Sopo Nemsadze
მკითხე და გეტყვი!
(დიალოგი საკუთარ თავთან)
-რას ვაფასებ?
-სიცოცხლეს! პრინციპში ფასდაუდებელია ყველა ამოსუნთქვა.
-რისთვის ვცხოვრობ?
-ბევრი რამისთვის… თუნდაც იმისთვის, რომ ვარსკვლავებს ვუდარაჯო, რათა მარტოდ არ იგრძნონ თავი.
-ვინ მიყვარს?
-პირველ რიგში ჩემი ოჯახი, მერე კი დანარჩენი სამყარო.
-რა მიყვარს?
-ხმები… ადამიანების, ცხოველების… მათი ნაბიჯების და საერთოდ ბუნების ხმები მიყვარს გასაოცრად.
-რა არ მიყვარს?
-მოდით, უარყოფითებზე ნუ ვისაუბრებთ!
-ვინ ვარ?
-არ ვფიქრობ რომ უადგილო კითხვაა. მართალია… ჯერ ადამიანის შინასრსს უნდა ჩაწვდე ოდნავ მაინც, მერე კი მისი ვინაობით დაინტერესდე.
-სოფო ვარ, ნემსაძე, კალამზე შეყვარებული და მასზე გულით მინდობილი მორითმე გოგო, უბრალო ადამიანი , დოზირებული სითამამითა თუ კომპლექსებით “შემკობილი”. ზოგისთვის საყვარელი და მოაზროვნე, ზოგისთვის ბევრისნაირი და არაფრისმთქმელი, ზოგისთვის კი შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულიც.
-რაზე ვწერ?
-ამაღლებულ გრძნობებზე, განცდილზე და განუცდელზეც… ფანტაზია ჩემი დიდი მეგობარია.
-თუ მყვარებია?
-ზედმეტადაც კი.
-თუ მივუტოვებივარ?
-თავისი ნებით მხოლოდ მუზა მტოვებს ხოლმე.
-ფიქრობთ წვიმა მეყვარება, როგორც ყველა რომანტიკოსს?..
-იცით?- რომანტიკას მზის სურნელში უფრო ვგრძნობ მე.
-წელიწადის რომელი დრო?
-გაზაფხული, განსაკუთრებულად! სიცოცხლეზე მყვირალი მარტი, სიყვარულით დამთვრალი აპრილი და ბედნიერებად დაგვირგვინებული ვარდობისთვე.
-საყვარელი ყვავილი?
-ია, უმწეო და მაინც, ყველაზე ძლიერი ია. სიცოცხლე ვახსენე… სწორედ იას ჰკიდია მხრებზე სიცოცხლე და თვალის გახელვისთანავე აფხიზლებს მასაც. სურნელი კი ტყემლის ყვავილის მიყვარს, მასზე საოცარი სუნი ალბათ არაფერს აქვს ამ სამყაროში.
-როგორი უნდა იყოს ჩემი საოცნებო სამყარო?
-ფერებს დავამატებდი, კიდევ ღიმილებს. მინდა ადამიანებს ხშირად უციმციმებდეთ თვალები სრულყოფილი არსებობისგან.
-მხიარული თუ ვარ?
-მოდი ასე ვიტყვი, მხიარულიც ვარ, უფრო ხშირად კი მხიარულად ვარ. არავის არ მოწონს მომტირალ ადამიანთან მუდმივი ყოფნა, მათ შორის არც მე. გეღიმება თუ არ გეღიმება, მაინც უნდა ეცადო შენი პრობლემით და სევდით სხვა არ შეაწუხო, მეგობარიც კი… მერე რა რომ მას შეუძლია ყველანაირი უყვარდე?- საზღვარი ხომ ყველაფერს აქვს?
-მეგობრები?
-იმდენი და ისეთნი მყავს, რამდენიც და როგორებიც ჩემი სწორი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.
-შეცდომებს თუ ვუშვებ?
-ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ვიცი რომ იმ რაღაცის გაკეთება შეცდომაა…
-გულახდილობა?
-ჩემია, ჩემშია… სათქმელი გულიდან უნდა ამოიღო, სიმართლე უნდა იფრქვეოდეს შენი პირიდან. გეკითხებიან?- თუ სიმართლის თქმა არ შეგიძლია, მაშინ გაჩუმდი, ტყუილსაც ნუ იტყვი. კარგის თქმა არ შეგიძლია? ცუდიც არ თქვა. ენა შენია და შენვე უნდა დაიმორჩილო.
-ოცნება?
-მაქვს, ახდენილიც და აუხდენელიც. ზოგადად ოცნებაზე შეყვარებული გოგო ვარ. ზოგჯერ წარმოსახვებს ვაცოცხლებ ხოლმე გონებაში, მერე კი მის სიცხადეზე ვოცნებობ.
-მიზანი?
-მაქვს, ხან ერთი, ხანაც ბევრი. იცი რა?- ადამიანები ვიბრძვით ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად და როცა ვაღწევთ მას, სიხარულის ნაცვლად ხშირად დაღლილად ვგრძნობთ თავს, რადგან მიზნის მისაღწევი გზების ძიება და პოვნა ერთგვარი ომია, თუმცა სასიამოვნო პროცესიცაა, უდავოდ!
-რისკი?
-ცოტათი მშიშარა ვარ, რა თქმა უნდა რიგ საკითხებში.
-თუ დავცემულვარ?
-არსებობს ვინმე, ვინც მუდმივად ფეხზე მყარად დგას?
-მარტივად თუ ვნებდები?
-მარტივად არა, ზოგჯერ კი, როცა ვხედავ, რომ გაჯიუტებას აზრი არ აქვს.
-და მაინც… რას აქვს აზრი?
-სიცოცხლეს, სიცოცხლეს და კიდევ სიცოცხლეს!
-ამის მერეც გინდა მკითხო?
/სოფო ნემსაძე/
































