Gürcü Haber: 17 დეკემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს , წმინდა ბარბარე ცნობილია, როგორც ბავშვების მფარველი წმინდანი , სამოციქულო ეკლესია წმინდა ბარბარეს დიდმოწამე ქალწულადაც მოიხსენიებს . ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ეკლესიასთან ერთად ქრისტიანული ტრადიციის მქონე ოჯახებში განსაკუთრებული სიყვარულით, დიდი მოლოდინითა და რაღათქმა უნდა ლობიანით აღინიშნება . ლობიანი, ცნობილი ქართული ცომეულის ნაირსახეობაა, ბარბარობისთვის ქართველი დიასახლისები სპეციალური სამზადისით, ლობიანს დააცხობენ . ლობიანის სამშობლოდ საქართველოს ულამაზესი კუთხე, რაჭა ითვლება. რაჭის ლობიანი მაინც სხვაა, ასე იტყვიან საქართველოში, რაჭაში მცხობელობა მეტად განვითარებული და დიდი ტრადიციების პროფესიაა. რაჭაში მცხობელები არა მხოლოდ ქალბატონები-დიასახლისები არამედ მამაკაცებიც არიან.


წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში.
მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს, მამამისს, მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული — ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.
მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.
ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.
ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.



























