიჭივით ამოჭრას,
ტოტებშეტეხილ სტრიქონებს,
ღრუბლის ეტრატად გამოჭრას.
ნუკრი ბერეთელი
2010
ხელახლა ვკითხულობ დაწერილ სტრიქონებს,
ვამოწმებ წარსულთან კავშირს,
დროში გაცრეცილ სურათებს ვიგონებ,
სანამ დრო თავად წამშლის.
ლადო კახიძე
2016
ოდესღაც მიყვარდი?! – არ ვიცი,
ამდაგვარს ვერაფერს ვიგონებ,
გრგვინვა რომ მოჰყვება ქარიშხალს,
ჩემს შენგან დაწყევლილ სტრიქონებს.
ტარიელ ხარხელაური
2019
მოიძევება მეძავი მარდი,
განსაქარვებლად ოხერი დარდის.
სიტყვა უშვერი ამკობს სტრიქონებს,
ყურით მოთრეულს ვერრას ვიგონებ.
გია მირზაშვილი
2020
წლები დამწვარა… ცხოვრებაა დიდი ხანძარი,
ფერფლივით ფანტავს სინანული ლექსის სტრიქონებს.
ვზივარ დაღლილი, მაგრამ, თითქოს, მაინც მართალი
და ვერმოხდენილ წარსულების კადრებს ვიგონებ.
გიო სარალიძე
2023
ჩემი ზანათის წვრილი ფშანები
ემგვანებიან ლექსის სტრიქონებს…
მე კი – ნაძოვარ ცხენს ვემგვანები,
როცა ზანათის მინდვრებს ვიგონებ…
ბათუ დანელია
2023
განსაკუთრებული კეთილხმოვანი და დაქტილური რითმა “სტრიქონი-ქორონიკონი”, 1951 წელს აქვს ათვისებული რეზო თაბუკაშვილს შექსპირის 77-ე სონეტის თარგმანში, რომელიც მაღალი ალბათობით პირველად გამოყენების პრეცენდენტია. აღნიშნული რითმა სამ სხვადასხვა ლექსში აქვს გამეორებული შოთა ნიშნიანიძეს და ალ. ელერდაშვილს შექსპირის სონეტების თარგმანებში. ასევე სხვა პოეტებთანაც ფიქსირდება, მათგან აღსანიშნავია ლაშა გახარიას 2004 წელს გამოქვეყნებული ცნობილი ლექსი “პოეტი”, რომელიც პოპულარული გახდა. ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს:
77-ე სონეტი
სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს,
დაკარგულ წუთებს – საათების ქორონიკონი,
მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს,
ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი
1951
ტოტი ვარ!–გაფოთლილი სტრიქონი,
- ბუნების ძღვენი თუ ტარიგი.
ბუდედ ჩანს ქორონიკონი - ჩემი დაბადების თარიღი.
შოთა ნიშნიანიძე
1973
მზე ესვენება ხმლის მაგიერ ქართულ ქარქაშში
და უხმოდ ტირის ყრმა იესო დედის კალთაში…
ამ წუთას, როცა იმ ნაფლოქვარ დრო-ჟამს ვიგონებ,
მონღოლის ცხენი ლაგამივით ხრავს ჩემს სტრიქონებს.
შოთა ნიშნიანიძე
თუ გადასწევდა ქორონიკონებს
და ისკუპებდა ციხის გოდლიდან,
ლექსს შეტეხავდა ნედლ-ნედლ სტრიქონებს
და სალამურა-სტვირს გამოთლიდა.
შოთა ნიშნიანიძე
ვისთვის ღვინო და
ვისთვის – წყალია;
ქარია მისი
ქორონიკონი.
პოეტი ზოგჯერ…
ერთი პწკარია –
ყაყაჩოსავით
ცხელი სტრიქონი.
ლაშა გახარია
2004
სონეტი X
გთხოვ შეიცვალო შენ განზრახვა მარტოობისა,
რომ მეც სიკეთე ჩავაქსოვო ლექსის სტრიქონებს,
იყავ მოსურნე დაბადების, შექმნის, შობისა…
რაც შენს ხსენებას გადააწვდენს ქორონიკონებს.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: ალ. ელერდაშვილი
2004
სონეტი XVIII
შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით,
ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს,
სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით,
როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: ალ. ელერდაშვილი
2004
სონეტი LXXIV
რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,
რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,
რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი
მოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: ალ. ელერდაშვილი
2004
ვისაც უთვლია ქორონიკონი
და ვინც აუწევს დიდგორს ფიალას,
ვისაც გაბურძგლავს ჩემი სტრიქონი
და ვისი გულიც შეიძგრიალებს.
კობა ჭუმბურიძე
2011
ჩაადუღაბა კედლებში ჟამმა,
ქართლის ცხოვრების ყველა სტრიქონი,
გადააქცია მარადისობად
მატიანე და ქორონიკონი.
ია ხარძეიშვილი
2022
ეს სარითმო წყვილიც “სტრიქონებს-გამოვიგონებ” რეზო თაბუკაშვილს აქვს ათვისებული 1975 წელს, შექსპირის 108-ე სონეტის თარგმანში. იოლად მისაგნები რითმაა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პოეტთა ლექსებშიც იქნება უდავოდ. მოვიყვანოთ რამდენიმე სტროფი ქართული პოეზიიდან, სადაც ვიპოვით აღნიშნულ რითმას:
სონეტი 108
გონებავ, ნუთუ კიდევ რამეს გამონახავდი,
რაიც არ უთქვამთ აღზევებულ ლექსის სტრიქონებს,
ამაო არის სიყვარულის ძველი ღაღადი,
რადგან შენს ქებად ახალს ვერას გამოვიგონებ.
უ. შექსპირი
მთარგმენელი: რეზო თაბუკაშვილი
1975
შენ, როგორც ლექსის სულ სხვა სტრიქონი,
სანამ ავტორი იმ ციკლს შექმნიდა,
როგორც სიზმარში მომხდარს ვიგონებ,
მოულოდნელად ჩემი ნეკნიდან.
ბორის პასტერნაკი
მთარგმნელი: ვ. კოტეტიშვილი
მხოლოდ ამნაირ ომებს სალამი!
ომში ვარ… ვიბრძვი, ფანდებს ვიგონებ…
ჭრილობებს როდი ვითვლი – არამედ
ჭრილობებივით დახსნილ სტრიქონებს.
შ. ნიშნიანიძე
მივუშვი ფიქრებს სადავე და
ფიცხელ სტრიქონებს
ყელზე მძივივით ჩამოვკიდე
რითმის ეჟვანი,
სამყაროს მიღმა სხვა სამყარო
გამოვიგონე,
ჟრჟოლვად ედება გულს სიმხნევე
გარდანქეშანის.
აკაკი თევზაძე
1988
და, აჰა, შვებით ვგრეხ უკანასკნელ სტრიქონებს
- ხელგაშლით ვანიავებ მათხოვრის ქონებას.
ნახე – სატრფო და მეგობარი გამოვიგონე.
ღალატს რად უნდოდა გამოგონება.
ზაზა ბიბილაშვილი
1996
სონეტი XXVI
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
უ. შექსპირი
მთარგმნელი: ალ.ელერდაშვილი
2003
მაშინაც ვწერდი…
ვისწავლე ქარგვა –
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს…
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ…
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!
ცირა ბარბაქაძე
2010
რადგან დუმილიც პასუხია ზოგჯერ. და უფრო
მეტად მგონია დაამშვენებ ბოლო სტრიქონებს,
რომ შეგიძლია წუხილები პოეტს გაუქრო
სულ ტყუილია. მე უბრალოდ გამოგიგონე.
ჯანო შენგელია
2014
დაღლა დაეტყო რადგან სტრიქონებს…
უბრალოდ, ყოფას არ ჰყოფნის სუნთქვა,
ნუთუ, დრო თავად გამოვიგონე
და რაც ვთქვი, ისიც ამაოდ ითქვა…
რამაზ ბერაძე
2015
ასე ახშობენ დუმილით ურვებს
და აყოლებენ უთქმელ სტრიქონებს,
არც სახლი მქონდა, არასდროს თურმე,
უბრალოდ, ჩემთვის გამოვიგონე.
რონა ბუბუტეიშვილი
2022
ჯემალ ინჯიას
სამყაროს
ვეღარ გამოვიგონებთ,
რა უნდა გვითხრას
დროის მრიცხველმა.
ლექსი იწყება ერთი სტრიქონით,
პოეტი ლექსზე ადრე იწყება.
გურამ ჯახუტაშვილი
2024






























