Megi Mologini
სანამ დამხატავ
” შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ… “
/ ამადეო მოდილიანი /
სანამ დამხატავ, ჩემო მხატვარო,
სული შეიცან, გულში ჩამხედე…
ვიღაცა თვლის, რომ თაფლაკვერს ვყვარობ
და მუზა დილით ტკბილ ლექსს მახვედრებს…
მავანისათვის ბამბის ფთილა ვარ,
სტერილური და ფიფქთან ნაწოლი…
თურმე ტერფითაც ვათბობ ფილაქანს
ჰაეროვანი, ვერმისაწვდომი…
მე თურმე ქმრისგან ნაფუფუნები,
ვწურავ შარბათებს ტკბილი სიზმრების
და უზრუნველი ცოლის ბუნებით
მშვიდი ლექსების ღვინით ვიცლები.
არადა, ვიწვი პწკარით ვნებული,
ჩემი სტროფების მტანჯველ ღამეში,
როს ზღვის დონიდან ცხუმწართმეული
სევდის უძირო ფსკერზე დავეშვი…
მე გულის ნამწვი პეშვით ვაგროვე
აბედისათვის, ნარჩენ სიცოცხლის,
სულ რომ მახსოვდეს, რაც იქ დავტოვე,
მარადი შვილის ნაჩვევ სიცხოვლით…
და როს ძლივსმფეთქავ გულისფიცარზე
მიწა ასკდებათ ფესვდამხმარ მუხებს,
ტყუილ-მართალის წვიმა მინაცრებს
ლოცვისას დამზრალ დაქანცულ მუხლებს.
ახლა შევყურებ ცას უტყვი ფიქრით,
(აზრი დაკარგა ლამის, ვედრებამ)
და ნებიერის, ჩემთვის მე მიკვირს,
ბრალ-ეპითეტი რომ ემეტებათ.
ნუთუ გგონია, თაფლაკვერს ვყვარობ
და მუზა დილით ტკბილ ლექსს მახვედრებს…
სანამ დამხატავ, ჩემო მხატვარო,
სული შეიცან, გულში ჩამხედე…
მეგი მოლოდინი





























